მსოფლიო სერია

12:48 | 23.02.2016 | ნანახია 2081 - ჯერ

ბრაიან ჰაბანა 7-კაცა ნაკრებში ითამაშებს

სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების გარემარბი ბრაიან ჰაბანა „სპრინგბოკის“ 7-კაცა გუნდში გამოიძახეს, რომელიც მსოფლიო სერიის მომდევნო ორ ეტაპზე ლას-ვეგასსა (აშშ 4-6 მარტი) და ვანკუვერში (კანადა 12-13 მარტი) ითამაშებს.

„ტულონმა“ მას უკვე მისცა გამგზავრებაზე თანხმობა და ბრაიან ჰაბანა 23 თებერვალს მოსამზადებელ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც „სპრინგბოკის“ მთავარი მწვრთნელი ნილ პაუელი 12-კაციან რაზმს დაასახელებს. საბოლოო შემადგენლობა 25 თებერვალს გახდება ცნობილი.

ნილ პაუელი: „ბრაიანი შეუდარებელი მორაგბეა, რაზეც მისი მიღწევებიც მეტყველებს. ის მაღალი დონის მოთამაშეა და ვფიქრობ, მისი დამატება ჩემი გუნდისთვის სარგებლის მომტანი იქნება. მას კარგად აქვს გააზრებული, რომ დიდი ხანია 7-კაცა რაგბი არ უთამაშია და ამიტომ, დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ემზადება. დარწმუნებული ვარ ბრაიანი ჩვენი გუნდის შეუცვლელი ნაწილი გახდება“.

ბრაიან ჰაბანა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებში 2004 წელს თამაშობდა და ამ წელს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს, მისი მიღწევების მთელი წილი კი, 15-კაცა რაგბიზე მოდის. 2007 წლის მსოფლიო თასი სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მოიგო და ტურნირის საუკეთესო მელელოვე ჰაბანა გახდა (8 ლელო). ამავე წელს ირბ-მ ის წლის მოთამაშედ აღიარა. 32 წლის მორაგბის ანგარიშზე ჯამში 117 კეპი და 64 ლელოა, რითაც ის „ბოკეს“ ისტორიაში საუკეთესო მელელოვეა. ჰაბანა სამხრეთ აფრიკაში სამჯერ აღიარეს წლის სპორტსმენად (2005, 2007 და 2012 წლებში). 2015 წლის მსოფლიო თასზე მან 7 ლელო გაიტანა, ჯამში მსოფლიო თასის მატჩებში 15 ლელო მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ახალზელანდიელს, ჯონა ლომუს გაუტოლდა.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:54 | 26.02.2016
BEERTRANCE (1073)

ყოჩაღ ამას.

0.09764