ამბები

15:21 | 23.04.2013 | ნანახია 1461 - ჯერ

ფედერალ 1-ის ლეგიონერები პლეი ოფში ჩაებნენ

საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევრად პროფესიულ ფედერალ 1-ში, რეგულარული პირველობის შედეგად გამოვლენილი თექვსმეტი წარმატებული გუნდი Pro D2-ის საგზურისთვის ბრძოლაში პლეი ოფში ჩაება.

მერვედ, მეოთხედ და ნახევარფინალებში შინ და გარეთ, ორ-ორი თამაში იმართება, ფინალში გასული ორი გუნდი კი, მომავალ ჩემპიონატს მეორე ელიტარულ დივიზიონში იწყებს. მერვედფინალში გასული 16 გუნდიდან 5 ქართველი ლეგიონერებისაა და მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედფინალში აუცილებლად გავა, რადგან ამ ეტაპზე ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან.

ირაკლი ნინიძის “რომანმა” ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერს” უმასპინძლა და 27:25 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან ამ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ მეორეხაზელმა გუჯარაიძემ მიიღო, რომელიც შეუცვლელად გაისარჯა. თამაში დაძაბული გამოდგა და მისი ბედი სტუმართა უდისციპლინობამ გადაწყვიტა. პირველ წუთზე გატანილი არეკნის შემდეგ, “რომანმა” 8 ჯარიმა გაიტანა.

68-ე წუთზე მასპინძლები” 24:11 დაწინაურდნენ, “სენ-ნაზერმა” საფრთხე იგრძნო და 77-ე წუთზე მატჩის მეორე ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო ორიოდე წუთში მესამე ლელოც მიითვალა და რადგან ორივე გარდასახვა ზუსტი იყო, 25:24 დაწინაურდა. და მაინც, სტუმრებს გამარჯვება არ ეწერათ, ბოლო წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაუშვეს და 28 აპრილს საკუთარ მოედანზე 2-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევთ.

მერვედფინალის პირველი მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა თედო ზიბზიბაძის “პერიგომ”, რომელმაც “ვალანსს” უმასპინძლა და 25:23 იმარჯვა. 2-ქულიანი უპირატესობა Pro D2-იდან გასულ სეზონში გავარდნილ “პერიგოს” მოდუნების საშუალებას არ მისცემს და 28 აპრილს სტუმრად მძიმე ჯახის გადატანა მოუწევს. განვლილ მატჩში ქართველი შუამარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა.

21-ე წუთამდე “პერიგომ” 3 ჯარიმა გაიტანა და 9:0 დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ლელო გაუშვა, გარდასახვაც ზუსტი იყო და შესვენებაზე მასპინძლები 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში “პერიგომ” ორი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ 2 ჯარიმა თავადაც გაუშვა. 67-ე წუთზე ჯარიმითვე ანგარიში 18:13 გახდა, თუმცა, 72-ე წუთზე “ვალანსმა” ლელოთი წონასწორობა აღადგინა და გარდასახვით დაწინაურდა. საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე ლელო “პერიგომაც” გაიტანა და გარდასახვაც ზუსტი იყო, თუმცა, მასპინძლებმა 5-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ბოლოს ჯარიმა გაუშვეს.

მერვედფინალის პირველი მატჩების შემდეგ, შანსები ძლიერ შეუმცირდათ ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონს” და გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენს”. “მაკონი” “ნევერს” დაუხვდა და 14:27 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან მოედანზე მხოლოდ კოპალიანი გამოჩნდა, რომელიც შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. ამან საერთო სურათი ვერ შეცვალა და მათ ერთის საპასუხოდ ოთხი ლელო გაიტანეს.

“სენტ-ეტიენმა” “მონტობანს” უმასპინძლა და 9:15 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ გაბელიამ ითამაშა და ის შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. დაძაბული ბრძოლის ბედი ჯარიმებმა გადაწყვიტა და სტუმრებმა მიზანს ხუთჯერ უწიეს, ხოლო მასპინძლებმა სამჯერ. განმეორებითი თამაშები 28 აპრილსაა დანიშნული.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09361