თბილისის “ყოჩებმა” და “აკადემიამ” საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მომავალ გათამაშებაში უძლიერესთა შორის თამაშის უფლების მოსაპოვებლად გამართული პლეი ოფის პირველი მატჩები მოიგეს.
შეგახსენებთ, რეგლამენტის თანახმად, უმაღლეს ლიგაში მეცხრე-მეათე ადგილზე გასული გუნდები პირველი ლიგის პირველ-მეორეადგილოსნებთან ორრაუნდიან ბრძოლას მართავენ და ჯამში გამარჯვებულები უძლიერეს ათეულში თამაშის უფლებას იღებენ.
უმაღლესი ლიგის მეცხრეადგილოსანი “აკადემია” პირველი ლიგის მეორეადგილოსანს - ქუთაისის “ბაგრატს” ეწვია და 18:8 იმარჯვა. საპასუხო მატჩში, 22 მაისს, ქუთაისელები მეტოქეს თბილისში, “შევარდენზე” დაუპირისპირდებიან და ჯამში წარმატების მისაღწევად 10-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მართებთ, აკადემიელებს კი, ამოცანის შესასრულებლად ამ ფორის შენარჩუნება ჭირდებათ.
მეორე მატჩში უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზე გასული “ყოჩები” “თიბისის” დაუპირისპირდა და 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მათ პირველი ლიგის გამარჯვებული 19:6 დაამარცხეს და 22 მაისს ისევ “ავჭალაზე” ამ უპირატესობის შენარჩუნებას ეცდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია