ამბები

13:33 | 7.05.2013 | ნანახია 1625 - ჯერ

ქართველთა სამი გუნდი Pro D2-ის პლეი ოფში

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული გათამაშება დასრულდა და Top 14-ის საგზურისთვის შვიდი ქართველი ლეგიონერის სამი გუნდი იბრძვის, ერთი გუნდი კი, ელიტას დაემშვიდობა.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უძლიერესთა შორის თამაშის უფლების მისაღებად ფინალში სამი ქართველი აუცილებლად იბრძოლებს. ეს იმიტომ, რომ ნახევარფინალში ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი” ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკს” ეთამაშება და რაღა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლებას აუცილებლად მიიღებს.

რეგულარული გათამაშების დასკვნიტ ტურში, “ბრივი” “ექს-ან-პროვანსს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 30:25 დაამარცხა. ხინჩაგიშვილი, რომელიც მომავალ სეზონს “რასინგ მეტროში” დაიწყებს, განაცხადში არ იყო. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ შველიძე მოხდა, ის 22-ე წუთზე გაასინბეს, ხოლო 51-ე წუთზე შეცვალეს. 51-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ნატრიაშვილი, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა და შესაცვლელი შეიქმნა. მასპინძლები უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოდნენ და მეტოქეს მედგარი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ საბოლოოდ კლასმა თავისი გაიტანა და “ბრივმა” 4 ქულა ჩაიწერა, რითაც პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება დაიბევა.

“ორიაკს” პლეი ოფში გამსვლელი მე-5 ადგილის დასაბევებლად 1 პრემიალური ქულა სჭირდებოდა და სტუმრად ბექა შეყლაშვილის “ბეზიესთან” ამოცანა წარმატებით გადაჭრა. მასპინძელთა შორის შეყლაშვილმა შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა. სტუმართა შორისაც მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა და ნაცარაშვილი პირველიდან 48-ე წუთამდე გაისარჯა. “ბეზიემ” ტაიმი 17:6 მოიგო, “ორიაკმა” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 4 ქულამდე 47-ე წუთზე დაიყვანა, მაგრამ ტაიმის შუაში ლელო-გარდასახვა თავადაც გაუშვა. სტუმართა გარჯა ბოლო წუთზე დაფასდა, მათ მეორე ლელო მიითვალეს, გარდასახვა ვერ გამოიყენეს, მაგრამ 18:24 დამარცხდნენ და საჭირო 1 ქულა ჩაიწერეს.

ახლა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი”, რომელიც დასკვნით მატჩს 8 მაისს “ნარბონთან” გამართავს, მათ 6 ქულით ჩამორჩება და გადასწრების შანსი აღარ შერჩა.

პლეი ოფში მესამე ადგილით გავიდა და “ლა როშელთან” მასპინძლის უფლებით ისარგებლებს მამუკა მაგრაქველიძის “პო”, რომელმაც დასკვნით მატჩში Pro D2-ის გამარჯვებული “უაიონა” 73:27 გაანადგურა. სახალისო მატჩში 13 ლელო გავიდა და აქედან 10 მასპინძლების ანგარიშზეა. მაგრაქველიძემ შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა.

Pro D2-ს შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასი” დაემშვიდობა, რომელიც ელიტაში შარშან დაწინაურდა და ადგილი ვერ შეინარჩუნა. მისთვის დასკვნით ტურში “კოლომიესთან” მატჩს აზრი აღარ ჰქონდა და 27:55 დამარცხდა. განაცხადში მხოლოდ პირველხაზელი აშვეთია იყო და ის შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა.

ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბიმ”, პლეი ოფში გასული “ლა როშელი” 34:21 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 55-ე წუთამდე სულ წინ იყვნენ და 5 წუთით ადრე 21:12 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნითი ნახევარი საათი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს. თეთრაშვილი და თოდუა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, პირველი 62-ე, ხოლო მეორე 65-ე წუთზე შეცვალეს. თავის მხრივ 44-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მაისურაძემ.

გურამ კავთიძის “ლიონი” “კარკასონთან” 12:52 დამარცხდა. კავთიძემ შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა. დამარცხდა ტარიელ რატიანიძის “დაქსიც”, რომელსაც “ოშმა” 15:6 აჯობა. ქართველმა პირველხაზელმა პირველი ტაიმი ითამაშა და შეცვალეს, მაგრამ დასკვნით 2 წუთში მოედანზე დაბრუნება მოუწია.

Top 14-ის საგზურისთვის ნახევარფინალები 11 და 12 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი 19 მაისსაა დანიშნული.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087984