ამბები

19:59 | 11.05.2013 | ნანახია 1183 - ჯერ

7-კაცას სამი მარცხი და ბოლო ადგილი

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის მომავალი გათამაშების დასკვნითი შესარჩევი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში წააგო. კახა ალანიას შეგირდებს რვა გუნდში ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდათ და 1/4-ფინალში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პორტუგალიას შეხვდებიან.

პირველ მატჩში შოტლანდიასთან 0:29 მარცხის შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” ჰონკონგთან პირველი ტაიმი 0:17 დათმეს, მეორეში 12:0 იმარჯვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ჯამში 12:17 დამარცხდნენ. ამრიგად, “ბორჯღალოსნებს” ზიმბაბვესთან უცილობლად გამარჯვება სჭირდებოდათ, თანაც რაც შეიძლება დიდი სხვაობით, რათა განთესვისას შედარებით უკეთესი ადგილი დაებევებინათ და მეოთხედფინალშიც უკეთეს მეტოქესთან ეთამაშათ, მაგრამ...

აფრიკელები პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ და ტაიმის შუაში მეორე ლელო გაიტანეს, რაზეც შესვენებამდე წუთნახევრით ადრე მერაბ შარიქაძემ ლელოთი, ხოლო შავლეგ მახარაშვილმა გარდასახვით უპასუხა - 12:7. დაიწყო მეორე ტაიმი და ზმბაბვემ ლელო-გარდასახვით უპირატესობა გაზარდა, მერე ქართველები გააქტიურდნენ, აფრიკა სინბინით დაისაჯა და თორნიკე ცერცვაძემ მეტობა გამოიყენა, ხოლო გიორგი ფრუიძემ გარდასახვა შეასრულა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო აღარ იყო - 14:19.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ ზიმბაბვეს წინააღმდეგ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: კობახიძე, გოგოლაშვილი, ძნელაძე, ხუციშვილი, ცერცვაძე, მახარაშვილი, შარიქაძე. შეცვლებზე ფრუიძე, და ღვინჯილია შევიდნენ.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალია იქნება, რომელმაც სამივე თამაში მოიგო. პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო სერიის გასულ ეტაპებშიც რეგულარულად მონაწილეობდა და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მოშვიდკაცედ ითვლება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების გარდა მინიმუმ ერთი შეხვედრა ყველა გუნდმა მოიგო. მიუხედავად ამისა, 7-კაცას სფეციფიკიდან გამომდინარე, ერთი კონკრეტული თამაშის მოგება ნებისმიერ გუნდს შეუძლია და იმედია, ხვალ “ბორჯღალოსნები” ნახევარფინალში გასვლას მოახერხებენ, მერე კი, საუკეთესო სამეულისთვისაც იბრძოლებენ.

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ლონდონში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ალეკო ხუციშვილი (“არმაზი”, თბილისი), თორნიკე ცერცვაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი), ირკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი”, ბათუმი), გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

 

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპი

11-12 მაისი. ლონდონი. ინგლისი

A ჯგუფი

ზიმბაბვე - ჰონკონგი 12:7

შოტლანდია - საქართველო 29:0

ჰონკონგი - საქართველო 17:12

შოტლანდია - ზიმბაბვე 21:14

ზიმბაბვე - საქართველო 19:14

შოტლანდია - ჰონკონგი 19:20

 

  1. შოტლანდია          3       2       0       1       69-34  7
  2. ზიმბაბვე               3       2       0       1       45-42  7
  3. ჰონკონგი              3       2       0       1       44-43  7
  4. საქართველო        3       0       0       3       26-65  3

 

B ჯგუფი

ტონგა - ესპანეთი 19:17

პორტუგალია - რუსეთი 26:10

ესპანეთი - რუსეთი 19:14

პორტუგალია - ტონგა 12:7

ტონგა - რუსეთი 7:19

პორტუგალია - ესპანეთი 7:5

 

  1. პორტუგალია               3       3       0       0       45-22  9
  2. ესპანეთი                       3       1       0       2       41-40  5
  3. რუსეთი                         3       1       0       2       43-52  5
  4. ტონგა                            3       1       0       2       33-48  5

 

12 მაისი. 1/4-ფინალები

პორტუგალია (1) - საქართველო (8) (12 საათი. საქ.დრ.)

ჰონკონგი (4) - ესპანეთი (5)

ზიმბაბვე (3) - რუსეთი (6)

შოტლანდია (2) - ტონგა (7)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077616