საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, თბილისში სტუმრად მყოფ ინგლისის საგრაფოთა 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ, 18 მაისს მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა კვლავ “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შედგება, ოღონდ, წინანდელისგან განსხვავებით, 18 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი თამაში 15 მაისს გაიმართა, ინგლისელებმა 3 ჯარიმას ლელო და გარდასახვა მიაყოლეს, 16:0 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით 20 წუთში “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” მაგრად მოინდომეს, გიორგი ჯინჭველაშვილმა და გიორგი ნათელაშვილმა ლელოები გაიტანეს, ჯინჭველაშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და ჩამორჩება 2 ქულამდე დავიდა. საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე, რევაზ ბროძელმა არეკნი დაჰკრა და ბურთს ძელებსშუა რომ გაეარა საქართველოს ნაკრები უფროს ინგლისელებთან გამარჯვებას იზეიმებდა, მაგრამ ასე არ მოხდა - 14:16.
პირველ მატჩში ასაკითა და ფიზიკურად უფრო დიდ მოწინააღმდეგესთან თამაშში რამდენიმე ქართველმა მორაგბემ ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდის მთავარ მწვრთნელ დავით ვართანიანს სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება მოუხდა. სულ 4 ცვლილება იქნება. შერკინების პირველ ხაზში დათო ფხაკაძის ნაცვლად თამაშს ზაზა ხარებავა დაიწყებს, ხოლო მეორე ხაზში როლანდ კენჭაძეს ბესო ბარბაქაძე შეცვლის. 9 ნომერზე თემურ თითბერიძეს ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ლაშა ნადირაძე იქნება, ხოლო გარემარბად მურაზ გიორგაძეს გიორგი ფრუიძე შეცვლის.
ინგლისელებმა პირველი, მომქანცველი თამაშის შემდეგ, დასვენება მოიწყეს და ერთი კარგი საქმეც გააკეთეს. მათ გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” დღის ცენტრი მოინახულეს და ცენტრის აღსაზრდელები სხვა და სხვა თამაშობებით კარგად ამხიარულეს. ბავშვებს უზომოდ გაეხარდათ მორაგბეთა სტუმრობა. ისინი, ჩვეული ბავშვური გულახდილობითა და პირდაპირობით დიდ სითბოს გამოხატავდნენ ახლად შეძენილი “დიდი” მეგობრების მიმართ. ბევრი გართობისა და თამაშის შემდეგ, რაგბის სამშობლოდან ჩამოსულმა სტუმრებმა ბავშვებს ერთ-ერთ ტრადიციული სარაგბო რიტუალში მიაღებინეს მონაწილეობა - ინგლისელებმა ცენტრის აღსაზრდელები ბევრი ტაშის თანხლებით, იმპროვიზებულ დერეფანში გაატარეს.
ტესტ-მატჩი. 18 მაისი.
თბილისი. “შევარდენი”. 18:00 საათი
საქართველო (19-წლამდელები) - ინგლისის საგრაფოების ნაკრები (20-წლამდელები)
საქართველო (სასტარტო შემადგენლობა): 1. ზაზა ხარებავა, 2. გიორგი ტორაძე, 3. გიროგი მარგველანი, 4. ნიკა გიგაური, 5. ბესო ბარბაქაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. საბა შუბითიძე (კ), 8. დავით პაპავაძე; 9. ლაშა ნადირაძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 12. რეზი ბროძელი, 13. გიორგი ტალახაძე, 14. დავით გულიტაშვილი, 15. გიორგი აფციაური.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია