რუსთავის “ხარების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ, ამა წლის ზაფხულში, როდესაც გუნდი ჩაიბარა, პირობა დადო, რომ პერიოდულად კლუბის გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს ანგარიშს ჩააბარებდა და განვლილ სამ თვეში სიტყვა უკვე მეორედ შეასრულა.
პირველად მან მიმდინარე პროცესებზე სამკვირიანი შესვენების დროს ისაუბრა, ხოლო ამჯერად არსებული მდგომარეობა პირველი წრის დასრულების შემდეგ შეაფასა. გარდა ამისა, მან “მსოფლიო სპორტთან” ქართულ რაგბიში არსებული მდგომარეობის მისეული ხედვა წარმოადგინა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პრაქტიკა სხვა გუნდებშიც დაინერგება.
ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომლის გადადებაც ჩვენის აზრით არასწორი იქნება - ბექა გორგაძის შემდეგ, “ხარებიდან” საფრანგეთის გზას კიდევ ერთი მორაგბე გიორგი მელიქიძე დაადგება და ის ოსტატობის დახვეწას “სტად ფრანსეს” ახალგაზრდულ გუნდში გააგრძელებს. მგელაძე მსგავს გადინებას არ იწონებს და ამბობს, რომ კლუბმა მისი აღზრდილის გასხვისებით რაიმე შემოსავალი უნდა მიიღოს, თუმცა, იმასაც ათვითცნობიერებს, რომ ახალგაზრდისთვის ასეთი მაღალი დონის გუნდში გადასვლაში ხელის შეშლა სწორი საქციელი არ იქნება.
ახლა კი, თავად მგელაძეს მოვუსმინოთ:
პირველი წრის შეფასება
“წინ უფრო რთული და დაძაბული თამაშები გველის და მინდოდა გულშემატკივრებს უშუალოდ გავსაუბრებოდი, სამწუხაროა, ისინი დღევანდელ შეხვედრას რომ არ ესწრებიან. პირველი წრე მეორე ადგილზე დავასრულეთ და ამ გუნდით ეს ძალიან კარგია შედეგია. ბოლო ორ მარცხს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, თუმცა ეს არ გვამართლებს. რეზერვი არ გვყავს, სასტარტო შემადგენლობის მორაგბეებს სრულფასოვნად ვერ ვცვლით და ხშირად, დაღლილი მოთამაშე უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე შეცვლაზე შესული. თუმცა, ფაქტია, რომ “ხარებს” მომავალი აქვს.
“ესპუარები” წაუგებლად თამაშობენ, ჭაბუკთა ლიგაში გუნდი პლეი ოფში გავიდა და პირველი თამაში დიდი უპირატესობით მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ გუნდს ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან შევსება ექნება. ახლა მომავალი ორი თამაშისთვის ვემზადებით. მართალია პირველ წრეში “ლოკომოტივი” და “არმია” დავამარცხეთ, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, ყველაფერი ნულიდან იწყება და თავიდანაა ეს თამაშები მოსაგები. მიზანი ექვსეულში მოხვედრაა და საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ იქ მეორე ადგილიდან მოვხვდებით. ამისათვის აუცილებელია მოთამაშეთა პროფესიონალიზმი ამაღლდეს და ყველა მათგანმა მიზნის მისაღწევად სახლშიც უნდა იმუშაონ”.
წარმატებული სტარტი და ბოლო ორ შეხვედრაში ქუთაისის “აიასა” და ბოლნისის “ყოჩებთან” განცდილი მარცხები მწვრთნელმა ასე შეაფასა:
“სეზონის დაწყებამდე შეკრების პოლონეთში გამართვა გვსურდა, მაგრამ ჩემპიონატის დაწყების ვადებმა ორი კვირით რომ გადმოიწია, გეგმები აგვერია. სამაგიეროდ, მზადება ადგილზე დავიწყეთ და ერთ-ერთი პირველი გუნდი ვიყავით, რომელმაც ვარჯიში განაახლა. შედეგად, სეზონის სტარტს უკეთეს კონდიციაში შევხვდით და სანამ სხვა გუნდები ფორმას კრეფდნენ, ჩვენ ქულები დავაგროვეთ. სხვა მხრივ, შემადგენლობის თუ ტაქტიკური თვალსაზრით დიდი ცვლილებები არ ყოფილა.
ვფიქრობ, მერე ჩვენს ბიჭებს ერთგვარად ჟინი ჩაუქრათ, სუფთა სპორტული თვალსაზრისით, მოთხოვნები რომ გაიზარდა, მისი დაკმაყოფილებაც ვერ შეძლეს და ჩავარდნა დაიწყო. ვერ მოთხოვ მორაგბეებს იმის შესრულებას, რისი შესაძლებლობაც არ გააჩნიათ. ვთამაშობდით იმ ძალისმიერი ტაქტიკით, რომლის შესაძლებლობასაც შემსრულებლების ოსტატობა იძლეოდა და პატარ-პატარა ტრავმებმა იჩინა თავი. ძირითადი გუნდის წევრების სრულფასოვანი შეცვლა გაგვიჭირდა. მაგალითად, ბოლო თამაშში ოთხი მორაგბე გვაკლდა, ეს კი, ჩვენთვის დიდი დანაკლისია. არ გვყავდა ჩამშლელი ფლანკერი, უკანახაზელი, რომელსაც აუტებში უნდა გადაეტანა ბურთი და ჩვენთვის სისწრაფეები შეეძინა და ასევე ეროვნული გუნდის 9 ნომერი, გუნდის კაპიტანი და მთავარი კარში დამრტყმელი.
ვფიქრობ, 2015 წელს კვლავ გაგვიჭირდება, რადგან შვიდიდან 4 თამაში სანაკრებო ფანჯარას ემთხვევა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფი ვაჟა ხუციშვილის იმედი კვლავ ვერ გვექნება. ჩვენ არ გვყავს სამი ისეთი მორაგბე, რომლებიც ნაკრებში თამაშობენ და ამისათვის შეხვედრების გადადებას ვერ მოვითხოვთ, მაგრამ ეს ერთი ჩვენთვის სამ მოთამაშეს უდრის. გვინდა დავიმატოთ უცხოელი 9 ნომერი იოან შამულო, რომელიც შარშან “ბათუმში” თამაშობდა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა ვაჟა ხუციშვილი კლუბის დახმარებას. თუ ის ჩვენთან იქნება, მაშინ არ გაგვიჭირდება, თუ არა და უცხოლის დამატება მოგვიწევს”.
კონკურენტებზე
“პირველი წრის შემდეგ, “ყოჩებმა” იმხელა უპირატესობა მოიპოვა, რომ ვფიქრობ, ის მცირე ფინალს აუცილებლად ითამაშებს და გასარკვევი მხოლოდ მეორე გუნდის ვინაობაღა დარჩა. ძალიან მომწონს “თიბიეს უნივერსიტეტის” ახლგაზრდული გუნდი, მაგრამ გამოცდილების არქონის გამო, ისინი ჯერაც მოგების გარეშე არიან და დიდი ალბათობით გავარდნას ვეღარ გადაურჩებიან. დანარჩენები პლეიოფისთვის იბრძვიან და ყველა ჩვენი კონკურენტია. ვფიქრობ, პლეი ოფში “ბათუმი” თავის სიტყვას იტყვის, რადგან ყველაზე კარგი შემადგენლობა სწორედ მას ჰყავს და მეორე წრეში კალენდარიც კარგი აქვს. ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს “ლოკომოტივს” და მიკვირს შედეგი რატომ არა აქვთ, ალბათ, მერე გაიხსენებიან. ძალიან ბევრი გუნდი, საწყის ეტაპზე გარკვეულ გადანაცვლებებს ახდენს შემადგენლობაში და ძნელია პროგნოზის გაკეთება”.
მსაჯობაზე
“ახლახანს ერთ-ერთ უცხოურ საიტზე საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მიმოხილვა დაიდო და აღმოჩნდა, რომ ექვსიდან 5 ლელო მეტოქემ წესების დარღვევის შედეგად დაგვიდო. ასევეა საქართველოს ჩემპიონატშიც. როდესაც მსაჯი წესების სრული დაცვით გატანილ ლელოს არ ჩაგვითვლის, გუნდი იშლება და მეორე გუნდი დიდ უპირატესობას იღებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ მათ თავისუფალ მსაჯობას და ზეწოლის ფაქტები მაქსიმალურად უნდა აღმოვფხვრათ.
თუმცა, თავად ამ მსაჯებმაც ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ. ვთვლი, რომ 3-4 ადგილობრივი მსაჯი ბევრად ჯობია იმ მსაჯებს, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოგვყავს. მთავარია, რომ მათ ნდობა მოიპოვონ გუნდების, მოთამაშეების და მწვრთნელების მხრიდან და საქართველოს ჩემპიონატში ნანახ ირლანდიელ თუ სამხრეთ აფრიკელ მსაჯებს ერთი თავით აღემატებიან. იყო შეცდომები, მაგრამ თუ შენ მსაჯის მიმართ გაქვს ნდობა, მისი შეცდომების ნაწილზე თვალის დახუჭვა შესაძლებელია, მაგრამ თუ კაცს არ ენდობი...
რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მსაჯები სიმაღლეზე იყვნენ. ჩვენი რეალობა ასეთია - ზოგიერთი მოთამაშე მსაჯზე უკეთ ერკვევა წესებში. არიან მოთამაშეები, რომლებმაც ზუსტად იციან როგორ მოატყუონ მსაჯი, მისი დაბალი დონით სარგებლობენ და ამით გუნდისათვის უპირატესობა მოაქვთ. მსაჯისათვის მნიშვნელოვანია თანასწორობა და ის არ უნდა აქცევდეს ყურადღებას მაყურებლის ქმედებას. მით უმეტეს დაუშვებელია, რომ მსაჯმა მოედნიდან შეაგინოს მაყურებელს. ამისათვის არსებობს სპეციალური განყოფილებები რაგბის კავშირში, მაგრამ შეცდომებისთვის ჯერ არცერთი მსაჯი არ დასჯილა.
უცხოელი მსაჯების ჩამოყვანა ჩვენი მსაჯებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქართველი მსაჯები ევროსარბიელზე გავიდნენ, მაშინ მათ მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ და უცხოელი მსაჯები არ ჩამოვიყვანოთ. ყველა მსაჯი ვერ გახდება, ისევე, როგორც ყველა ექიმი ვერ იქნება. ამ ბიჭებიდან მწამს, ბევრი მაღალ დონეზე იმსაჯებს, მაგრამ მათ შანსი უნდა მიეცეს. თუმცა, აუცილებელია, რომ ყველა მათგანმა გაიაროს შესაბამისი კურსები”.
ჩემპიონატის დონე და ევროთასები
“ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის დონემ დაიწია და გუნდების ძალებიც ამის ფონზე გათანაბრდა. მე რომ 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი, მაშინ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 6 გუნდი თამაშობდა და ყველა მათგანი უპირობოდ უგებდა ახალგაზრდულ ნაკრებს. ახლა საქმე პირიქითაა და 19-წლამდელებმა მაგრად აჯობეს “ხარებს”. ჩვენ შერეული გუნდი გვყავდა, მაგრამ მეორეადგილოსანი ასე მაგრად არ უნდა აგებდეს 19-წლამდელთა ნაკრებთან. 19-წლამდელები მაგრად რომ თამაშობდნენ ახალგაზრდულ მსოფლიო თასებზე, მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ იქაც არ გვაქვს შედეგი და შესაბამისად, ჩემპიონატის დონემ დაიწია.
დონის ვარდნამ გუნდების გათანაბრება გამოიწვია. სხვაგვარად არ შეიძლება ლიდერი გუნდი აუტსაიდერს დიდი სხვაობით ვერ უგებდეს. ასეთი რამ შეიძლება ათასში ერთხელ მოხდეს, მაგრამ ლიდერების დაცემის და აუტსაიდერების ოდნავ მოძლიერების ხარჯზე, დონე გათანაბრდა, ჯამში კი, ჩემპიონატის დონემ დაიწია.
რაც შეეხება ევროთასებს, “როვიგოსთან” ცოტა სხვაგვარად რომ მოვმზადებულიყავით, ამ ბარიერის გადავლახავდით. სხვის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია, რომ თამაშამდეც გვეშინოდა ჯგუფში გასვლის შემთხვევაში “კარდიფთან” და მის დარ გუნდებთან 100-ქულიანი სხვაობებით არ დავმარცხებულიყავით და ამას ქართული რაგბის განვითარებაზე უარყოფითად არ ემოქმედა. არის საუბრები, მოდით მოვემზადოთ და მერე ვიბრძოლოთ გასასვლელად. მე სხვაგვარად მგონია. ყველასთან უნდა ითამაშო და შანსები გამოიყენო, რათა წინ წახვიდე.
“ბუქარესტმა” ბევრად უკეთეს იტალიურ კლუბს აჯობა და ვფიქრობ, ამ ფონზე ჩვენს ნაკრებსაც უნდა მოეგო “როვიგოსთვის”. ქართული რაგბი ვითარდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით და რაღაც უნდა გავაკეთოთ პროცესის დასაჩქარებლად. კარგია, თუ შიდა ჩემპიონატის ტელერეპორტაჟები იქნება, რადგან ეს მოთამაშეების პასუხისმგებლობას გაზრდის და ისინი უფრო მეტად მოინდომებენ. ტელევიზია სპონსორებსაც მოიზიდავს და გუნდები ფინანსურად წელში გაიმართებიან”.
გულშემატკივრები და სასჯელი
“ძალიან ცუდად დავისაჯეთ. 55 წელიწადია ქართული რაგბი არსებობს და ყოფილა შემთხვევა სტადიონი დაუსჯიათ, მაგრამ უმაყურებლოდ ჯერ არავის უთამაშია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი შემთხვევის განმეორება ჩემპიონატიდან მოხსნის ტოლფასი იქნება. ამას ჯობდა ფინანსურად დავესაჯეთ და მაყურებელი არ დაგვეკარგა, რადგან “ბათუმთან” თითქმის სავსე იყო ტრიბუნები, ხოლო ლიდერ “ყოჩებთან”, სადაც ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილოსნები ხვდებოდნენ, სულ 300 კაცი მოვიდა. ეს კატასტროფაა. გუნდისთვის მაყურებლის დაკარგვაზე რთული არაფერია. ყველა იმისათვის თამაშობს, რომ გულშემატკივარი გაახაროს. რაგბის კავშირი უამრავ ფულს ხარჯავს სტადიონზე მაყურებლის მისაზიდად, ჩვენ კი, “ბათუმთან” მატჩის შემდეგ, სადაც სრული ანშლაგი იყო, “ყოჩებთან” თითქმის ცარიელი ტრიბუნები მივიღეთ.
“ყოჩებთან” თამაშშიც სამხრეთ აფრიკელმა მსაჯმა ბევრი შეცდომა დაუშვა. მერე მან აღიარა, რომ ტექნიკური ლელოს ჩათვლა და ერთი მორაგბის გაძევება შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, მსგავს შემთხვევაში კი, 7 ქულა ბევრს ნიშნავს. ირლანდია-საქართველოს მატჩს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა და გამგეობის წევრებიც ესწრებოდნენ და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი იმ მსაჯს არცთუ კარგად მოიხსენიებდა. სხვაგვარად ვერ იქნებოდა, რადგან 6 მიღებული ლელოდან 5 არასწორად ჩაგვითვალეს. ეს სპორტია და ემოციის გარეშე წარმოუდგენელია მისი ყურება. ძნელი გადასატანია, როდესაც იმედს ერთი კაცი გიკლავს. მე მინდა ვიკითხო, თუ ყველამ აგინა ირლანდია-საქართველოს მატჩის მსაჯს, მაშინ რატომ საუბრობენ ჩვენს გულშემატკივარზე გადამეტებულად ცუდად? არ ვამართლებ ამ საქციელს, თუმცა სხვადასხვაგვარად მიდგომა არ შეიძლება”.
მიზანი
“წელს ჩვენი მიზანი ექვსეულში შესვლაა და მისი მიღწევა ძალიან რთული იქნება. წინ ურთულესი თამაშები გველის, მით უმეტეს დანაკლისის ფონზე და როგორ გვცვლის რამდენიმე მოთამაშის გამოკლება, ეს ბოლო ორმა თამაშმაც აჩვენა. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ვერ დაგვეხმარება ლაშა გოგიაშვილი, რომელსაც სამ თითზე მიკროქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ეს უდიდესი დანაკლისი იქნება და შედეგზე იმოქმედებს. ვაჟაზე უკვე ვისაუბრეთ და სადღაც უნდა მოვძებნო ამ ბიჭების შემცვლელები. ვფიქრობ, სამომავლოდ ჩვენი გუნდის რამდენიმე მოთამაშე პოზიციას შეიცვლის, რადგან მგონია, რომ ისინი ახალ პოზიციებზე უკეთ წარმოაჩენენ შესაძლებლობებს. დუბლშემადგენლობიდან პირველ გუნდში რამდენიმე მოთამაშე დაწინაურდა და ეს მათთვის ძალიან კარგია. ვფიქრობთ ორი უცხოელის დამატებაზეც, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერია და ყველაფერი ფინანსებზე იქნება დამოკიდებული. “ა” ლიგიდან მოდიან კარგი ბიჭები, მაგრამ ეს უფრო სამომავლო პერსპექტივაა”.
საერთაშორისო ტურნირი “რუსთავის თასი”
“ამ ორი თამაშის შემდეგ, იანვარში ვგეგმავთ შეკრებას. პოლონეთში ვართ მიწვეული, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩემპიონატის ვადები არ შეიცვლება და ამის გამო თანხმობისგან თავს ვიკავებთ. სავარაუდოდ, ბაკურიანში წავალთ. ვფიქრობ, ზაფხულში პოლონეთში მაინც წავალთ, რადგან მათთან წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ლოძი და გდინია რუსთავთან დამეგობრებული ქალაქებია. ლოძში ფეხბურთის სტადიონი შენდება, რომლის გახსნაც რაგბის მატჩით იგეგმება და ამ ახალ სტადიონზე ერთმანეთს “ბუდოვლანი” და “ხარები” შეხვდებიან. იმედია, არაფერი შეიცვლება და ეს მოხერხდება.
პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს ჩვენთან, რუსთავში სურს შეკრების გავლა. ასევე გვინდა საერთაშორისო ტურნირის ჩატარება “რუსთავის თასი”. მერიასთან უკვე გვქონდა საუბარი და თუ შესაბამისი თანხები გამოიყოფა, ეს ტურნირი აუცილებლად ჩატარდება. სამი გუნდის ჩამოსვლაზე ვფიქრობდით და უკვე 6-მა გამოთქვა სურვილი. საუბარია ორ პოლონურ, რუსულ, უკრაინულ და იტალიურ კლუბებზე, ასევე აზერბაიჯანის, ან თურქეთის ნაკრებ გუნდებზე. ასეთი ურთიერთობების დამყარება სამომავლოდ კარგი შედეგების მომტანი იქნება”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია