ამბები

15:13 | 17.11.2014 | ნანახია 4544 - ჯერ

დაცვაში 160 წუთი ვივარჯიშეთ - შეტევის დროა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე სამიდან ორი თამაში ჩაატარა და ორივეში ისე დამარცხდა, რომ მოგების შანსი პრაქტულად არ ჰქონია.

მთელი 160 წუთის განმავლობაში, ტონგასთან და ირლანდიასთან გუნდი დაცვაზე იყო ორიენტირებული და ოკეანელებთან 65 წუთი, ხოლო ექვსი ერის გამარჯვებულთან პირველ ტაიმში ეს ასე თუ ისე კარგად გამოსდიოდა. მაგრამ რაგბიში თამაში 80 წუთი გრძელდება და ხშირ შემთხვევაში შეხვედრების ბედი დასკვნით მეოთხედში წყდება. საქართველოს ნაკრებსაც უთამაშია თავისზე ბევრად სუსტ გუნდებთან (გერმანია, ბელგია) და გამარჯვებებისთვის სწორედ ამ პერიოდში მიუღწევია, რის შემდეგაც ყველას ერთხმად გვითქვამს - მეტოქეს კლასით ვაჯობეთო და სწორედ ასე მოხდა ახლაც, ოღონდ შებრუნებული ვარიანტით.

უდავოა, რომ უკვე ჩატარებული და იაპონიასთან 23 ნოემბერს გასამართი თამაშები გუნდს დადებითად წაადგება. უდიდესი გამოცდილება შეიძინა როგორც გუნდმა, ასევე მწვრთნელთა შტაბმა და სწორი დასკვნების შედეგი უახლოეს პერსპექტივაში აზიელებთან, ხოლო შორეულში მსოფლიო თასზე უნდა გამოჩნდეს. იაპონიამ ორი წლის წინ თბილისში დაგვამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ წელს ის შარშანწინდელზე უკეთესი გუნდია, საქართველოს რაგბის კავშირის და ნაკრების ხელმძღვანელობისა თუ წევრების გაცხადებით, მათთან რევანში აუცილებლად შედგება, თამაშის მოსაგებად კი, შეტევა აუცილებელია.

ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებს ხუთჯერ ჰქონდა შეტევის მცდელობა. თამაში თამამად რომ დავიწყეთ და მეტოქეს საჰაერო ბრძოლაში ორჯერ ვაჯობეთ, ჯერ მარჯვენა, ხოლო მერე მარცხენა ფლანგიდან ვცადეთ გაშლილი შეტევა, მაგრამ პირველ ჯერზე დიმიტრი ბასილაიამ ბურთი ვერ შეიმაგრა, ხოლო მეორედ პასმა არ ივარგა. რა გასაკვირია, რომ ირლანდია უპირატესობას ფლობდა და მეორე დონის გუნდებთან თამაშისთვის “ავივა სთედიუმზე” სარეკორდოდ შეკრებილი 45 ათასი გულშემატკივარით გამხნევებულმა მასპინძლებმაც ტაიმის უმეტესი ნაწილი სწორედ “ბორჯღალოსანთა” ნახევარზე გაატარეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ირლანდია მნიშვნელოვნად სახეცვლილი შემადგენლობით გვეთამაშა, მაგრამ “სამყურებისთვის” ბევრად მარტივია თუნდაც ძირითადი 15-ეულის სრულფასოვანი შეცვლა, ვიდრე საქართველოს ნაკრებისთვის ისეთი დანაკლისის შევსება, როგორებიც მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი არიან. ამ ბიჭებს საჭირო მომენტში არაერთხელ აუღიათ ინიციატივა საკუთარ თავზე და ერთი შეხედვით წაგებული თამაშების ბედი შემოუტრიალებიათ. ტონგასთან საქართველოს სწორედ ასეთი ლიდერი დააკლდა და დარწმუნებული ვარ, 2015 წლის 19 სექტემბერს, გლოსტერში მათთან სრულიად განსხვავებული თამაში იქნება, რადგან იქ “ბორჯღალოსნები” უძლიერესი შემადგენლობით (იმედია) და 2,5-თვიანი მომზადების შედეგად, საუკეთესო ფორმაში იქნებიან, ქართველებს კი, ასეთი მზადების ფონზე მომატების მეტი მარჟა აქვთ ვიდრე სახელის მქონე გუნდებს. ესეც რომ არა, ტონგა ხასიათის გუნდია, რომელმაც ამ ხასიათზე 2011 წლის მსოფლიო თასზე ის საფრანგეთი დაამარცხა, რომელიც შემდგომში, ფინალში, მასპინძელ ახალ ზელანდიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

“ავივას” დავუბრუნდეთ და მასპინძლებს პირველ ტაიმშიც შეეძლოთ რამდენიმე ლელოს გატანა, მაგრამ ქართველთა თავდადებულმა დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა. მართალია მეორე ტაიმის მიწურულს სანდრო თოდუას შეცდომას ლელო მოყვა, მაგრამ მანამდე ამ ბიჭმა თავდადებული დაცვით არაერთი ლელოსგან გვიხსნა და თავში კვლავ ამოტივტივდა კითხვა - აქამდე, არცთუ მცირე პერიოდით, რატომ არ იძახებდა მას მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებში? ტონგასთან მატჩისა არ იყოს, მაგრად გაისარჯა სტაბილურობით სახელმოხვეჭილი დავით კაჭარავა, რომელსაც ალბათ უბრალოდ არ გაუმართლა უფრო მაღალი დონის გუნდსა და ჩემპიონატში რომ ვერ ითამაშა, თორემ “ენისეი” და საფრანგეთის ფედერალ 1 მისი შესაფერისი ნამდვილად არაა.

სანამ ირლანდიელები ლელოებზე თამაშს გადაწყვეტდნენ, თავი დაიზღვიეს და ის მოიმოქმედეს, რასაც რამდენიმე წლის წინ არაფრის დიდებით არ ჩაიდენდნენ - ჯარიმები კარში დაარტყეს და იენ მედიგანმა ორი გაიტანა, ხოლო ერთხელ მიზანმა უმტყუნა. ქართველთა შერკინება დომინირებდა, მაგრამ არ ვარგოდა დერეფანი და თავდადებული დაცვაც ხშირად ზედმეტ აგრესიაში გადადიოდა, რასაც რეფერის ფანტაზიაც დაერთო და ცხადი გახდა, ადრე თუ გვიან საქართველო მოედანზე კაცნაკლული დარჩებოდა. ეს დრო ზედ შესვენების წინ დადგა, როდესაც იქით უნდა შეგვეტია, მაგრამ ბურთი დავკარგეთ, მერე დავჯარიმდით, რეფერიმ გიორგი ბეგაძე გაასინბინა, ხოლო მედიგანმა შესვენების წინ 9-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.

ირლანდიამ რიცხობრივი უპირატესობა თამაშის განახლებიდან ორიოდე წუთში გამოიყენა, მერე “ბორჯღალოსანთა” ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში დერეფნის უფლება მოიპოვა და ქართველთა შემადგენლობაც შეივსო, მაგრამ აგორებულ მოლს სტრაუსი მოწყდა და 15-15-ზე ერთადერთი ლელო გავიდა - 23:0. მარცხის გარდაუვალობა თვალნეთელი რომ გახდა, საქართველოს ნაკრებმა შეტევაშიც სცადა ბედი და შედეგიც მიიღო. 22-ის მისადგომებთან ბეგაძემ რაქიდან გაიტანა ბურთი, ცრუმოძრაობის შემდეგ ორ მცველს შორის სცადა გაძრომა და მართალია შებოჭეს, მაგრამ გიორგი ნემსაძისთვის ოფლუდი მაინც გაახერხა, მანაც ირლანდიელთა კაპიტანი ეოინ რედენი ხელის კვრით მოიშორა და ძელებსშუა შეხტა. მერაბ კვირიკაშვილმა კარში დარტყმის ერთადერთი შანსი გამოიყენა და სხვაობა 16 ქულამდე შემცირდა.

ამის შემდეგ შეიძლებოდა “ბორჯღალოსნებს” საკუთარი ძალის ერწმუნათ და მოგებაზე არა, მაგრამ ანგარიშის კიდევ უფრო შემცირებაზე ეფიქრათ, მაგრამ საქმეში კვლავ რეფერი ჩაერთო და ამჯერად 10-წუთიანი გაძევებით დიმიტრი ბასილაია დასაჯა. ირლანდიამ მეტობა მალევე აქცია ლელოდ და ამ იერიშისას შეცვლაზე შესული ლაშა მალაღურაძეც დაშავდა, რომელიც ბოჭვაზე ცუდად შევიდა და მოედანი საკაცით, ტრიბუნების აპლოდისმენტების ფონზე დატოვა. 13 ქართველს (ყველა შეცვლა უკვე განხორციელებული იყო) ირლანდიამ კიდევ ორი, ხოლო 14-ს ერთი ლელო გაუტანა და 49:7 იმარჯვა, არადა, სინბინების გარეშე თამაშის ბევრად უფრო მისაღები ანგარიშით დასრულება შეიძლებოდა.

წინ 23 ნოემბერი და იაპონიასთან ჯახია, რომელმაც თბილისში გამომგზავრებამდე სამი თამაშის გამართვა მოასწრო. აზიელებმა “ზელანდიელი მაორები” პირველ მატჩში შერკინებაში მაგრად დაჩაგრეს, მაგრამ კონტრშეტევებს ვერაფერი მოუხერხეს და 21:61 დამარცხდნენ. ერთი კვირის თავზე, იმავე გუნდთან იაპონია ბოლო წუთამდე იგებდა, მაგრამ სწრაფად შემოგდებული აუტის შემდეგ ლელო გაუშვა და 18:20 დამარცხდა, ერთი კვირის წინ კი, რუმინელთა შერკინებას უკვე ვერაფერი დააკლო, მაგრამ ჯარიმებით 18:13 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრები თითქმის ერთი თვეა ერთადაა, რაც მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დროა და იმედია, მილტონ ჰეიგის შეგირდები ქართველ გულშემატკივარს ამ გიორგობაზეც გაახარებენ და 2014 წლის ნოემბრის ტესტების შემდეგ მთლად გაწბილებულებს არ დატოვებენ.

16 ნოემბერი. ირლანდია. დუბლინი. “ავივა სთედიუმი”. 45000 მაყურებელი

ირლანდია - საქართველო 49:7 (9:0)

ირლანდია: 15. ფელიქს ჯოუნზი, 14. ქრეიგ გილროი, 13. დარენ ქეივი, 12. გორდონ დ’არსი (22. იენ ქითლი 63), 11. საიმონ ზიბო (23. სთიუართ ოლდინგი 63), 10. იენ მედიგანი, 9. ეოინ რედენი (21. ქიარან მარმიონი 63); 1. დეივ ქილქოინი, 2. რიხარდტ სტრაუსი (16. შონ ქრონინი 63), 3. მაიქ როსი (18. როდნი ა’იუ 47), 4. დეივ ფოლი (19. დევინ თოუნერი 63), 5. მაიქ მაკ’ქართი (20. რობინ ქოუპლენდი 63), 6. დომინიქ რაიანი, 7. თომი ო’დონელი, 8. რობი დიაქი.

6 ლელო: ქილქოინი, სტრაუსი, ზიბო, ჯოუნზი (4, 5), ოლდინგი

5 გარდასახვა: მედიგანი

3 ჯარიმა: მედიგანი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. სანდრო თოდუა, 13. დავით კაჭარავა (კაპ.), 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე (23. მურაზ გიორგაძე 55), 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 55, 63-ეზე დაშავდა), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 58); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 52), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 52), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 52), 4. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი 50), 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი (20. გიორგი ჩხაიძე 58), 8. დიმიტრი ბასილაია.

1 ლელო: ნემსაძე

1 გარდასახვა: კვირიკაშვილი

2 სინბინი: ბეგაძე (40+2), ბასილაია (61)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.675377