ამბები

14:10 | 13.05.2013 | ნანახია 1037 - ჯერ

ელიტის საგზურისთვის ქართული დერბი შედგება

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის საგზურისთვის, 19 მაისს გადამწყვეტ მატჩში ქართველ ლეგიონერთა გუნდები იბრძოლებენ.

პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, მამუკა მაგრაქველიძის “პო” “ლა როშელს” დაუხვდა და მეტოქე 30:16 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში არ იყო. მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე ლელოთი გახსნეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს. მალე რეფერიმ ორივე გუნდის პირველხაზელი გაასინბინა, მე-14 წუთზე კი, სტუმრებმა ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს. “პომ” არეკნით უპირატესობა მალევე დაიბრუნა, მაგრამ 25-ე წუთამდე ორი ჯარიმა მიიღო და 10:13 ჩამორჩა.

მასპინძლებმა ლიდერობა ორ წუთში ლელოთი დაიბრუნეს, გარდასახვა ვერ გამოიყენეს, მაგრამ შესვენებამდე ჯარიმიდან ორჯერ იხეირეს და ტაიმი 21:13 მოიგეს. მეორე ტაიმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. “პოს” ჯარიმას “ლა როშელმა” ჯარიმითვე უპასუხა, მაგრამ მალევე კიდევ ერთი 3 ქულა გაუშვა. 71-ე და 72-ე წუთებზე, ორჯერ ატყდა გუნდური ჩხუბი და პირველ ჯერზე რეფერიმ ორივე გუნდის მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა, მეორე შემთხვევაში კი, მხოლოდ ჩხუბის წამომწყები სტუმარი დასაჯა. ბოლო წუთზე “პომ” ერთი ჯარიმაც მიითვალა, 30:16 იმარჯვა და ფინალში გასვლით გაიხარა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ სამ-სამი ქართველის გუნდები წარსდგნენ. დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძის და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივმა”, ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილის და კარლენ ასეიშვილის “ორიაკს” უმასპინძლა. ხინჩაგიშვილი, რომელიც ახალ სეზონს Top 14-ის რასინგ მეტროში დაიწყებს, განაცხადში არ იყო. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს შველიძე, ხოლო ნატრიაშვილი თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა განაცხადში არ იყო ასეიშვილი, ვინც მომავალ სეზონს სწორედ “ბრივში” დაიწყებს. დათუნაშვილმა შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო პირველხაზელი ნაცარაშვილიც, რომელიც შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ 78-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. “ორიაკი” მე-4 წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, “ბრივმა” ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა, მაგრამ სტუმრებმა 24-ე წუთზე ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს. განახლდა თამაში და მასპინძლებმა ორ წუთში ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 11:6 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 58-ე წუთზე კი, “ორიაკმა” ლელოთი წონასწორობა აღადგინა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, წინ გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა - 14:14.

განახლდა თუ არა შეხვედრა, მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს და ამჯერად გარდასახვაც გამოიყენეს. ამის შემდეგ “ბრივი” სრულად დაეუფლა უპირატესობას, ჯერ არეკნი გაიტანა, მერე ორი ჯარიმა და 30:14 იმარჯვა. ამრიგად, 19 მაისს “პო” “ბრივს” ნეიტრალურ მოედანზე, ბორდოში ეთამაშება და გამარჯვებული გუნდი ახალ სეზონს Top 14-ში დაიწყებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109231