საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი უკანახაზელი, თბილისის “ლელოს” მორაგბე ლექსო გუგავა, გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება.
“ლელოსა” და “არმიას” შორის ფინალური შეხვედრა 25 მაისს გაიმართება. “მსოფლიო სპორტი” ლექსო გუგავას მომავალი ჯახის გარდა განვითარების ჯგუფის მუშაობაზეც დაეკითხა. ამასთან, ყოფილი “ბორჯღალოსანი” საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტიცაა, ქართველ სტუდენტებს კი, სულ მალე მსოფლიოს უნივერსიადა ელით.
- როგორ ემზადებით “არმიასთან” გასამართი ფინალისთვის?
- შესარჩევი ნახევარფინალის მოგების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა დასვენების საშუალება მოგვცა და ახლა ნელ-ნელა ისევ ვიწყებთ სრული ინტენსივობით ვარჯიშს. მოგვიანებით შეკრებაც გვექნება. მოკლედ, ვემზადებით ისე, როგორც ფინალს და მეტოქეს ეკადრება. “არმია” ძალიან ძლიერი გუნდია და მიხარია ნელ-ნელა საქართველოს ჩემპიონატი რომ ძლიერდება. წელს არცერთი გუნდი არ იყო ხელწამოსაკრავი და წინდაწინ ვერავისთან დაგეგმავდი გამარჯვებას. ამის დასტურია დაძაბული პლეი ოფი და მწამს, ფინალიც საკადრისი იქნება.
- მხოლოდ “ყოჩებმა” და “აკადემიამ” ჩააგდეს სეზონი...
- ორივე მათგანმა პირველი წრე ძალიან კარგად ჩაატარა და როგორც ჩანს, ტრავმებმა შეუშალათ ხელი, თორემ მანამდე საკმაოდ კარგად თამაშობდნენ.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლესი ლიგის გუნდების ათამდე გაზრდამ და ზოგადად სისტემის ცვლამ გაამართლა?
- გუნდების ზრდამ ნამდვილად გაამართლა, რადგან კიდევ ვიმეორებ, სუსტი მეტოქე არცერთი არ ყოფილა. მეტნაკლებად ყველა აკმაყოფილებდა იმ დონეს, რაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ეკადრება.
- “ლელომ” ჩემპიონატი კარგად დაიწყო, მაგრამ რეგულარული გათამაშების ბოლოს რამდენიმე მოულოდნელი მარცხი განიცადა...
- რეგულარულ გათამაშებაში პირველი-მეორე ადგილის დაკავება პრაქტიკულად არაფერს ცვლიდა, მხოლოდ სახელში იყო განსხვავება. ამიტომ, მთავარმა მწვრთნელმა თავს უფლება მისცა და ექსპერიმენტები განახორციელა. მან ისეთ მორაგბეებს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც მანამდე თამაში არ უწევდათ. უახლოესი რეზერვი მზად უნდა ყოფილიყო, გადამწყვეტ მატჩებში ვინმეს შეცვლა რომ გამხდარიყო საჭირო. სწორედ ამ ცვლილებებმა განაპირობა დასკვნით ტურებში მარცხები.
- როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის წევრი, როგორ ფიქრობ, რამდენად სწორი გზით ვითარდება ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრები მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით?
- ვფიქრობ, ზოგადად ქართული რაგბი და მათ შორის სანაკრებო დონეც, ნელ-ნელა ვითარდება და წინ მიიწევს. მილტონი ცდას არ აკლებს, რომ გუნდის თამაშის სტილი შეცვალოს, გააუმჯობესოს. ჩვენ მსოფლიო უფრო ძალისმიერი თამაშით გვიცნობს, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. ძველ შეხვედრებს თუ გადახედავთ, შიგადაშიგ “ბორჯღალოსნები” გამართულ გაშლილ თამაშს აჩვენებდნენ. ტყუილად ვფიქრობთ, რომ როდესმე ხაზის კარგი მოთამაშეები არ გვყავდა, უბრალოდ, კომბინირებულ თამაშზე ნაკლებად კეთდებოდა აქცენტი. კარგია, რომ სამწვრთნელო შტაბი იმ მორაგბეებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ, პერიოდულად უტარებენ ინდივიდუალურ ვარჯიშებს და ამის საშუალებას მათ ინფრასტრუქტურაც აძლევთ. რაღაც ეტაპია გასავლელი, რომლის შემდეგაც მწამს, საქართველოს ნაკრები ერთიანად მოუმატებს და სულ სხვა, ბევრად უფრო მაღალ დონეზე გავა.
- განვითარების ჯგუფი ქართული რაგბის არეალის გაფართოვებაზეც ზრუნავს...
- მარტო ჩვენ კი არა, მთელი რაგბის კავშირი იმაზეა ორიენტირებული, რომ მხოლოდ თბილისში და ქუთაისში არ იყოს სარაგბო ცენტრი. ვცდილობთ, აჭარაში, კახეთში, ქართლის სხვადასხვა რეგიონებში, იმერეთში, რაც შეიძლება მეტი კერები გავაჩინოთ. ახლა სვანეთის მიმართულებაზე მიდის აქტიური მუშაობა. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ რაგბში და ვაზიაროთ იმ დაუწერელ კოდექსთან, რაც სპორტის ამ სახეობას მოაქვს. ამას ის სიკეთეც მოყვება, რომ ეს ხალხი ქართულ კლუბებს და ნაკრებ გუნდებს გამოადგებიან.
- ახლახანს ახალი კერა პანკისის ხეობაშიც დაარსდა...
- ამ მიმართულებით თენგო ცისკარიშვილმა უკვე დაიწყო მუშაობა. მან 30-40 ადგილობრივი ახალგაზრდა შეარჩია, კვირაში ორჯერ ჩადის და ბიჭებს ავარჯიშებს. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ვარჯიშების სიხშირე მოიმატებს და ამ რეგიონს ინვენტარითაც დავეხმარებით. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას გარკვეულ კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან ფინანსური დახმარება გაგვიწიონ და ეს პროექტი დაასპონსორონ. ნელ-ნელა იქით მიდის საქმე, რომ პანკისიდან ქართული რაგბი მალე მნიშვნელოვან შევსებას მიიღებს. ვცდილობთ, რომ ეთნიკურად არაქართველი ადამიანებით დასახლებულ ადგილებზე რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ და რაგბის მეშვეობით მოხდეს ამ ადამიანების მაქსიმალური ინტეგრირება საერთო ქართულ საქმეში. გრძელდება ჩვენი პროგრამა არასრულწლოვანთა კოლონიაშიც.
- თქვენ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტიც ხართ. რა სიახლეებია ამ მიმართულებით?
- საუნივერსიტეტო სპორტს წელს ჩავუდექი სათავეში და შეიძლება ითქვას, ეს ჩემთვის ახალი ხილია. წელს უკვე ჩავატარეთ რამდენიმე სპორტული ღონისძიება. ზამთრის სპორტულ სახეობაში არ ჩავატარეთ კლასიკური მიმართულები და რადგან საუნივერსოტეტო სპორტია, აქცენტი უფრო სახალისო და ექსტრემალურ მიმართულებებზე გავაკეთეთ. ჩვენც და სტუდენტებიც კმაყოფილნი დავრჩით. ზოგადად, სტუდენტური სპორტი უფრო სახალისო უნდა იყოს და ამასთან, მასობრიობაზე გაკეთდეს აქცენტი. თუმცა, თამაშებში ის პროფესიონალებიც იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ამავდროულად სტუდენტები არიან.
ფუტზალში საქართველოს ჩემპიონატმა ფურორი გამოიწვია. მასში 32 სასწავლებლის გუნდი იღებდა მონაწილეობას და პირველ ეტაპზე რეგიონალური პრინციპით ჩავატარეთ შეჯიბრება, მერე კი, “ქარიშხალას” დარბაზში შევკრიბეთ საუკეთესონი. მინდა გითხრათ, რომ თამაშების მსვლელობისას დარბაზი გადაჭედილი იყო. სამომავლოდ ფუტზალში, კალათბურთში, სათამაშო სახეობაში, წრიული ჩემპიონატის ჩატარებას ვგეგმავთ. ის სწავლის დაწყებასთან ერთად აიღებს სტარტს და სტუდენტებს მთელი წლის განმავლობაში მოუწევთ თამაშები. რამდენიმე ეტაპად ტარდება შეჯიბრი ინდივიდუალურ სახეობებშიც და ამის მიხედვით ვავლენთ გამარჯვებულს.
- წელს მსოფლიო უნივერსიდაზეც გიწევთ გამოსვლა...
- დიახ და გვსურს, რომ ყაზანში 10 სახეობაში გამოვიყვანოთ გუნდი თუ სპორტსმენი. ვცდილობთ, სოლიდური სპორტსმენებით წარვდგეთ. რა თქმა უნდა წავიყვანთ მოჭიდავეებს და მათი დიდი იმედი გვექნება, ასევე 7-კაცა რაგბის გუნდს, რომელიც უკვე გახდა ოლიმპიური სახეობა, იქნება წყალბურთი, ფარიკობა, ჭადრაკი და ა.შ.
ძლიერი გუნდით უნდა გამოვიდეთ, რადგან წელს კანადის დელეგაციას რუსეთში 10 ოლიმპიელი მიჰყავს, უნგრეთს ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს, ასევე იაპონიასაც. ძლიერ გუნდს გამოიყვანს მასპინძელი რუსეთიც. მსოფლიო უნივერსიადას აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, არადა, მასში 170 ქვეყნის 10 ათასზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას და ვფიქრობ, მეტ პატივისცემას იმსახურებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია