ამბები

21:52 | 21.11.2014 | ნანახია 2691 - ჯერ

წლის ბოლო ჯახი გიორგობა დღეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, შარშანდელის მსგავსად, წლევანდელ ბოლო შეხვედრას 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს გამართავს და იაპონიის მძლავრ გუნდს დაუხვდება.

შარშან წელიწადი დიდი ზეიმით დასრულდა, რადგან პირველად ქართული რაგბის არსებობის ისტორიაში, “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულში მყოფი სამოა 16:15 დაამარცხეს და გულშემატკივარსაც ბრწყინვალე დღესასწაული ასე მიულოცეს. ახლაც თამაში გიორგობის დღესასწაულზე გაიმართება, ადგილი კვლავ “მიხეილ მესხია”, მაგრამ შეიცვალა მეტოქე და ამჯერად ქართველები რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი იაპონიის დამარცხებას ეცდებიან, რომელთანაც შარშანწინდელი “ვალიც” გვაქვს დასაბრუნებელი.

იაპონიას საქართველოს ნაკრები აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა. აზიელებთან ნაცნობობა 2006 წლის ნოემბერში დამყარდა, როდესაც კუნძულს საქართველოს ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით ეწვია და 7:32 დამარცხა. მას შემდეგ იაპონიაში რაგბი დიდი ნახტომებით განვითარდა, თუმცა, შარშანწინ მათი დამარცხების იმედი მაინც დიდი იყო. მაგრამ ის დღე “ბორჯღალოსნების” არ იყო და დამატებულ წუთებზე გაშვებული არეკნის შედეგად მასპინძელები 22:25 დამარცხდნენ. მაშინვე ითქვა, რომ იაპონია საქართველოს მომავალშიც ესტუმრებოდა და საქართველო რევანშის აღებას ეცდებოდა, ახლა კი, ეს გუნდი საქართველოშია და მატჩისთვის ემზადება.

23 ნოემბრამდე საქართველოს ნაკრები “მიხეილ მესხზე” ტონგასთან 9:23, ხოლო დუბლინში ირლანდიასთან 7:49 დამარცხდა. ამ თამაშებს ერთი საერთო ჰქონდა - ქართველებს თითქმის არ შეუტევიათ და მხოლოდ დაცვაში თამაშობდნენ, ასე კი, წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. შეცვლის თუ არა მილტონ ჰეიგი ტაქტიკას, “მიხეილ მესხზე” 17 საათიდან გამოჩნდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება და მათი ფასი 3 და 5 ლარია.

იაპონელებმა საქართველოში ჩამოსვლამდე სამი შეხვედრა გამართეს. პირველ ჯერზე ზელანდიელმა მაორებმა მათ შეცდომები არ აპატიეს, კონტრშეტევებზე დაბომბეს და 61:21 იმარჯვეს. ერთი კვირის თავზე იაპონელებს უკვე კარგად ჰყავდათ შესწავლილი მეტოქე და მაორებთან ისტორიულ გამარჯვებასაც მოიპოვებდნენ, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე სტუმრებმა დერეფნიდან ბურთი თამაშში სწრაფად შეიყვანეს, იაპონელთა დაცვამ დაწყობა ვერ მოასწრო და ლელო გაუშვა - 18:20. ერთი კვირის წინ აზიის საუკეთესო გუნდი ერთა თასზე ქართველთა უმთავრეს მეტოქე რუმინეთს ეწვია და ბუქარესტში 18:13 იმარჯვა. ახლა კი, ამომავალი მზის ქვეყნის სარაგბო წარმომადგენლები სერიის წარმატებით დასრულებაზე ფიქრობენ.

შარშანდელი სამოასთან ჯახი გავიხსენეთ და წლევანდელი შემადგენლობაში მისგან განსხვავებით დიდი დანაკლისია. ჰეიგის განკარგულებაში არაა მამუკა გორგოძე, რომელიც სამოასთან ისტორიულ მატჩში “ბორჯღალოსნების” კაპიტანი იყო და საუკეთესო მოთამაშე გახდა. მთავარმა მწვრთნელმა მოისაკლისა დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი, შალვა სუთიაშვილი, ირაკლი მაჩხანელი, რომელიც ტონგასთან დაშავდა და ირლანდიაშიც ვერ ითამაშა.

ერთი კვირის წინანდელ შემადგენლობასთან შედარებით, იაპონიას რამდენიმე ცვლილებით ვხვდებით. ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ხელის ტრავმა გაუმიზეზდა დიმიტრი ბასილაიას და მის ნაცვლად 8 ნომერზე ლაშა ლომიძე ითამაშებს. გამოდის, რომ ნოემბრის სამივე მატჩში შერკინების შემკვრელად თამაშს სხვადასხვა მორაგბე იწყებს (გიორგი ჩხაიძე, დიმიტრი ბასილაია და ლაშა ლომიძე). ირლანდიასთან დაშავდა უკანახაზელი ლაშა მალაღურაძე. თბილისში დაბრუნების შემდეგ, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და კვირას ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად მარქაფაში ბექა წიკლაური გამოჩნდა.

9 ნომერზე შეხვედრას ვაჟა ხუციშვილი დაიწყებს, ხოლო გიორგი ბეგაძემ თადარიგში გადაინაცვლა. თადარიგშია ახალგაზრდა გიორგი აფციაური, რომელიც ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებს. შერკინების მეორე ხაზში არაა კოტე მიქაუტაძე და პირველად ნოემბრის ტესტ-მატჩებში ერთმანეთს გიორგი ნემსაძე და ლევან დათუნაშვილი შეუწყვილდებიან.

23 ნოემბერი. კვირა

თბილისის. “მიხეილ მესხი”. 17:00 საათი

საქართველო - იაპონია

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. გიორგი აფციაური.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087432