ამბები

19:41 | 13.05.2013 | ნანახია 1484 - ჯერ

რუსულ კლუბს ქართველები გამოცდიან

 

რუსეთის მორაგბეთა 2012 წლის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გასული მოსკოვის “სპარტაკი”, რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადება, 12 მაისს თბილისს ეწვია და ქართულ კლუბებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ამ გუნდს ქართველი პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამასთან, გუნდის ძირითადი ბირთვიც ქართველებითაა დაკომპლექტებული და ჩრდილოელი მეზობლის შინაურ პირველობაში ყველაზე ქართულ კლუბად ითვლებად. ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს ჩემპიონატის პაუზის დროს, ამ გუნდში ქართველი მორაგბეები მიდიან საბურთაოდ, მერე კი, მშობლიურ გუნდებს უბრუნდებიან.

მოსკოვის “სპარტაკი” 1936 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უძველესი რუსული სარაგბო კლუბია. გასული სეზონი ამ გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ მერე მდგომარეობა გამოასწორა და პლეი ოფების შედეგად V ადგილი დაიკავა. რუსეთში, სადაც ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება, ახალი სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ “სპარტაკს” შიდა ასპარეზზე პირველი მატჩი 27 მაისს უწევს და მანამდე უკეთ მოსამზადებლად თბილისში გადაწყვიტა სტუმრობა. ის შეკრებას საქართველოს სანაკრებო ბაზა “შევარდენზე” გადის და ტესტ-მატჩებისთვის ემზადება.

პირველ შეხვედრას მოსკოველები 14 მაისს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ლოკომოტივთან” გამართავენ. შეგახსენებთ, თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა რეგულარული გათამაშება მე-6 ადგილზე დაასრულეს, საჩემპიონო პლეი ოფს პირველსავე ეტაპზე გამოეთიშნენ და ფაქტობრივად ისე გამოდის, რომ საკუთარ ჩემპიონატებში თანაბარძალოვანი გუნდები წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ. ეს კარგი ტესტი იქნება რუსეთისა და საქართველოს შიდა ჩემპიონატების დონის შესაფასებლად, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მომავალი წლის ზაფხულიდან საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის და უკრაინის ორ-ორი კლუბის მონაწილეობით, ახალ ევროტურნირის დაარსება იგეგმება, რომლის გამარჯვებულიც რანგით მეორე “ჩელენჯ ქაფზე” თამაშის უფლებას მიიღებს.

“ლოკომოტივისა” და “სპარტაკის” შეხვედრა დიდ დიღომში, “ვისოლის” სტადიონზე გაიმართება და 17 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება თავისუფალია. იმავე სტადიონზე, 19 მაისს, “სპარტაკის” მეტოქე უკვე თბილისის “არმაზი” იქნება, რომელმაც რეგულარულ გათამაშებაში მე-4 ადგილი დაიკავა, პლეი ოფის პირველ ეტაპზე წარმატებით ითამაშა, მაგრამ მეორე ეტაპზე ქუთაისის “აიასთან” დამარცხდა და საბოლოო ჯამში მე-4 ადგილს დასჯერდა.

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.125111