ამბები

0:11 | 26.04.2013 | ნანახია 4387 - ჯერ

ლეგენდებს არ ივიწყებენ!

დღეს, ჩვენი დიდი მორაგბის, ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტნის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოლეგ ლიპარტელიანის  დაბადების დღეა, კაცისა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ რაგბში. 10 წელია, რაც ოლეგი ამ ცხოვრებიდან წავიდა. გადის დრო, ოღონდ, მის სახელს დავიწყება არ უწერია.

ოლეგ ლიპარტელიანი 1953 წლის 26 აპრილს, ლენტეხში დაიბადა. სკოლაში სწავლის პერიოდში მძლეოსნობით იყო გატაცებული და ათჭიდში ვარჯიშობდა, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრი გახლდათ.

რაგბის თამაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის  შემდეგ, 1975 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში დაიწყო, საიდანაც მალევე თბილისის „ლოკომოტივში“ ჩაირიცხა. ოლეგ ლიპარტელიანი მაღალი კლასის მორაგბედ  რკინიგზელთა შემადგენლობაში ჩამოყალიბდა და კარიერაში პირველი ტიტულები, სწორედ „ლოკომოტივში“ ირგუნა -  1978 წელს, გუნდმა, საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებთან ერთად, საკავშირო თასი მოიგო.

ოლეგ ლიპარტელიანი ყოველთვის გამორჩეული იყო მოედანზე. დიდი ფიზიკური ძალა,  სისწრაფე, უბადლო ტაქტიკური აზროვნება - მას უმაღლესი დონის მორაგბისათვის საჭირო ყველა  თვისება ჰქონდა,  ერთნაირი სიძლიერით ირჯებოდა  გარემარბის თუ შუამარბის პოზიციაზე, ჰქონდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თამაშის მიმზიდველი, ელეგანტური სტილი.

1980 წელს, „ლოკომოტივიდან“ ქუთაისის „სახლმშენში“(იგივე „აიაში“) გადავიდა და კარიერის დასრულებამდე ამ გუნდის ერთგული დარჩა. ოლეგ ლიპარტელიანი „აიასთან“ ერთად 3-გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი(1987-1989 წ.წ.) და 2-გზის თასის მფლობელი(1987,1990 წ.წ.) გახდა, ამას გარდა, ჩემპიონატის ვერცხლს(1984 წ) და ბრინჯაოს(1985 წ) დაეუფლა. ბოლოს, ის  „აიას“  მოთამაშე მწვრთნელი იყო.

ოლეგ ლიპარტელიანი, თავის დროზე,  საბჭოთა კავშირის ახალგაზრული ნაკრების წევრი გახლდათ და საბჭოეთის მთავარ გუნდშიც არაერთი მატჩი ჩაუტარებია. 1986 წელს, ქუთაისელი მორაგბეები - ოლეგ ლიპარტელიანი და სერგო უგრეხელიძე, - საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, რისთვისაც ორივეს საერთაშორისო კლასის სპორტის  ოსტატის წოდება მიენიჭა. ასეთი პატივი მანამდე არცერთ ქართველ მორაგბეს რგებია. ლიპარტელიანის თამაშის აღიარებაზე ის ფაქტიც კარგად მეტყველებს, რომ იგი 8-ჯერ იყო დასახელებული საბჭოეთის 30 საუკეთესო მორაგბის სიაში.

მორაგბის კარიერაში უდავოდ გამორჩეული იყო 1989 წლის სეზონი. ოლეგ ლიპარტელიანი თავის ბოლო საგაზეთო ინტერვიუში იტყვის:

-სპორტსმენისთვის, თითოეული გამარჯვება განუმეორებელი სიხარულია, მაგრამ არაფერი შეედრება იმ განცდას, მოედანზე პირველად ეროვნული ნაკრების მაისურით რომ გავედი - ჯერ ქუთაისში, მერე ზიმბაბვეში. ასე მეგონა, მეორედ დავიბადე.

ოლეგ ლიპარტელიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი გახლდათ. მას სჯეროდა, რომ ქართული რაგბი დიდ სარბიელზე გავიდოდა. სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო „ბორჯღალოსანთა“  წარმატებებს.

ქართული რაგბის კაშკაშა ვარსკვლავი, ღირსების ორდენის კავალერი. კაცურკაცობის განსახიერება ნაადრევად, 50 წლის ასაკში, უბედური შემთხვევის შედეგად, მეუღლესთან ერთად გარდაიცვალა.

დღეს, ოლეგი  60 წლის გახდებოდა.

 

იუზა კაციტაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.128202