ამბები

14:27 | 6.05.2013 | ნანახია 2131 - ჯერ

“კლერმონმა” რეგულარული მოიგო

“მონპელიემ” “ტულუზა” აიცილა


 

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის რეგულარული გათამაშება დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” პირველ ადგილზე დაასრულა.

კლერმონელებმა “ტულონს” ლიდერობა ბოლოსწინა ტურში ჩამოართვეს და მინიმალური სხვაობა ხელიდან აღარ გაუშვეს. რეგულარულის მოგება მხოლოდ პრესტიჟის საქმე არაა და “კლერმონს” პლეი ოფში უკეთესი კალენდარიც ხბდა წილად, მაგრამ ჩემპიონობისთვის ორი მძიმე ბრძოლის გადატანა მაინც მოუწევს.

დასკვნით ტურში ლიდერმა ზაზა ნავროზაშვილი “ბორდოს” უმასპინძლა და მომხვდურს შანსი არ დაუტოვა - 67:3. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო. სამაგიეროდ, “კლერმონის” შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშეს პირველხაზელმა ზირაქაშვილმა (51-ე წუთიდან) და მესამეხაზელმა კოლელიშვილმა (52-ე წუთიდან). მასპინძლებმა ტაიმი 25:3 მოიგეს, ჯამში 9 უპასუხო ლელო გაიტანეს, პრემიალური ქულაც აიღეს და რეგულარული პირველობა 91 ქულით დაასრულეს. “კლერმონი” პლეი ოფის პირველ ეტაპზე ისვენებს, ნახევარფინალს 25 მაისს “კასტრსა” და “მონპელიეს” შორის გამარჯვებულთან გამართავს და მასპინძლის უფლებით ისარგევლებს. მანამდე, 18 მაისს, მას ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის “ჰაინეკენის თასის” ფინალი ელის “ტულონთან”.

დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” “კლერმონს” რეგულარულ გათამაშებაში მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა (ჯამში 90 ქულა). ტულონელები დასკვნით ტურში “აჟენს” დაუხვდნენ, სამი ლელო გაუშვეს, მაგრამ თავად 6 გაიტანეს, 43:21 იმარჯვეს და პრემიალური ქულაც აიღეს. განვლილ მატჩში მიქაუტაძე განაცხადში არ იყო, ქუბრიაშვილი შეცვლაზე 56-ე, ხოლო ჩილაჩავა 66-ე წუთზე შევიდა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში 4 ლელო გაიტანეს, უილკინსონმა ოთხივე გარდასახვა გამოიყენა, მანამდე ანგარიში კი, ანგარიში ჯარიმით გახსნა. “აჟენმა” შესვენებამდე ერთი ლელოთი უპასუხა, გარდასახვაც ზუსტი იყო და ტაიმი 31:7 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში “ტულონმა” ლელო-გარდასახვით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა, დასკვნით 10 წუთში ორი ლელო-გარდასახვა გაუშვა, მაგრამ შუაში 1 ლელო თავადაც გაიტანა და მოგებასთან ერთად პრემიალური ქულაც გაინაღდა. ნახევარფინალში ის მასპინძლის უფლებით ისარგებლებს და “ტულუზასა” და “რასინგ მეტროს” შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო მანამდე “ჰაინეკენის თასის” მოგებას შეეცდება.

რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში ყველაზე დიდი ინტრიგა “რასინგ მეტროსა” და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრიის” დაპირიპირებას ახლდა. ეს გუნდები პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლების მისაღებად იბრძოდნენ. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა, მისმა გუნდმა კი, სტუმრად პრემიალური ქულის აღება მოახერხა, რეგულარული გათამაშება 74 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა და 11 მაისს პლეი ოფის პირველსავე ეტაპზე მასპინძელი იქნება.

მასპინძელმა “რასინგ მეტრომ” თამაშის პირველი ნახევარი უკეთ ჩაატარა და ტაიმი 19:6 მოიგო, ხოლო მეორეს დასაწყისში ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 55-ე და 58-ე წუთებზე “კასტრმა” ორი ლელო გაიტანა, ერთი გარდასახვა გამოიყენა და ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა (18:22), ხოლო 71-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 25:22 დაწინაურდა. “რასინგ მეტრომ” საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე ლელო-გარდასახვით უპირატესობა დაიბრუნა. სტუმრებს პრემიალური ქულაც რომ აძლევდათ ხელს, ბოლო წუთზე ჯარიმა კარში დაარტყეს, 28:29 დამარცხდნენ და მე-4 ადგილი დაიბევეს.

“რასინგ მეტრომ” მე-5 ადგილიც დაკარგა, რადგან მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”, “პერპინიანს” 50:22 აჯობა, პრემიალური ქულაც აიღო, მეტოქის მსგავსად 73 ქულა დააგროვა, მაგრამ მას დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე “ტულუზასთან” თამაში აიცილა. მართალია “მონპელიემ” მასპინძლობა ვერ მიიღო და “კასტრს” სტუმრად ეთამაშება, მაგრამ ყველაზე ტიტულოვან ფრანგულ კლუბ “ტულუზასთან” თამაშს, ეს ნამდვილად ჯობდა.

ჟღენტი მასპინძელთა განაცხადში არ იყო, გორგოძემ შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ხოლო პირველხაზელი ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. ორივე გუნდმა აქცენტები ლელოს გატანაზე გააკეთა და მაყურებელმაც ჯამში 11 ლელო იხილა - აქედან 7 მასპინძლებისა იყო. “მონპელიე” თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანა და 22:0 დაწინაურდა. მეორე ნახევრის დასაწყისში მათ კიდევ ერთი ლელო მიითვალეს და 29:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მოეშვნენ და მეტოქეს საპასუხო ლელოების გატანის საშუალება მისცეს, მაგრამ მასპინძლები ყოველთვის ახერხებდნენ პრემიასთვის საჭირო უპირატესობის შენარჩუნებას და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს.

ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზამ” “გრენობლი” 57:7 გაანადგურა, რეგულარული გათამაშება 79 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე 10 მაისს “რასინგ მეტროს” დაუხვდება. 8 ლელო ერთის საპასუხოდ, ასეთია ამ თამაშის საბოლოო შედეგი. ტაიმი აქაც 22:0 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ლელო სტუმრებმა მიითვალეს და მერე მასპინძლებისგან ხუთი მიიღეს. კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, თუმცა, სულ ბოლოს სამი წუთით მოედანზე დაბრუნება მოუხდა. ბრეგვაძე შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და 40 წუთი გაისარჯა.

ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” “ბიარიცს” ეწვია, არაფრისმომცემ მატჩში 17:52 დამარცხდა და რეგულარული გათამაშება 54 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს. პარიზულ კლუბს სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი 17 მაისს, დუბლინში, ირლანდიურ “ლენსტერთან” ელის, რომელშიც მასპინძლებს რანგით მეორე “ამლინ ჩელენჯ ქაფს” შეეცილება.

თამაზ მჭედლიძის “მონ-დე-მარსანი” ქართველი უკანახაზელის გარეშე დაუხვდა “ბაიონს” და დაძაბულ ბრძოლაში 33:36 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერის გუნდმა გათამაშება 16 ქულით, ბოლო ადგილზე დაასრულა და ახალ სეზონს რანგით მეორე Pro D2-ში დაიწყებს.

 

Top 14. პლეი ოფები. პირველი ეტაპი (გასავარდნი)

10 მაისი

ტულუზა - რასინგ მეტრო

11 მაისი

კასტრი - მონპელიე 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.695296