ამბები

13:00 | 10.05.2013 | ნანახია 1452 - ჯერ

ლონდონში ოთხი ცვლილებით ლეგიონერების გარეშე

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებს, ხვალ და ზეგ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის მომავალი გათამაშების დასკვნითი შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის.

შეგახსენებთ, რომ პირველ შესარჩევ ეტაპზე ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე იამაიკა დაამარცხეს, მერე ბრაზილიას დაუზავდნენ და იაპონიასთან დამარცხდნენ, მაგრამ ეს მეოთხედფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. კახა ალანიას შეგირდებმა მეოთხედფინალში იმავე იაპონიასთან რევანში აიღეს, ნახევარფინალში გასვლით ოთხეულში მოხვდნენ და ამით ლონდონის საგზური დაიბევეს. ნახევარფინალში “ბორჯღალოსნები” ტონგასთან დამარცხდნენ, მაგრამ ეს აღარაფერს ცვლიდა.

ლონდონში, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არენა “თვიქნემზე”, მსოფლიო სერიის დასკვნითი ეტაპის პარალელურად, დასკვნითი შესარჩევი ეტაპიც იმართება. შესარჩევ ტურნირში 8 ნაკრები იღებს მონაწილეობას - ჰონკონგის ეტაპის ოთხი მოწინავე - ზიმბაბვე, რუსეთი, ტონგა და საქართველო, აზიის გამარჯვებული ჰონკონგი და მსოფლიო სერიის სამი ბოლოადგილოსანი - შოტლანდია, ესპანეთი და პორტუგალია. ამ ოთხიდან სამი საუკეთესო, მომავალი მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე თამაშის უფლებას მიიღებს.

ამრიგად, პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის მატჩები უწევს და ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა ის, თუ ვინ იქნება მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქე. აქ უკვე უცილობლად გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლაა საჭირო. ორი ფინალისტი მსოფლიო სერიის საგზურს ინაღდებს, ნახევარფინალში დამარცხებულები კი, ბოლო, მესამე საგზურისთვის იბრძოლებენ და გამარჯვებული საგზურს დაიბევებს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში შოტლანდიასთან, ზიმბაბვესთან და ჰონკონგთან მოხვდა. შაბათს, თბილისის დროით 12:22 საათზე ქართველთა მეტოქე შოტლანდია იქნება, 15:12 საათზე ჰონკონგი, ხოლო ჯგუფური ეტაპი 17:58 საათზე ზიმბაბვესთან ჯახით დასრულდება. კვირას მეოთხედფინალები 12 საათიდან დაიწყება. მეორე ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიის, რუსეთისა და ტონგას ნაკრებები მოხვდნენ.

ჰონკონგის ეტაპისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არცერთი ლეგიონერი არ მოხვდა და სულ ოთხი ცვლილება განხორციელდა. ირაკლი მაჩხანელის (“არმაზი”, თბილისი), ვიტო კოლელიშვილის (“კლერმონი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუასა (“ალბი”, საფრანგეთი) და თედო ზიბზიბაძეს (“პერიგო”, საფრანგეთი) ნაცვლად, ლონდონში ირაკლი გეგენავა, ალეკო ხუციშვილი, თორნიკე ცერცვაძე და მერაბ შარიქაძე მიემგზავრებიან. შარიქაძეს ჰონკონგის ეტაპზეც უნდა ეთამაშა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაშისას დაშავდა და გუნდს ამის გამო დააკლდა. ის ინგლისიდან მშობლიურ კლუბ “აკადემიაში” დაბრუნდა და ჯერჯერობით ლეგიონერთა სიაში არ ითვლება.

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ლონდონში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ალეკო ხუციშვილი (“არმაზი”, თბილისი), თორნიკე ცერცვაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი), ირკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი”, ბათუმი), გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპი

11-12 მაისი. ლონდონი. ინგლისი

A ჯგუფი

შოტლანდია

ჰონკონგი

ზიმბაბვე

საქართველო

B ჯგუფი

პორტუგალია

ესპანეთი

ტონგა

რუსეთი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.13222