ამბები

14:10 | 8.05.2013 | ნანახია 2582 - ჯერ

15 წლის “ბორჯღალოსნებმა” კორსიკას ტურნირი მოიგეს

 

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ევროპული ტურნეს პირველ შეჯიბრში - Give Me Rugby, რომელიც 4 და 5 მაისს კუნძულ კორსიკაზე გაიმართა, ბრწყინვალედ იასპარეზეს და რვავე თამაში გამარჯვებით დაასრულეს.

4 მაისს ჩვენი მოზარდები ეთამაშნენ ლიონის დაბა ვიენეს (მომავალი ტურნირის მასპინძლები) ნაკრებ გუნდ “ენტენტის”, რომელიც 36:0 დაამარცხეს. პირველი დღის დანარჩენ მატჩებში მათ მონაკოს გუნდი 34:0, კორსიკის პირველი რეგიონალური ნაკრები 26:0 და ტულუზის სასკოლო ნაკრები 17:5 დაამარცხეს. პირველი დღის ბოლო მატჩში ქართველი 15-წლამდელები ახალი ზელანდიის, ქრაისჩერჩის სარაგბო აკადემიის გუნდს შეხვდნენ და 19:0 სძლიეს.

როგორც ხედავთ, ყველაზე მეტად ტულუზელთა და ზელანდიელთა წინააღმდეგ გაჭირდა თამაში, მაგრამ ქართველმა 15-წლამდელებმა მათ სამ-სამი ლელო მაინც გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ ტულუზელთაგან მიღებული ლელო ერთადერთი იყო რვავე მატჩში.

5 მაისს “ბორჯღალოსნები” დანარჩენი რეგიონების გუნდებს ეთამაშნენ და ერთმანეთის მიყოლებით - 34:0, 18:0 და 21:0 დაამარცხეს. პირველი ტურნირის შემდეგ, ნაკრები 1-2 დღეს დაისვენებს და ვიენის ტურნირში ჩაებმება. მთლიანობაში, კორსიკის ტურნირზე ბიჭების გარჯით მწვრთნელები კმაყოფილნი არიან, მაგრამ ამ ეტაპზე ვინმეს გამოყოფას ერიდებიან. მათი თქმით, ხაზგასასმელია ბიჭების აშკარად გააზრებული, გუნდური და ხელდახელ თამაში. მწვრთნელებმა აგრეთვე დასძინეს, რომ მოთამაშეები იაზრებენ, თუ რაოდენ უფრო ძლიერი ტურნირი ელით წინ და ყურადღებით ემზადებიან მომავალი თამაშებისათვის.

 

www.rugby.ge

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083627