ამბები

14:37 | 18.05.2013 | ნანახია 1101 - ჯერ

“ჩელენჯ ქაფი” ირლანდიაში დარჩა

ზურაბ ჟვანიას ფრანგული კლუბი “სტად ფრანსე” ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ევროპის რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ფინალში, ირლანდიურ “ლენსტერთან” უშანსოდ დამარცხდა და ტიტული მეტოქეს დაუტოვა.

პარიზელები პრაქტიკულად უშანსოდ იყვნენ და “ჰაინეკენის თასის” სამგზის გამარჯვებულ “ლენსტერს”, საკუთარი წარმატება ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებია. თამაშს 20 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და მათი უმრავლესობა რა თქმა უნდა ირლანდიურ კლუბს გულშემატკივრობდა, რომელიც ფინალს პრაქტიკულად საკუთარ კედლებში ატარებდა. აღსანიშნავია, რომ “ლენსტერი” “ჰაინეკენის თასის” მოქმედი ჩემპიონია და რამდენიმე საათით ის ორივე ევროტურნირის თასის მფლობელი იქნება, დღეს თბილისის დროით 20 საათისთვის კი, “ჰაინეკენის თასის” ფრანგული კლუბისთვის (“კლერმონი”, ან “ტულონი”) გადაბარება მოუწევს.

პირველ ტაიმში “სტად ფრანსე” ბურთს მეტოქეს დიდხანს აკონტროლებდა, მაგრამ გუნდის ლიდერი, გამოცდილი ფელიპე კონტეპომი აკლდა და იერიშები საჭირო მიმართულებით არ ვითარდებოდა. სამაგიეროდ, “ლენსტერი” შანსებს უფრო ეფექტურად იყენებდა და შესვენებამდე მეტოქეს 3 ლელო გაუტანა. ირლანდიელებმა სამივე გარდასახვა გამოიყენეს, რაზეც ფრანგებმა ორად ორი გარდასახვით უპასუხეს და ტაიმი 6:21 დასრულდა.

მეორე ტაიმში ირლანდიელებმა ჯარიმებით უპირატესობა გაზარდეს. “სტად ფრანსეს” მონდომებამ შედეგი 66-ე წუთზე გამოიღო, მათ ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და დარჩენილ დროში 14-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ დასკვნითი წუთები “ლენსტერმა” უკეთ ჩაატარა, 78-ე წუთზე ლელო გაიტანა, რეალიზაციაც ზუსტი იყო და ირლანდიურმა კლუბმა 34:13 იმარჯვა. განვლილ მატჩში ქართველ პირველხაზელს მონაწილეობა არ მიუღია.

დღეს, დუბლინში, თბილისის დროით 20 საათზე ევროპის ყველაზე პრესტიჟული “ჰაინეკენის თასის” ფინალური მატჩი დაიწყება, რომელშიც დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” ეთამაშება. ქართველ ლეგიონერთაგან ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაშია, ხოლო ქუბრიაშვილი მატჩს სათადარიგოთა სკამზე იწყებს. რადგან ქართველი ლეგიონერები ფინალში გასულ ორივე გუნდში არიან, წელს პირველად “ჰაინეკენის თასს” ჩვენებური პირველად, აუცილებლად შემართავს. 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088908