ამბები

22:52 | 11.05.2013 | ნანახია 1968 - ჯერ

“ბაგრატი“ ბრძოლაში დამარცხდა

როგორც იცით, შინაურ სარაგბო სეზონს, 25 მაისს დიდი ფინალი დაასრულებს, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს დედაქალაქური გუნდები, „არმია“ და „ლელო“ შეერკინებიან. მანამდე კი, უმაღლეს ლიგაში დამრჩენი (თუ გადამსვლელი) 2  გუნდის ვინაობა უნდა გაირკვეს.

პირველი ლიგის გათამაშება 2 ჯგუფში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში იმართებოდა. ამ ჯგუფების 2-2-მა საუკეთესომ, თბილისის „თი ბი სიმ“, პატარძეულის „ვეფხვებმა“, ქუთაისის „ბაგრატმა“ და ფოთის „კოლხმა რაინდებმა“, ფინალური ოთხეული შეადგინეს. წრიული სისტემით ჩატარებული თამაშების შემდეგ, ამათ შორის უძლიერესები „თი ბი სი“ და „ბაგრატი“ აღმოჩნდნენ და სწორედ ამ გუნდებმა მოიპოვეს  უმაღლესი ლიგის ბოლო და  ბოლოსწინაადგილოსნებთან გადასასვლელი მატჩების გამართვის უფლება. „თი ბი სის“ მეტოქედ „ყოჩები“ ერგო, „ბაგრატს“ კი „აკადემია“.

დღეს, ამ წყვილებმა პირველი მატჩები გამართეს, საპასუხოები კი 22 მაისს ჩატარდება. წინასწარ ვიტყვით, რომ საუკეთესო პირველლიგელებმა საშინაო შეხვედრები მაჩანჩალა უმაღლესლიგელებთან ისეთი ანგარიშებით დათმეს(‘ბაგრატმა“ - 8:18, „თი ბი სიმ““ – 6:19), რომ საპასუხო თამაშებში ძალიან გაუჭირდებათ სხვაობის გაბათილება. 

 ახალგაზრდულმა „ბაგრატმა“ 500-მდე ქომაგის თვალწინ დიდი შემართებით იბრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხებულმა დატოვა მოედანი. გამოცდილებამ თავისი გაიტანა, სტუმრებმა კარგად ისარგებლეს მე-2 ტაიმში მეტოქის მიერ დაცვაში დაშვებული შეცდომებით.

პირველი ნახევარი უფრო ძალისმიერი  და დაახლოებით თანაბარი იყო. თამაში ძირითადად ცენტრში მიმდინარეობდა. საწყის 20-წუთეულში მეტოქეებმა თითო საჯარიმო გააცუდეს. მერე ქუთაისელები გააქტიურდნენ, მაგრამ შეტევების დასაგვირგვინებლად ოსტატობა არ ჰყოფნიდათ. მიუხედავად ამისა, შესვენებამდე მასპინძლები დაწინაურდნენ - გიორგი ბაბუნაშვილმა  20 მეტრიდან ზუსტად დაარტყა საჯარიმო.

თამაშის განახლებისთანავე კი „აკადემიამ’ შეუტია. 44-ე წუთზე, შაკო დავითაშვილმა  საჯარიმოთი წონასწორობა აღადგინა და 2 წუთში მასვე ლელოს გატანაც მართებდა, იგი სწრაფად გაიჭრა წინ, ქუთაისელები მას თითქოს ვერ ეწეოდნენ, მაგრამ დავითაშვილმა ბურთის პარტნიორისთვის გადაცემა ამჯობინა და სახიფათო იერიშიც ჩაიშალა. დავითაშვილმა ეს შეცდომა იმით გამოასწორა, რომ მალევე, საჯარიმოთი წინ გაიყვანა თავისიანები. 53-ე წუთზე კი, თბილისელებმა ლელოც მიითვალეს. მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შერკინება მოიგეს, ნიკა ჩხიკვაძემ კი მასპინძელთა ჩათვლის მოედანში შეაღწია.

ქუთაისელები მარცხთან შეგუებას არ აპირებდნენ. ბექა ტორაძის ლელოს შემდეგ, ანგარიში 8:11 გახდა და თამაშის გადარჩენის შანსიც გაჩნდა. მაგრამ ტექნიკურმა ლელომ და დავითაშვილის გარდასახვამ  საბოლოოდ გაწყვიტეს წელში „ბაგრატი“.

საპასუხო მატჩზე, ქუთაისელები, ცხადია, საბრძოლველად ჩავლენ, მაგრამ, როგორც ვთქვით, დანაკარგის ანაზღაურება, ალბათ, ძალიან გაუჭირდებათ.

„ბაგრატი“(ქუთაისი) – „აკადემია“(თბილისი) – 8:18(3:0)

პირველი გადასასვლელი თამაში

ქუთაისი. „დინამო“. 11 მაისი. 17 საათი. 500 მაყურებელი

„ბაგრატი“: ბ.ტორაძე, გ.ზიბზიბაძე, ბალანჩივაძე, ირემაძე, გუდაძე, ბაბუნაშვილი, მახვილაძე(ლეკვეიშვილი), ჯაჯაია, გ.ტორაძე, ბოდოკია, ჩაჩხიანი, ხანთაძე, ცირეკიძე(არჩვაძე), სალდაძე(ბარაბაძე), დანგაძე(არაბიძე)

1ლ ბ.ტორაძე

1ჯ ბაბუნაშვილი

 მწვრთნელი: ბექა სულუხია

„აკადემია“: მაკაროვი, ჭუაძე, წასიძე, მარგიანი, კალანდარიშვილი, დავითაშვილი, ჯ.ღამბაშიძე, მაჩიტიძე(ფეიქრიშვილი), წვერავა, გ.ღამბაშიძე, ნებულიშვილი, ლუარსაბიშვილი(ბერიკაშვილი), შუბითიძე(გიგოიძე), გოგოლაძე(ჩაჩუა), ჩხიკვაძე(მოსეშვილი)

2ლ ჩხიკვაძე, ტექნიკური

2ჯ დავითაშვილი

1გ დავითაშვილი

 მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი

არბიტრი: ქელი(ზელანდია)

მეთვალყურე: დ.მიქაბერიძე

 

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.199985