ამბები

15:56 | 17.05.2013 | ნანახია 1188 - ჯერ

დუბლინიდან “ჰაინეკენის თასის” მოლოდინში

2013 წლის 18 მაისი ქართული რაგბისათვის ისტორიული დღეა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ფინალში ერთმანეთის პირისპირ ქართველი ლეგიონერების ფრანგული კლუბები წარსდგებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სანუკვარ თასს ჩვენებურიც აუცილებლად შემართავს.

აქამდე ქართველ ლეგიონერს ეს ტურნირი არ მოუგია. დუბლინში გასამართ ფინალში, რომელიც თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” ეთამაშება. ქართველი რომ წელს “ჰაინეკენის თასის” ოქროს მედალს აუცილებლად ჩაიბარებს, უკვე ვიცით და ისიც ვთქვათ, რომ “კლერმონის” გამარჯვების შემთხვევაში, ჟულიენ ბარდი პირველი პორტუგალიელი (თუმცა საფრანგეთში, კერძოდ კი კლერმანში დაბადებული) გახდება, რომელიც ამ ჯილდოს მოიგებს.

აქამდე “ჰაინეკენის თასი” ყველაზე მეტჯერ ირლანდიელ მორაგბეებს აქვთ მოგებული (76), წარმატებას 72-მა ინგლისელმა მიაღწია, ხოლო ფრანგთა ანგარიშზე 71 მორაგბეა. 18 მაისის შემდეგ ფრანგთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება და ისინი პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ. “ჰაინეკენის თასი” დღემდე 17 ქვეყნის მორაგბეებს მოუპოვებიათ და ხვალ საღამოს მათი რიცხვი ქართველთა ხარჯზე 18-მდე გაიზარდება, ხოლო თუ “კლერმონმა” იმარჯვა, მაშინ ევროპის ყველაზე პრესტუჟული ჯილდოს მფლობელი 19 ქვეყანას ეყოლება.

ტულონელთა საფინალო განაცხადში სამიდან მხოლოდ ერთი ქართველი, პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი მოხვდა. ის სათადარიგოთა შორისაა. “კლერმონის” სასტარტო შემადგენლობაში დავით ზირაქაშვილია, კოლელიშვილი კი, განაცხადში არაა. მიმდინარე სეზონში “კლერმონმა” და “ტულონმა” საფრანგეთის ჩემპიონატში ორჯერ ითამაშეს და კლერმონელებმა საკუთარ მოედანზე 24:21 იმარჯვეს, ხოლო ტულონში მატჩი ფრედ - 26:26 დასრულდა. არაა გამორიცხული, რომ ამ გუნდებმა ურთიერთობა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალშიც გაარკვიონ. მათ რეგულარულ გათამაშებაში პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს და ნახევარფინალში მასპინძლობის უფლებით სარგებლობენ.

მანამდე, დღეს, იმავე დუბლინში, ოღონდ სხვა - RDS სტადიონზე, რანგით მეორე - “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ფინალი გაიმართება, რომელშიც ირლანდიური “ლენსტერი” ზურაბ ჟვანიას პარიზულ კლუბ “სტად ფრანსეს” ეთამაშება. ეს შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და სამწუხაროდ, ქართველი პირველხაზელი ფრანგთა 23-კაციან განაცხადში არაა. 21 წლის ჟვანია საფრანგეთის დედაქალაქის გუნდში ამ სეზონის დაწყებამდე გადავიდა და ელიტურ თოპ 14-ის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო “ჩელენჯ ქაფზე” 7 შეხვედრაში ითამაშა და 6 შემთხვევაში მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086257