ამბები

16:07 | 11.05.2013 | ნანახია 932 - ჯერ

ჰონკონგს მხოლოდ ტაიმი მოვუგეთ

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის მომავალი გათამაშების დასკვნითი შესარჩევი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მეორე თამაშიც წააგო.

პირველ მატჩში შოტლანდიასთან 0:29 მარცხის შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” ჰონკონგთან პირველი ტაიმი 0:17 დათმეს, მეორეში 12:0 იმარჯვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ აზიელთა წინააღმდეგ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ძნელაძე, ღვინჯილია, გეგენავა, ხმალაძე, ცერცვაძე, ფრუიძე, შარიქაძე. შეცვლებზე კობახიძე, გოგოლაშვილი და მახარაშვილი შევიდნენ.

“თვიქნემის” ცენტრალურ არენაზე თამაში ქართველთა უპირატესობით დაიწყო და ჩვენს გუნდში საუკეთესო ლაშა ხმალაძემ პირველსავე წუთზე ხაზი გაჭრა, მაგრამ ბოლო მცველმა მისი შებოჭვა მოახერხა და იერიში ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 30 მეტრში შეფერხდა. “ბორჯღალოსნები” თითქოს ურიგოდ არ თამაშობდნენ, მაგრამ ხშირად ჯარიმდებოდნენ, შესაბამისად, ბურთიც უმეტესად მეტოქეს ჰქონდა და მათ შესვენებამდე სამი ლელო გაიტანეს - 1:08, 4:36 და 6:40 წუთებზე. აქედან მეტოქემ მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა და 17:0 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ქართველები მეტოქის 22-ში საერთოდ არ შესულან.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა და ეს შედეგშიც მალევე აისახა. ხმალაძის კარგი თამაშის შემდეგ იერიში გიორგი ფრუიძემ გააგრძელა, მას მოძრაობაში ხელი მსაჯმა შეუშალა და თითქოს შეტევაც შეფერხდა, მაგრამ მარცხნიდან თორნიკე ცერცვაძე ჩაერთო კარგად, ორ მცველს გვერდითი ხაზის სიახლოვეს დაუსხლტა და ლელო გაიტანა. ხმალაძეს რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა. შეხვედრის დასრულებამდე წუთი და 20 წამი რჩებოდა, როდესაც მეორე ლელო გავიდა. მეტოქის დერეფანის ჩვენსავე ნახევარზე მოგებას შეტევაში სწრაფად გადასვლა მოყვა, მიმყოლებმა ივარგეს, მერე მარჯვება ფლანგზე ირაკლი გეგენავა მბოჭავს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო შავლეგ მახარაშვილმა გარდასახვა გამოიყენა.

დრო ძალიან ცოტა იყო, ის ჰონკონგმა ბურთაობაში გაიყვანა და 17:12 იმარჯვა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველო ზიმბაბვესთან, თბილისის დროით 17:58 საათზე გამართავს. ჯგუფური ეტაპი დღესვე დასრულდება, იქ დაკავებული ადგილების მიხედვით გუნდები 1/4-ფინალებში დაწყვილდებიან და ხვალიდან გადამწყვეტი მატჩები დაიწყება. შეგახსენებთ, 2013/2014 წლების მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე თამაშის უფლებას, რვა გუნდს შორის სამი საუკეთესო მიიღებს.

A ჯგუფის მეოთხე მატჩში ზიმბაბვე შოტლანდიასთან ორი ლელოთი და ორი გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ პირველ ტაიმზე დამატებულ დროში ერთი ლელო და გარდასახვა თავადაც გაუშვა, მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ორი ლელო მიიღო, გარდასახვები ამჯერადაც ზუსტი იყო და აფრიკელებმა მარცხი განიცადეს. B ჯგუფის მორიგი თამაშები ამ წუთებში მიმდინარეობს.

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ლონდონში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ალეკო ხუციშვილი (“არმაზი”, თბილისი), თორნიკე ცერცვაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი), ირკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი”, ბათუმი), გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

 

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპი

11-12 მაისი. ლონდონი. ინგლისი

A ჯგუფი

ზიმბაბვე - ჰონკონგი 12:7

შოტლანდია - საქართველო 29:0

ჰონკონგი - საქართველო 17:12

შოტლანდია - ზიმბაბვე 21:14

 

1 შოტლანდია 2 2 0 0 50-14 6
2 ჰონკონგი 2 1 0 1 24-24 4
3 ზიმბაბვე
2 1 0 1 26-28 4
4 საქართველო 2 0 0 2 12-46 2

 

 ზიმბაბვე - საქართველო

შოტლანდია - ჰონკონგი

 

B ჯგუფი

ტონგა - ესპანეთი 19:17

პორტუგალია - რუსეთი 26:10

 

1 პორტუგალია
1 1 0 0 26-10 3
2 ტონგა 1 1 0 0 19-17 3
3 ესპანეთი 1 0 0 1 17-19 1
4 რუსეთი 1 0 0 1 10-26 1

 

 ესპანეთი - რუსეთი

პორტუგალია - ტონგა

ტონგა - რუსეთი

პორტუგალია - ესპანეთი

 


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085475