ამბები

11:35 | 28.04.2013 | ნანახია 2429 - ჯერ

“არმია” ფინალშია

 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “არმია”, 25 მაისს XXIII გათამაშების ფინალში ტიტულის დაცვას თანაქალაქელ “ლელოსთან” ეცდება. ერთი კვირის წინ შესარჩევ პლეი ოფში მარცხის შემდეგ, არმიელებმა მცირე ფინალში ქუთაისის “აია” დამაჯერებლად დაამარცხეს და ტიტულის შენარჩუნებასთან ერთად, რევანშის შანსიც მიეცათ.

გუშინდელ მატჩში ქუთაისელებმა თავდადებით ითამაშეს, მაგრამ რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და “არმიამ” ისინი ლელოებით დასაჯა. მეორე ნახევარში “აიამ” გაიბრძოლა და ბოლოში პრესტიჟის ლელოები მიითვალა, მაგრამ ამ დროს მატჩის ბედი უკვე გარკვეული იყო და აღარაფერი შეცვლილა. ჯამში გამოჩნდა, რომ დღესდღეისობით “არმია” უფრო მაღალი კლასის გუნდია, მან ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა და ახლა მთავარ პრიზს “ლელოს” შეეცილება.
მცირე ფინალს “ავჭალის” სტადიონზე ბლომად მაყურებელი დაესწრო და საინტერესო თამაშიც იხილა.

განვლილი მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ანგარიში მე-5 წუთზე გაგა სინაურიძემ ჯარიმით გახსნა. ქუთაისელებმა სალელოვედ შეუტიეს, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენეს, მერე სინაურიძემ არეკნით სცადა მიზნის მიღწევა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და ნელ-ნელა “არმია” დალაგდა. მათ ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიეს წინ, დაახლოებით 25 მეტრიდან გიორგი ელიზბარაშვილმა ფეხით ჩაკიდა ბურთი და ალექსანდრე ტუჩაშვილმა ის “აიას” ჩათვლის მოედანში დაამიწა. ბახვა კობახიძემ გარდასახვა გამოიყენა და მე-20 წუთზე თბილისელები 7:3 დაწინაურდნენ.

სამ წუთში ქუთაისელები კიდევ ერთხელ შეცდნენ. ფეხით გადაკიდებული ბურთი კობახიძემ თაცვის ნახევარზე აიღო, მეტოქემ ხაზის დალაგება ვერ მოასწრო, თბილისელთა ფულბეკმა თავისუფალი სივრცით ისარგებლა, ხაზი უპრობლემოდ გაჭრა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გიორგი აფციაურს შეაყოლა. კობახიძემ სალელოვე გადაცემას ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. “აია” აირია და რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რასაც ბესიკ ხამაშურიძის მხრიდან 10-მეტრიანი ხაზის დარღვევა და სინბინი მოყვა.

თბილისელებმა მეტობის გამოყენება განიზრახეს, ჯარიმა კარში არ დაარტყეს და ლელოზე ითამაშეს. ისინი მიზანთან ახლოს იყვნენ, როდესაც ტუჩაშვილმა ხაზი გაჭრა, მაგრამ მამუკა ცხადაძემ შეტევისთვის არასწორი მიმართულება აირჩია, ხოლო ელიზბარაშვილმა ხელდახელ შეტევას ფეხით თამაში არჩია და შეცდომა დაუშვა. მერე მანვე 40 მეტრიდან არეკნით სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. 36-ე წუთზე კობახიძემ ჯარიმით სცადა უპირატესობის გაზრდა, თუმცა, მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა.

მალე ქუთაისელებს ხამაშურიძე სინბინიდან დაუბრუნდა და “აიამ” საპასუხო შეტევა წამოიწყო, თუმცა, მეტოქის 22-ში ბურთი დაკარგა, რითაც კარგად ისარგებლა აფციაურმა, დაახლოებით 80 მეტრი ირბინა და თავისი მეორე, ხოლო გუნდის მესამე ლელო გაიტანა. ამას კობახიძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ტაიმი 21:3 დასრულდა.

მეორე ნახევარი “აიას” აქტიურობით დაიწყო და დაახლოებით 20-25 წუთი თამაში სულ “არმიას” ნახევარზე მიდიოდა. 55-ე წუთზე შეცვლაზე ორიოდე წუთის შესულ ბექა მეკოკიშვილს ხამაშურიძის გადაყრაზე თამაში არ მოეწონა და მას ხელი დაარტყა. მცირე ჩხუბის შემდეგ რეფერიმ სწორად განსაჯა სიტუაცია და “არმია” კაცნაკლული დარჩა. ამან ქუთაისელებს ჩამორჩენის შემცირების იმედი გაუჩინა და ზურაბ ძნელაძემ ხაზი გაჭრა, მის ტემპს თანაგუნდელები კარგად აყვნენ, მაგრამ რევაზ ჯინჭველაშვილი გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს. მალევე გიორგი ფრუიძემ გაჭრა ხაზი, მაგრამ ეს სალელოვე შეტევაც უქულოდ დასრულდა.

დრო “არმიაზე” მუშაობდა და მალე მათ უპირატესობის გაზრდის საშუალებაც მიეცათ. კობახიძეს 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ძალიან მალე, 66-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა გიორგი შკინინმა კონტრშეტევისას ფლანგზე მიიღო ბურთი, მბოჭავს დაუსხლტა და მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა გამოიყენა. “აია” რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ არ დანებდა და პრესტიჟის შესანარჩუნებლად ბოლომდე დაუხარჯა. მათი გარჯა 73-ე წუთზე დაფასდა, როდესაც ჯარიმის რამდენჯერმე ზედიზედ გათამაშების შემდეგ, ბექა ყურაშვილმა 73-ე წუთზე ხაზი გაკვეთა და ახლო მანძილიდან ლელო გაიტანა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა გამოიყენა.

შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც ქუთაისელებმა საკუთარი 22-იდან წამოიწყეს შეტევა და ის სერგო კვერნაძემ ლელოთი დააგვირგვინა. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო, მაგრამ “აიას” თამაშის შემოსაბრუნებლად დრო აღარ რჩებოდა და “არმიამ” მამუკა ნინიძის არეკნით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 31:17.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი

მცირე ფინალი. 27 აპრილი. თბილისი. “ავჭალა”. 1500 მაყურებელი

არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 31:17 (21:3)

 არმია: 15. ბ. კობახიძე, 14. ა. ტუჩაშვილი, 13. ი. ჩხიკვაძე, 12. გ. გაგოშვილი (გ. ჯიმშელაძე), 11. გ. აფციაური (გ. შკინინი), 10. გ. ელიზბარაშვილი (მ. ნინიძე), 9. რ. ჯინაშვილი; 1. გ. ზაქაშვილი (გ. კაკოვინი), 2. შ. მამუკაშვილი (ბ. მეკოკიშვილი), 3. დ. გურგენიძე, 4. ი. სურგულაძე (გ. ჟღენტი), 5. მ. ცხადაძე (მ. არჩუაშვილი), 6. ბ. ბიწაძე, 7. ლ. აზალაძე. 8. ხ. ბუჯიაშვილი.

4 ლელო: ტუჩაშვილი, აფციაური (2, 3), ჯიმშელაძე

4 გარდასახვა: კობახიძე

1 არეკნი: ნინიძე

1 სინბინი: მეკოკიშვილი

მწვრთნელი: ნ. ჭავჭავაძე

აია: 15. ზ. ძნელაძე, 14. ბ. გოშაძე (ს. კვერნაძე), 13. გ. კუხიანიძე, 12. ბ. ხამაშურიძე, 11. გ. ფრუიძე, 10. გ. სინაურიძე (რ. ჯინჭველაშვილი), 9. გ. როხვაძე; 1. მ. რატიაშვილი (გ. ლომთაძე), 2. ლ. თხელიძე (თ. ლომიძე), 3. თ. ლომიძე (მ. მატკავა), 4. გ. შალამბერიძე, 5. თ. ძაგნიძე (გ. ჩიტეიშვილი), 6. ი. რევიშვილი, 7. ბ. ყურაშვილი, 8. შ. შაშიაშვილი (ი. დგებუაძე).

2 ლელო: ყურაშვილი, კვერნაძე

2 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

1 ჯარიმა: სინაურიძე

1 სინბინი: ხამაშურიძე

მწვრთნელი: კ. გიორგაძე

 

ფინალი. 25 მაისი

ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.118494