საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები დღეს, 19:30 საათზე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ინგლისის საგრაფოთა 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშება, რომელიც თბილისურ ტურნეზე 13 მაისს ჩამოვიდა და იმავე 19-წლამდელებთან მეორე ტესტ-მატჩს 18 მაისსაც გამართავს.
ინგლისის საგრაფოთა ნაკრები საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოტივირებული მოწინააღმდეგეა. საქმე ისაა, რომ საგრაფოთა ნაკრები შედგება იმ ახალგახრდა მოთამაშეებისგან, რომლებიც ვერ ხვდებიან ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებში და საგრაფოთა ნაკრებიც 20-წლამდელთა პირველი გუნდის დუბლებს წარმოადგენენ.
მოტივაცია და თამაშის ჟინი მათ 20-წლამდელებზე არანაკლები აქვთ, რადგან საგრაფოელებმა ინდივიდუალური ოსტატობით 20-წლამდელთა ძირითადი შემადგენლობის წევრენს უნდა აჯობონ და ამით ეროვნული გუნდისა და ელიტური ინგლისური კლუბებისკენ გზა გაიკაფონ. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა და მაგალითისათვის ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშეების – “ნორთჰემპტონ სეინთსის” უკანახაზელის ბენ ფოდენისა (Ben Foden) და “სარასენსის” ფრთის მოთამაშის დევიდ სთრეთლის (David Strettle) მოყვანაც კმარა.
ორივე გუნდი ინტენსიურად ემზადება მომავალი თამაშისთვის. საქართველოს 19-წლამდე “ბორჯღალოსანთა” სამწვრთნელო შტაბში, პორტუგალიაში შარშან ოქტომბერში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ცვლილებები განხორციელდა. მთავარ მწვრთნელად დავით ვართანიანი დაინიშნა და გუნდშიც ის მორაგბეები დაწინაურდნენ, რომლებმაც წელს 18-წლამდელთა ელიტურ ევროპის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ამ ბიჭების უმრავლესობას უკვე აქვს ინგლისელთა წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება. მათ თბილისში “უოსპსის” თანატოლთა გუნდს უმასპინძლეს, მერე ინგლისურ ტურნეზე ორი თამაში გამართეს და ელიტურ გუნდებთან ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშეს.
ამ ბიჭებს 19-წლამდელთა მაისურით შემოდგომაზე მოუწევთ ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 20-წლამდელთა მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურისთვის ბრძოლა, ახლა კი, ახალ მწვრთნელს შეგირდების საქმეში ხილვის საშუალება ეძლევა, თანაც საკმაოდ ძლიერ და თანაც უფროსი ასაკის მოწინააღმდეგესთან.
ტესტ-მატჩი. 15 მაისი. 19:30 საათი
თბილისი. “შევარდენი”
საქართველო (19-წლამდელები) - ინგლისის საგრაფოების ნაკრები (20-წლამდელები)
საქართველო: 1. დათო ფხაკაძე, 2. გიორგი ტორაძე, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კენჭაძე, 5. ნიკა გიგაური, 6. ბადრი დანგაძე, 7. საბა შუბითიძე, 8. დავით პაპავაძე; 9. თემურ თითბერიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 11. მურაზ გიორგაძე, 12. რეზი ბროძელი, 13. გიორგი ტალახაძე, 14. დავით გულიტაშვილი, 15. გიორგი აფციაური.
ინგლისი: 1. რიკი კანო, 2. უილ რობერთსი, 3. დევიდ ქოუნდსი, 4. ჯოშ ფეთი, 5. გერეთ ბაქსთერი, 6. ჯორჯ ორემი, 7. ედვარდ ვებსტერი, 8. დევიდ ჯოუნსი; 9. ნიკ ფოსტერი, 10. რობ ევერ-რაითი, 11. ბენ რეთი, 12. დევიდ მეისი, 13. ეიდენ მოსი, 14. ჯეკ როსითერი, 15. ჯიმ უიგლსოურთი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია