ამბები

16:31 | 13.05.2013 | ნანახია 1262 - ჯერ

15-წლამდე “ბორჯღალოსნების” მესამე ადგილი

საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ევროპული ტურნეს ფარგლებში კორსიკას ტურნირის მოგების შემდეგ, 11-12 მაისს რიგით მეორე შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა.

ჭაბუკ მორაგბეთა მსოფლიო ფესტივალი - Alouverture ორ წელიწადში ერთხელ იმართება საფრანგეთში, ლიონთან მდებარე დაბა ვიენაში. ტურნირში მონაწილეობენ 15 და 17-წლამდელთა ქვეყნების ნაკრებები, სარაგბო აკადემიების გუნდები, კლუბებისა და რეგიონების ნაკრები. ქართველი მორაგბეები ამ ტურნირში რეგულარულად მონაწილეობენ, ოღონდ მხოლოდ 15-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში.

წელს ჭაბუკი “ბორჯღალოსნები” განაწილდნენ პირველ პულში. 11 მაისს მათ მერვედფინალური მატჩები ჩაატარეს. პირველ მატჩში მათ “ვიენეს” გუნდი 47:0 დაამარცხეს. შემდეგ შეხვედრაში უმცროსი “ბორჯღალოსნები” ეთამაშნენ ბელგიის ქალაქ ლიეჟის სასკოლო ნაკრებს და 70:0 ნოლი გაანადგურეს მოწინააღმდეგე. პირველი დღის ბოლო მერვედფინალურ მატჩში, 15-წლამდელებმა მასპინძელი რეგიონის - როდენის მხარის მეორე ნაკრებს 40:0 მოუგეს და ისე გავიდნენ მეოთხედფინალში, რომ ქულა არ მიუღიათ.

პირველი დღის წარმატებებით შეფრთიანებულმა 15-წლამდელებმა, 12 მაისს აშშ-ს კონეკტიკუტის შტატის თანატოლთა ნაკრებს 41:0 სძლიეს და ნახევარფინალშ გავიდნენ. ნახევარფინალში უმცროსი “ბორჯღალოსნები” როდენის მხარის პირველ ნაკრებს შეხვდნენ. მატჩი გულშემატკივრებით სავსე ვიენეს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. თამაში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მისი ბედი ერთმა გარდასახვამ გადაწყვიტა. პირველად მასპინძლებმა დადეს ლელო და გარდასახვაც გამოიყენეს. ჭაბუკმა ქართველებმა მოწინააღმდეგეს ლელოთი მალევე უპასუხეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს და ანგარიში 7-5 გახდა. მოგვიანებით გუნდებმა თითო-თითო უგარდასახვო ლელო დადეს და საბოლოოდ, თამაში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 12:10.

მესამე ადგილისათვის მატჩში 15-წლამდელები იტალიის სარაგბო აკადემია “ავეცანოს” გუნდს შეხვდნენ და 41:0 დაამარცხეს მოწინააღმდეგე. ამრიგად, საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ვიენაში გამართულ მსოფლიო სარაგბო ფესტივალზე - Alouverture, მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი გუნდისგან მიიღო ქულები.

მატჩის შემდეგ ოფიციალურ მიღებაზე ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ქართველმა ყმაწვილებმა წინა 15-წლამდე ნაკრებებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს თამაშის ხარისხი და სათამაშო დისციპლინა. ყველამ ერთსულოვნად აღნიშნა საქართველოს 15-წლამდე ნაკრების პროგრესი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084092