რამოდენიმე დღის წინათ კავშირში გვეახლა ჩვენივე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ვეტერანი მორაგბე – თამაზ ანდღულაძე და 23 წლის წინდელი საქაღალდე მოგვიტანა.
იმხანად საქართველო საერთაშორისო აღიარებისთვის იბრძოდა ყველა სფეროში და განხრით. 1989 წლის ივლისში რაგბის საერთაშორისო საბჭოსკენ (ირბ) გზა გაკვალეს დავით კილასონიამ და დუგლას კავთელაშვილმა. ჩვენმა თამაზ ანდღულაძემ დავით კილასონიასგან გადაიბარა ესტაფეტა და ორნახევარი წლის შემდეგ, 1992 წლის თებერვალში, საქმეს თავი დაადგა.
ირბ-ის უელსელმა მდივანმა ქის როულენდზმა, აღმასკომის წინასწარი დასტურით, საბჭოეთის დაშლისთანავე მიიღო საქართველო სარაგბო ოჯახის 52-ე წევრად, რისი წყალობითაც 1995 წლის მსოფლიო თასის შესარჩევებში ჩავებით, მაშინ როცა უკრაინასა და ყაზახეთს აღიარება ერთი ციკლით დაუგვიანდათ.
ბატონმა თამაზმა, იმხანად დიდი მუშაობა გასწია. IRB-ს ელიტის პირადად გაცნობის გარდა, დაუახლოვდა და ჟურნალ R
თამაზ ანდღულაძემ ბრიტანელი ჟურნალისტი 1991 წლისთვის საქართველოში დაპატიჟა, მანამდე კი, 1990 წლის ნოემბერში, ინგლისში ჩაიყვანა და ათამაშა “ქორები” (მანამდეცა და მერეც “ლოკომოტივი”, ერთი ხანობა “ელმავალი” და “ვესტა”). ეს ტურნე ქართული რაგბის ინგლისური დებიუტი იყო, რომელშიც ბიჭებმა გვასახელეს.
ქორები ჯერ თავიანთ მასპინძელ, დასავლეთ სასექსის საგრაფოს დაბა ჰორშემის ამავე სახელწოდების რაგბის კლუბს დაუპირისპირდნენ, ხოლო შემდგომ კი, ინგლისის იმდროინდელი პირველობის მე-6 ადგილოსან რაგბის კლუბ “როსლინპარკს” ეთამაშნენ. “ქორებმა” ორივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგეს (ჰორშემთან 28:9, როსლინპარკთან 27:4).
ბატონი თამაზის და მოთამაშეების გადმოცემით, “როსლინპარკთან” თამაშის წინ, “ქორების” გასახდელში 70 წელს მიტანებული მამაკაცი შევიდა, რომელსაც ხელთ საქართველოს დროშა ეპყრა და ბიჭებს წარუდგა, როგორც კაკი რამიშვილი (საქართველოს პირველი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის – ნოე რამიშვილის ვაჟი) – “ბიჭებო, ახლა თქვენს გვერდით მთელი საქართველოა. გადით მოედანზე და ღირსეულად ეთამაშეთ მოწინააღმდეგეს, რითაც მათ და იგლისური რაგბის უდიდეს პატივისცემას დაიმსახურებთ, ხომ იცით რაგბი ღირსეულ კაცთა თამაშია“, - ამხნევებდა ბიჭებს კაკი რამიშვილი.
იმხანად ვერც მასპინძლები და ალბათ ვერც ბატონი კაკი წარმოდგენდა, რომ ჩვენი ბიჭები “როსლინპარკს” ასე ძლიერ დაამარცხებდნენ. აღსანიშნავია, რომ ბატონი კაკი მთელი მატჩის განმავლობაში ხმამაღლა გულშემატკივრობდა “ქორებს“ და აფრილებდა საქართველოს დროშას.
მოგონებები
თამაზ ანდღულაძე: “მე ვმეგობრობდი ინგლისელ სპორტულ ჟურნალისტ ჰარი თაუნსენდთან, რომელმაც ორგანიზება გაუწია ჩვენს ტურნეს ინგლისში. მოგვიანებით, ჰარი საქართველოშიც გვესტუმრა რამოდენიმეჯერ. მან ჩემი თხოვნით ქართული რაგბის დესპანობა ითავა მაშინდელ სარაგბო მსოფლიოში. ჰარის მეშვეობით ჩვენ მიგვიწვია ჰორშემის სარაგბო კლუბმა. ჰორშემი მყუდრო და პატარა ქალაქი არის ლონდონიდან ნახევარი საათის სავალზე. მასპინძელ რაგბის კლუბის გარდა, ბევრ ადგილობრივ მოყვარულ გუნდსაც ვეთამაშეთ, მათ შორის ჰორშემისა და ისთ-გრინსთედის (ქალაქი სადაც ჰარი ცხოვრობდა) გაერთიანებულ გუნდს. რაღა დაგიმალოთ და ჰორშემით, რომ დავიწყეთ ყველა გუნდს გვარიანად გადავუარეთ.
ჰარი, როგორც სპორტული ჟურნალისტი, ჩვენს ყველა წარმატებაზე წერდა პრესაში და ამგვარად ჩვენის შესახებ ინფორმაცია მივიდა ენდი რიპლიმდე (ინგლისური რაგბის 50-იანი წლების ლეგენდა), რომელიც “როსლინპარკის” მფლობელი იყო – ღონიერი და კარგი ბიჭები ყოფილან ეს თბილისელები და ჩვენთან თამაშზე ხომ არ იტყვიან უარსო, დაინტერესებულა რიპლი.
ჰარიმ ამ შეხვედრასაც გაუწია ორგანიზება და დადგა მატჩის დღე. ჩვენ სანახავად და საგულშემატკივროდ ლონდონიდან ჩამოვიდა ბატონი კაკი რამიშვილი. მახსოვს, რომ ბიჭები გაამხნევა, ცრემლნარევად მოეფერა მათ და მთელი თამაშის განმავლობაში ქართულ დროშას აფრიალებდა მოედანზე.
თამაში დაიწყო და ვერ აგიღწერთ ბიჭებმა ისე ითამაშეს. ყველაფერში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე – დათო ჩავლეიშვილმა ლელო დადო, გარდასახვები და არეკნები გაიტანა, სამ-მეოთხედელებმა ჯაფარაშვილმა და ბესელიამ ისე ითამაშეს, რომ ინგლისელები მათ პირდაღებულები უყურებდნენ. მორკინალების თამაშზე, არ გადავამეტებ და გადაირივნენ. ის თამაში 27:4 მოვიგეთ, მხოლოდ ერთი ლელო დაგვიდეს – იმხანად ლელო 4 ქულა იყო.
სხვათა შორის, ერთ-ერთი თამაშის შემდეგ გამართულ მესამე ტაიმზე გვესტუმრა “ოლ ბლექსის” ლეგენდარული 8 ნომერი, მსოფლიო ჩემპიონი – უეინ შელფორდი.
ძალიან მაგარი თაობა იყო, მაგრამ სამწუხაროდ მათ აღარ მოუწიათ თავის გამოჩენის საშუალება იმ არეულობების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და არაერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მიმაჩნია, რომ არა ეს მოვლენები, დღეს ჩვენი რაგბი ათი წლით უფრო წინ იქნებოდა”.
დავით შუბითიძე: “ჩავედით ჰორშემში, პატარა მყუდრო დაბა იყო ლონდონიდან ოდნავ მოშორებით. ჰორშემამდე გზაში საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან სარაგბო მოედნები მოსჩანდა ან უბრალოდ მინდვრები სარაგბო კარებებით. “ჰორშემის” და “როსლინპარკის” გარდა, რამოდენიმე მოყვარულ გუნდსაც ვეთამაშეთ. მოდიოდნენ და გვთავაზობდნენ, მოდი რაგბი ვითამაშოთო. მახსოვს ერთ-ერთ ასეთ გუნდთან თამაშისას, წინ პირველხაზელი დამიდგა, რომელსაც ერთი ხელი აკლდა.
“ჰორშემთან” მოგებული თამაშის შემდეგ, მასპინძლებმა ტრადიციულ მესამე ტაიმზე გვითხრეს, რომ წინ უფრო სერიოზულ და ძლიერ გუნდთან გვიწევდა თამაში და მათ თუ მაგრად დავუდგებოდით, ერთი ათასად მოიმატებდა ჩვენდამი ინგლისელთა პატივისცემა. თქვენ გგულშემატკივრებთ და აბა თქვენ იცითო.
სიმართლე, რომ გითხრათ ჩვენ არ ვიცოდით, რომ “როსლინპარკთან” უნდა გვეთამაშა. არ ვიცი, ეს მწვრთნელის ჩანაფიქრი იყო, რომ ჩვენ ყურები არ ჩამოგვეყარა თუ უბრალოდ “ჰორშემის” თამაშის შემდეგ გადაწყდა სე. იმ მომენტისათვის ვერც მასპინძლები და ალბათ, ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით, რომ ის მატჩი ასე დამთავრდებოდა. მოკლედ, 27:4 მოვუგეთ “როსლინპარკს”, კლუბს, რომელიც ინგლისის მაშინდელ პირველობაზე მე-6 ადგილს იკავებდა.
მატჩის წინ გასახდელში ჩვენთან შემოვიდა ხნიერი მამაკაცი, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა. ის მამაკაცი გაგვეცნო, როგორც კაკი რამიშვილი და ცრემლნარევი ხმით ჩვენი გამხნევება დაიწყო. სუზტად აღარ მახსოვს თუ რას გვეუბნებოდა, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ამ გამხნევების შემდეგ მოედანზე გავედით და პირველ 15 წუთში გადავწყვიტეთ მატჩის ბედი. ორივე გუნდი გვარიანად კი დავიბეგვეთ”.
მერაბ ბესელია: ”კარგი გუნდი ვიყავით, არ მოვერიდები და ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდისათვის ნუგზარ ძაგნიძე და კიდევ რამოდენიმე ქუთაისელი მორაგბე რომ დაგვემატებინა საქართველოს ნაკრები ვიქნებოდით.
ჰორშემში მასპინძლობა ადგილობრივმა ოჯახებმა გაგვიწიეს. ძალიან თბილად, საკუთარი ოჯახის წევრებივით მიგვიღეს და უნდა გენახათ თამაშებზე როგორ გვგულშემატკივრობდნენ.
პირველად ჰორშემის გუნდს ვეთამაშეთ და გემრიელად მოვუგეთ კიდეც. ისე ძალიან მეგობრული ბიჭები იყვნენ. თამაშის მერე კარგ დროს ვატარებდით ერთად და საერთოდ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში მშვენიერი ტრადიციულად სარაგბო ატმოსფერო სუფევდა. რამოდენიმეჯერ მოყვარულ გუნდებსაც ვეთამაშეთ. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ინგლისის კიდევ ერთ კლუბთან უნდა გვეთამაშა.
ჰორშემელებმა გაგვაფრთხილეს – ბიჭებო საკმაოდ სერიოზულ გუნდს ხვდებით და კარგად მოემზადეთო. ისიც დაამატეს, რომ მათთან დიდი ანგარიშით თუ არ წავაგებდით, შესაძლებელია, შეხვედრები ყოველწლიური გამხდარიყო. მაშინ არ ვიცოდით, რომ ჩვენი მასპინძლები რაგბის კლუბ “როსლინპარკზე” საუბრობდნენ, რომელიც იმ დროისთის ერთ-ერთ ძლიერ გუნდს წარმოადგენდა ინგლისის პირველობაზე.
სიმართლე გითხრათ, არ გვქონდა კარგად გააზრებული თუ როგორი გუნდი იყო “როსლინპარკი”. გვარიანად მოვემზადეთ და მაგარი შემართებით გავედით მინდორზე. გასვლისთანავე ინიციატივა ხელში ჩავიგდეთ და თამაშის ბოლომდე ვდომინირებდით მოედანზე. ყველამ მაგრად ითამაშა. ჰორშემელებმა თამაშამდე დაგვარიგეს, რომ მოწინააღმდეგეს მეტწილად 13 ნომერზე გამოჰქონდა ბურთი და ისე უტევდა, ხოლო ფრთებზე კი შედარებით უჭირდა. ჩვენც შესაბამისად შერკინების იდეალურ თამაშს, დრო და დრო ფრთებიდან შეტევას ვუნაცვლებდით და ამგავრად, რამოდენიმე შედეგიანი შეტევაც განვახორციელეთ”.
სტატია
“ქაუნთი თაიმსი“ – 30/11/90
ავტორი – ბრაიან ოუენი
საბჭოთა ძალა დაუძლეველი აღმოჩნდა ჰორშემის გუნდისათვის
რაგბის კლუბი ჰორშემი – რაგბის კლუბი ქორები (
კვირას, პირველად ინგლისური რაგბის ისტორიაში საბჭოთა რაგბის ტურნე დაიწყო ქალაქ ქუჰერსთში, სადაც რაგბის კლუბი “ჰორშემი” ბაზირებს.
ქართულმა გუნდმა – “ქორებმა”, რომელიც საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონია, სტადიონზე 300-დე გულშემატკივარს მოუყარა თავი, ხოლო ღონიერმა მოთამაშეებმა დაამტკიცეს, რომ რიჩარდ ბელის ბიჭებზე ბევრად ძლიერები ყოფილან.
ინგლისში ქართული სარაგბო კლუბის პირველი ვიზიტის გახსნით მატჩში, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა უძლიერესმა კლუბმა მოლოდინისამებრ გამარჯვება მოიპოვა.
ქართველებმა თითოეულ ტაიმში ორ-ორი ლელო დადეს, რითიც დამაინტრიგებელი წარმოდგენა შეგვიქმნეს აღმოსავლეთ ევროპული რაგბის სიძლიერეებსა თუ სისუსტეებზე.
მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი იყვნენ ყველაზე დიდი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და მეგობრული გუნდი, რომელიც კი ენახათ ჰორშემში. ქართველები გამოირჩეოდნენ წინა ხაზის ძლიერი თამაშით, მძლავრი და სწრაფი სირბილითა და აგრეთვე, კარგად არტყავდნენ ფეხს.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველები ცოტა იყოს დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ, რის გამო ისინი ჯარიმებით დაისაჯნენ, ხოლო ამავდროულად მოწინააღმდეგესთან შედარებით მომცრო მასპინძელთა გუნდი უფრო დისციპლინირებული იყო, რომელიც ქართულ ძლიერ შერკინებას ვირტუოზულ თამაშს უპირისპირებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, თამაშზე შეკრებილმა გულშემატკივარმა იგრძნო თუ რაოდენ მეგობრული ატმოსფერო სუფევდა გუნდებს შორის მოედანზე და ყველა იაზრებდა თამაშის ისტორიულ მნიშვნელობას.
“ჩვენ დარმწუნებულნი ვართ, რომ ბევრს ვისწავლით ამ ტურნეს განმავლობაში“, - თამაშის შემდეგ განაცხადა თბილისელთა მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა.
“ფეხბურთისა და კალათბურთის შემდეგ, რაგბი ყველაზე პოპულარული სპორტია საქართველოში, მაგრამ ხალხი აქ უფრო კარგად იცნობს რაგბს ვიდრე საქართველოში. აქ, ინგლისში, ხალხს შესაშური დამოკიდებულება აქვთ რაგბის მიმართ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გადმოვიღოთ.
ჩვენ ძალზედ ძლიერი მორკინალები გვყავს, მაგრამ მოედნის საფარი შედარებით სწორი რომ ყოფილიყო, უკანა ხაზელები უფრო მეტად ჩაერთვებოდნენ თამაშში“.
ჰორშემის მოთამაშეები თავდაუზოგავად იბრძოდნენ და შერკინებაც მთელი ძალით ირჯებოდა. მასპინძლები სიმაღლეში მათზე უპირატეს ”ქორებს” ენდი ჯოუნს უპირისპირებდნენ.
მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებმა შეძლეს კიდეც “ქორების” დამაჯერებელი ანგარიშის (13:3) ოდნავ შემცირება. გუნდის კაპიტანმა, რიჩარდ ბელმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი, რომელიც ენდი ჯონსონმა ბრწყინვალედ გარდასახა.
ერთ მომენტში ბელმა მიიღო ჯონსონის მოკლე პასი, ხოლო ფრთაზე რიჩარდ კასს რომ არ გავარდნოდა ბურთი, ჯონსონს სალელოვე გადაცემა ჩაეთვლებოდა.
“ქორებმა” მიღებულ ლელოებს რეზო ჯაფარიძის მიძალებით გატანილი ლელოთი უპასუხეს, მალევე ლელო ალეკო ხვედელიძემაც დადო, ხოლო დავით ჩავლეიშვილმა იდეალურად არტყა ფეხი და ქართველების ანგარიში ორი გარდასახვითა და ჯარიმით მნიშვნელოვნად გაზარდა.
საბჭოელებმა კიდევ ერთხელ შეძლეს თავისი დიდი ფიზიკური ძალის დემონსტრირება, როდესაც მატჩის ბოლოსკენ შეცვლაზე შემოსული “ჰორშემის” მოთამაშე მწვრთნელი, ფიზიკურად ძლიერი პიტერ ქოლემენი შებოჭეს, რამოდენიმე მეტრით უკან დასწიეს და მიწაზე დაანარცხეს.
მასპინძელთა შედარებით სუსტმა დაცვამ ის გამოიწვია, რომ ბრწყინვალედ მოთამაშე თენგიზ თავაძის პასით, იგორ ქერაულმა ფრთაზე დაამიწა ლელო, ხოლო ჩავლეიშვილის მიერ გარდასახვის მცდელობა კი ძელზე ბურთის მორტყმით დასრულდა.
ქართველების კაპიტანმა ზაზა ბაკურაძემ, რომელიც საბჭოთა ნაკრების ერთ-ერთი მოთამაშეა, ბრწყინვალე თამაშის შედეგად ჩათვლის მოედნის ცენტრში ლელო დაადებინა ლევან ჩიკვინიძეს, რომელიც ჩავლეიშვილმა გარდასახა.
შემადგენლობები:
რაგბის კლუბი “ჰორშემი”: ელიოტი, ბელი, ჯონსონი, კასსი, მაკალისტერი, გრისი, მაკგინესი (ტეილორი), ჰერვი (ფენინი), გეთერქოლი, დინსდეილი (ქოულმენი), ჯოუნსი, ფრეთთი (ჰოვარდი), ნაში, ქლერი.
რაგბის კლუბი “ქორები”: ჩავლეიშვილი, ხვედელიძე, მარჯანიშვილი, ჩიკვინიძე, საცერაძე, კ.გიუნაშვილი, გ.გიუნაშვილი, ვართანიანი, ქერაული, ბაკურაძე, შუბუთიძე, რაფავა, ნარიმანიძე, ჯაფარაშვილი, ღუდუშაური.
გასაგები მიზეზების გამო, ქართველებსა და ინგლისელებს შორის კომუნიკაცია ცოტაოდენ ჭირდა. გარდა ამისა, სტუმარი გუნდის ზუსტი სახელწოდების გარკვევაც გართულდა – ოფიციალურად გუნდს “რაგბის კლუბი ელმავალი ერქვა“, მაგრამ მას როგორც თბილისის “ლოკომოტივსაც” მოიხსენიებდნენ, ხოლო კვართებზე “ქორები” ეწერათ.
თბილისელების მწვრთნელმა აგვიხსნა, რომ თავის დროზე კლუბი რკინიგზელებმა ჩამოაყალიბეს და შესაბამისად, მას “ლოკომოტივი” დაერქვა, ქართულად კი “ლოკომოტივი” ელმავალია. “ჩვენ თბილისის გუნდი ვართ, ხოლო ამიერიდან გვეწოდება “ქართული რაგბის კლუბი ქორები“ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ქართველები ვართ და არა – რუსები“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია