ამბები

17:26 | 22.04.2013 | ნანახია 1696 - ჯერ

“ბრივმა” და “პომ” პლეი ოფი დაიბევეს

ბოლო საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება


საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ცნობილი გახდა იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც Top 14-ის საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ. ამ სამიდან ორი ქართველი ლეგიონერების გუნდია და მათ ჩვენებურთა კიდევ ერთი გუნდი შეუერთდება.

შეგახსენებთ, Pro D2-ში გამარჯვება უკვე დაბევებული აქვს “უაიონას” და მან პირველი ელიტარული დივიზიონის საგზური პირდაპირ მიიღო. მეორე საგზურისთვის რეგულარული გათამაშების მეორე-მეხუთეადგილოსნები ერთრაუნდიან პლეი ოფში ითამაშებენ და მის პირველ ეტაპზე მეორე-მესამეადგილოსნები მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. ამ უფლებისთვის ბრძოლა დასკვნით ორ ტურშიც გაგრძელდება და ქართველ ლეგიონერებსაც საინტერესო ჯახები ელით.

Pro D2-ის XXVIII ტურში, ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა”, ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” სტუმრად 20:16 დაამარცხა და პლეი ოფში თამაში დაიბევა. ბრიველებმა ბოლო ცხრა თამაშიდან რვა მოიგეს (ოთხი - ზედიზედ), 86 ქულა დააგროვეს და მე-3 ადგილზე არიან.

განვლილ მატჩში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელი თეთრაშვილი, რომელმაც 58 წუთი ითამაშა, და მეორეხაზელი მაისურაძე. მან 28-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. 72-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა თოდუა. სტუმართა შორის შეცვლებზე შევიდნენ ნატრიაშვილი (41-ე წუთი) და შველიძე (57-ე წუთი), ხოლო ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო. თამაში დაძაბული გამოდგა და პირველი ტაიმი ფრედ, 10:10 დასრულდა. მერე “ალბი” 16:13 დაწინაურდა, მაგრამ “ბრივმა” დამატებულ წუთებზე გამარჯვების ლელოს გატანა მოახერხა, გარდასახვაც გამოიყენა და მნიშვნელოვანი 4 ქულა მოიპოვა.

“ალბი” 55 ქულით მე-11 ადგილზეა. “ბრივი” 1 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან “ლა როშელს” და 27 აპრილს სწორედ ამ გუნდს მასპინძლობს, ხოლო უახლოეს მდევარ “პოს” 2 ქულით უსწრებს.

მამუკა მაგრაქველიძის “პომ” “ექს-ან-პროვანსი” სტუმრად 29:18 დაამარცხა და პლეი ოფში თამაში დაიბევა. განვლილ მატჩში ქართველ პირველხაზელს მონაწილეობა არ მიუღია. დარჩენილ შეხვედრებში “პო” უკეთესი პოზიციის დასაკავებლად იბრძოლებს, რათა პლეი ოფში მასპინძლის სტატუსი ჰქონდეს.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა”, რომელმაც ქართულ დერბიში აუტსაიდერი, შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასი” 24:17 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა მესამეხაზელმა სუთიაშვილმა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 53 წუთი გაატარა აშვეთიამ. სტუმართა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა დათუნაშვილი, ხოლო ნაცარაშვილი მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა. ასეიშვილი განაცხადში არ იყო.

პირველ ტაიმში “ორიაკის” ჯარიმას მასპინძლებმა ლელო-გარდასახვით უპასუხეს და 7:3 დაწინაურდნენ. 53-ე წუთზე “მასიმ” მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო და ანგარიში 14:3 გახდა. დასკვნითი 20 წუთი სტუმრებისა იყო. მათ 63-ე და 67-ე წუთებზე გატანილი ლელოებით, რომლებსაც ზუსტი გარდასახვებიც მოჰყვა, ლიდერობა მოიპოვეს. “მასიმ” 73-ე წუთზე ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ორ წუთში მესამე ლელო მიიღო და 7 ქულით დამარცხდა.

“მასიმ” 1 პრემიალური ქულა აიღო, ჯამში 33 გაუხდა, ბოლო ადგილზეა და ელიტურ დივიზიონში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა, რადგან მე-14 ადგილს 12 ქულით ჩამორჩება, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ ორ მატჩში შეუძლებელია. “ორიაკი” ზედიზედ მესამე მოგებით (ოთხი მოგება ბოლო 5 მატჩში) მე-5 საფეხურზე გამაგრდა და თუ მისი შენარჩუნება მოახერხა, პლეი ოფშიც გავა. ის 7 ქულით ჩამორჩება “პოს”, მაგრამ 6 ქულით უსწრებს მდევრებს - “ლიონსა” და “ტარბს” - და დარჩენილი ორიდან ერთი თამაშის მოგების შემთხვევაში, მიუწვდომელი გახდება. მომდევნო ტურში “ორიაკი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ოშს” მასპინძლობს და ამ ამოცანის გადაჭრა რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შეუძლია.

გურამ კავთიძის “ლიონი” ტარიელ რატიანიძის “დაქსთან” სტუმრად 5:29 დამარცხდა და 71 ქულით მე-6 ადგილზე დარჩა. “დაქსი” ცხრილის ქვედა ნაწილშია და იქიდან ქულის აუღებლად დაბრუნებამ, ლიონელებს თოპ 14-ში დაბრუნების ამოცანა მნიშვნელოვნად გაურთულა. კავთიძე სტუმართა განაცხადში არ იყო, რატიანიძემ კი, პირველ ხაზში სრულად ითამაშა. მასპინძლები შერკინებაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში მეტოქე სამჯერ დაჯარიმდა და “დაქსი” 9:0 დაწინაურდა. 68-ე წუთისთვის, ორ-ორი ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით, ანგარიში 29:0 გახდა და “ლიონმა” ბოლოსღა გაიტანა პრესტიჟის ლელო. “დაქსს” 45 ქულა აქვს, მე-13 ადგილზეა და დარჩენილ ორ ტურში ჯერ კიდევ მოუწევს ბრძოლა ელიტურ დივიზიონში დასარჩენად. მას გასავარდნ ზონას სულ რაღაც 2 ქულა აშორებს.

დამარცხდა და “ლიონის” მსგავსად პლეი ოფში მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბს”, რომელმაც ბოლო დროს წაგებებს მოუხშირა და პოზიციები ამის გამო დათმო. მასაც 71 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება მე-5 ადგილზე მყოფ “ორიაკს”. განვლილ მატჩში ის ერთ-ერთ ლიდერ “ლა როშელს” ეწვია და 13:38 დამარცხდა.

მასპინძლები სტუმრებს ყველაფერში ჯაბნიდნენ და 47-ე წუთზე 26:3 იგებდნენ, მერე - 38:6, და ბოლო წუთზე გაშვებულმა ლელომ მათ პრემიალური ქულაც არ დააკარგვინა. შერკინების მესამე ხაზში შეუცვლელად ითამაშეს ნემსაძემ და ჩხაიძემ, ოღონდ, ამ უკანასკნელმა მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა. მეორე ნახევრის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა მოედანზე დადუნაშვილი, ხოლო მირცხულავა დასკვნითი 20 წუთი გაისარჯა.

მიმდინარე სეზონში მეოთხე ლელო გაიტანა “ბეზიეს” პირველხაზელმა ბექა შეყლაშვილმა. მისი გუნდი “ნარბონს” სტუმრად დაუპირისპირდა და ფრედ (22:22) ეთამაშა. შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. მასპინძლები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ და ქართველმა ლეგიონერმაც ლელოთი 21-ე წუთზე უპასუხა. ის დროულად მოეხსნა 5-მეტრა დერეფნიდან აგორებულ მოლს და ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა. “ბეზიეს” 47 ქულით მე-12 ადგილი უკავია და Pro D2-ში გაისად თამაში ჯერ გარანტირებული არ აქვს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081633