საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საბოლოოდ გაირკვა იმ ექვსი გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში 2013 წლის ჩემპიონის ტიტულისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. სასიხარულოა, რომ ამ ექვსიდან ხუთში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ და დიდი ალბათობით, წელს საფრანგეთს ქართველი ჩემპიონიც ეყოლება.
“კლერმონი”, “ტულონი”, “ტულუზა”, “კასტრი” და “მონპელიე” - ეს ქართველ ლეგიონერთა ის გუნდებია, რომლებმაც საუკეთესო ექვსეულში დაიბევეს ადგილი და ჩემპიონობის შანსის გარდა, უკვე დაიბევეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, “ჰაინეკენის თასის” მომავალ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება. ქვეყნის პირველობისთვის ბრძოლა გრძელდება და არც რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურს დაუკარგავს აზრი. შეგახსენებთ, პლეი ოფის პირველ სტადიაზე მესამეადგილოსანს მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს ერთრაუნდიან ბრძოლაში შეეცილება ნახევარფინალში თამაშის უფლებას, ამასთან, რეგულარული გათამაშების უკეთეს ადგილზე დამსრულებელი გუნდი (მესამე და მეოთხეადგილოსანი) ამ სტადიაზე მასპინძლის უფლებით სარგებლობს და ეს რაგბში ხელშესახებ უპირატესობად ითვლება.
პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფის პირველ ეტაპზე ისვენებენ და პირდაპირ ნახევარფინალიდან აგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. XXV რაუნდის შემდეგ, სატურნირო ცხრილში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” დაწინაურდა, რომელმაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზა” 39:17 დაამარცხა. ცოტა ხნის წინ მიღებული ტრავმა მოიშუშა და სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ზირაქაშვილი, რომელიც მეორე ნახევრის დასაწყისში, 43-ე წუთზე შეცვალეს. კოლელიშვილი განაცხადში არ იყო. თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შესვენებისას შეცვალეს კაკოვინი. სწორედ 41-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე ბრეგვაძე.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, სამი ლელო გაიტანეს და 25:3 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა პირველი ლელო პირველსავე წუთზე გაიტანეს. ვესლი ფოფანა კაკოვინმა ვერ შებოჭა, უკანახაზელმა ის ხელის ერთი კვრით მოიშორა, მერე კიდევ ორ მბოჭავს გაექცა და ჩათვლის მოედნამდე 55 მეტრი ირბინა. აღსანიშნავია, რომ შუამარბ ფოფანას მისი მაქსიმალური სიჩქარის ფონზე ფეხდაფეხ მისდევდა პირველხაზელი ზირაქაშვილი და გაჭირვების შემთხვევაში, ლელოს ქართველი ლეგიონერი გაიტანდა.
მეორე ტაიმში სტუმრები გამოცოცხლდნენ და ორი საპასუხო ლელოც გაიტანეს, რაზეც “კლერმონმა” ჯარიმებთან ერთად ლელოთიც უპასუხა და პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა, მაგრამ ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ის სატურნირო ცხრილში 86 ქულით დაწინაურდა, დასკვნით ტურში “ბორდოს” მასპინძლობს და ლიდერობის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს. მანამდე მას “ჰაინეკენის თასის” ნახევარფინალი ელის ირლანდიურ “მანსტერთან”. 74 ქულით მესამე ადგილზეა “ტულუზა” და რაც უნდა მოხდეს, პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებს, რადგან მაქსიმუმ მეოთხე პოზიციამდე დაეშვეს, უფრო რეალური კი, მესამე ადგილის შენარჩუნება მოჩანს.
“კლერმონის” გალიდერებას ხელი “გრენობლმა” შეუწყო, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” 25:24 დაამარცხა. არადა, სტუმრებისთვის ყველაფერი საუცხოოდ დაიწყო. ტულონელებმა ტაიმი 21:6 მოიგეს, 49-ე წუთზე უპირატესობა კიდევ 3 ქულით გაზარდეს (24:6), მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში ქულა ვერ აიღეს. მათ პირველი საპასუხო ლელო 50-ე წუთზე გაუშვეს, 72-ე და 79-ე წუთებზე კიდევ ორი ლელო მიიღეს, მეორე გარდასახვა ზუსტი იყო და მინიმალური სხვაობით მარცხისთვის მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერეს. არადა, ამ ლელოებს შორის სტუმრებს ჯარიმის გატანის შესაძლებლობა მიეცათ და ის რომ გამოეყენებინათ, გამარჯვებას ვეღარაფერი წაართმევდა.
ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო შემადგენლობაში ჩილაჩავა იყო, რომელმაც მე-7 წუთზე ჯერ რაქი გაწმინდა კარგად, მერე მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ერთ მეტრში რაქიდანვე აიტაცა ბურთი და ორ მცველთან (9 და 10 ნომრები) ჭიდილში ლელო გაიტანა. 21 წლის ქართველმა პირველხაზელმა წელს საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში მეშვიდედ ითამაშა, მესამედ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და პირველი ლელო გაიტანა. მას თოპ 14-ში დებიუტი შარშან ჰქონდა და მაშინ მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა, “ტულონის” მაისურით პირველი ლელო კი, შარშანვე, “ჩელენჯ ქაფზე” მიითვალა.
ლევანი ღია თამაშში აქტიური იყო და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მაღალი დონის პირველხაზელი ეზრდება. ერთადერთი ეგაა, რომ შერკინებაში კარგად ვერ იდგა, რამდენჯერმე დაჯარიმდა და რეფერიმ 32-ე წუთზე გაასინბინა. პირველ ლელოზე ვსაუბრობდით და ისიც ვთქვათ, ეს ჩილაჩავას პირველი ყვითელი ბარათია ტულონელთა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში. ქუბრიაშვილი მოედანზე 36-ე წუთზე, ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად გამოჩნდა, რომელიც 42-ე წუთზე ჩილაჩავას ნაცვლად დაბრუნდა. მიქაუტაძე განაცხადში არ იყო. “ტულონს” 85 ქულა აქვს, ერთით ჩამორჩება ლიდერს, მაგრამ მინიმუმ მეორე ადგილი და პირდაპირ ნახევარფინალი განაღდებული აქვს. ერთ კვირაში ტულონელები ინგლისს ეწვევიან და “სარასინსს” “ჰაინეკენის თასის” ფინალში გასასვლელად შეერკინებიან, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 4 მაისს უკვე დაქვეითებულ “აჟენს” დაუხვდებიან.
73 ქულით მე-4 ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელმაც განვლილ ტურში აუტსაიდერი, უკვე დაქვეითებული თამაზ მჭედლიძის “მონ-დე-მარსანი” 44:17 გაანადგურა. აქ სხვა შედეგს არც არავინ ელოდა, თუმცა, პირველ ტაიმში სტუმრებმა მაგრად იბრძოლეს, 28-ე წუთზე 9:8 დაწინაურდნენ და ტაიმსაც მოიგებდნენ, ზედ შესვენების წინ ჯარიმა რომ არ მიეღოთ. მეორე ტაიმში მასპინძლები სრული ძალით ამოქმედდნენ, პირველ ნახევარში გატანილ ერთ ლელოს, კიდევ ხუთი შემატეს და დფიდი სხვაობით იმარჯვეს. მჭედლიძე განაცხადში არ იყო და მისი გუნდი 15 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა. ფეიქრიშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. “კასტრი” დასკვნით ტურში უახლოეს მდევარ “რასინგ მეტროს” სტუმრად ეთამაშება, ამ დროისთვის მას 4 ქულით უსწრებს და არ უნდა დამარცხდეს, პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლება რომ შეინარჩუნოს.
რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ექვსეულში თამაში გაინაღდა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”, რომელიც სტუმრად “ბაიონთან” 26:32 დამარცხდა და მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა, მაგრამ დამარცხდა მისი უახლოესი მდევარი “პერპინიანიც” (“აჟენთან” 15:23). გუნდს რომ უჭირს, ბოლო დროს გორგოძეს შერკინების მეორე ხაზში ათამაშებენ და ამჯერადაც ასე მოხდა. ის სრულად გაისარჯა. სასტარტო შემადგენლობაში იყო პირველხაზელი ნარიაშვილი, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს და 74-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად კვლავ მოედანზე დააბრუნეს. 69-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ჟღენტმა.
სტუმრებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ამის გამო დამარცხდნენ. მასპინძლები 52-ე წუთზე 11 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ 67-ეზე ანგარიში უკვე 26:26 იყო. დასკვნით 10 წუთში “მონპელიე” ორჯერ დაჯარიმდა და 6 ქულის სხვაობით დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ქართველთა გუნდს 68 ქულით მე-6 ადგილი დაბევებული აქვს და საკვნით ტურში ისღა აქვს გასარკვევი, საბოლოოდ რომელ ადგილს დაიკავებს და ვის შეხვდება პლეი ოფის პირველ ეტაპზე - “ტულუზას”, “კასტრს” თუ “რასინგ მეტროს”.
ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ”, ქართველი პირველხაზელის გარეშე 19:16 დაამარცხა “რასინგ მეტრო”. პარიზული კლუბი 54 ქულით მე-8 ადგილზეა და თოპ 14-ში არც გავარდნა ემუქრება და ვერც პლეი ოფში მოხვდა. მისი მთავარი სამიზნე “ჩელენჯ ქაფის” მოგებაა, რომლის ნახევარფინალშიც 26 აპრილს “პერპინიანს” შეხვდება. ზაზა ნავროზაშვილის გარეშე დაამარცხა “ბორდომ” “ბიარიცი” 16:0 და 47 ქულით მე-12 ადგილზეა. “სტად ფრანსეს” მსგავსად, ის ვერც პლეი ოფში მოხვდა და არც გავარდნა ემუქრება.
მომავალ უქმეებზე ევროთასების ნახევარფინალების ჯერია, საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასკვნითი ტური კი, 4 მაისსაა დანიშნული. პლეი ოფების პირველი ეტაპის თამაშები 10-12 მაისსაა ჩანიშნული.
დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, საფრანგეთის რეგულარული ჩემპიონატის ლიდერობა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზას” 39:17 ძლევით დაიბრუნეს:
http://www.youtube.com/watch?v=kS4W2ntzhQA
ლევან ჩილაჩავამ თოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ მისი, დავით ქუბრიაშვილის და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” “გრენობლთან” 24:25 მაინც დამარცხდა:
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია