სიახლეები

20:52 | 6.02.2016 | ნანახია 2365 - ჯერ

„შეცდომები უნდა გამოვასწოროთ“

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანიის ნაკრებს „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა - 59:7.

გერმანელებმა მე-7 წუთზე ლელო დაგვიდეს და გარდასახვაც წარმატებით შეასრულეს, მაგრამ მალევე, მე-14 წუთზე, ანგარიში გათანაბრდა, როდესაც ახალგაზრდა მორაგბე ბექა გორგაძემ საპასუხო ლელო დადო. ამას მოჰყვა "ბორჯღალოსნების"25-მეტრიანი მოლი, რომელიც მიხეილ ნარიაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. კიდევ ხუთწუთში ლელო გიორგი ნემსაძემ გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ლელო ანტონ ფეიქრიშვილმა მიითვალა, რომელიც ‘’ბორჯღალოსნების" მეოთხე და ბონუს-ქულის მომტანი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში პირველი ლელო გიორგი თხილაიშვილმა დადო. რამდენიმე წუთში შეცვლაზე შესულმა ლაშა ლომიძემაც გაგვახარა თავისი არაჩვეულებრივი დუბლით. ყურადსაღები იყო ზურაბ ჟვანიას პასი ლაშა ხმალაძის მიმართ, რომელსაც მერვე ლელო მოჰყვა. მეორე ტაიმის მიწურულს „ბორჯღალოსანთა“ კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 59:7.

მისი აზრით, თამაში არც თუ ისე მარტივი იყო, ბევრი ხარვეზი ჰქონდათ, მაგრამ გუნდის კაპიტანი იმედოვნებს, რომ შემდეგი თამაშისთვის ეს ხარვეზები აღმოიფხვრება. ნამატჩევს სხვა „ბორჯღალოსნებსაც“ გავესაუბრეთ.

გიორგი ბეგაძე: ,,პირველი ათი წუთი ცოტათი არეულები ვიყავით, შემდეგ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალა. უპირატესობა გვქონდა ყველაფერში, ეს კარგად გამოვიყენეთ და დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. იმედია, შემდეგი თამაშებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება და უფრო მეტად დავიხვეწებით. პორტუგალიასთან ბევრად რთული თამაში გვექნება და უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ გერმანიასთან დაშვებული ხარვეზები გამოვასწოროთ“.

გიორგი ნემსაძე: თავიდანვე ვიცოდით, რომ ფავორიტები ვიყავით. გვსურდა ლამაზად გვეთამაშა და საქმეში უკანახაზელებიც ჩაგვერთო. საბოლოოდ, როგორც შევძელით ისე ვითამაშეთ“.

მერაბ შარიქაძე: „ჩემი აზრით, ძალიან კარგი თამაში იყო. როგორც პირველი თამაშისას ხდება ხოლმე, გვქონდა ბევრი ტექნიკური წუნი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას გამოვასწორებთ და შემდეგი თამაშისთვის ამდენ შეცდომას აღარ დავუშვებთ“.

მორიგ მატჩს "ბორჯღალოსნები" 13 თებერვალს, ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღდეგ გამართავენ.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.123975