საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის IX ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ბოლნისის “ყოჩებმა” უახლოეს მდევარ “ხარებს” რუსთავში პრემიალური ქულით სძლია და უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა.
პირველი წრის დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ქვემოქართლული დერბი იწვევდა. გარდა იმისა, რომ გუნდები პირველ-მეორე ადგილებს იმყოფდნენ, რაგბის გულშემატკივარს კარგად ახსოვდა ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება გასულ ჩემპიონატში, რომელიც მოედანზე ატეხილი ჩხუბის გამო ჩაიშალა. ამასთან, მე-8 ტურში რუსთაველები ქუთაისში “აიასთან” დამარცხდნენ (6:15), ხოლო “ყოჩებმა” თბილისში “ბათუმს” ვერ აჯობა (25:25), პირველი ქულები დაკარგა და საინტერესო იყო, პრინციპულ თამაშში გულშემატკივარს ვინ გაახარებდა.
ორივე გუნდს ჰქონდა დანაკლისი - 9 ნომრები (გიორგი ბეგაძე და ვაჟა ხუციშვილი) ეროვნულ ნაკრებში იყვნენ მივლენილი და პირველი წრის მიწურულს ტრავმებმაც იჩინა თავი. “ყოჩებს” რამდენიმე შერკინების ლიდერიც აკლდა, ამ კომპონენტში კი, “ხარები” განსაკუთრებით ძლიერია და უშუალოდ შეხვედრაში უპირატესობის მოპოვებაც შეძლო, მაგრამ მისი სათანადოდ გამოყენება ვერ მოახერხა. მატჩს სამხრეთაფრიკელი რეფერი სჯიდა, თუმცა, რუსთაველი გულშემატკივრისთვის არც მისი გარჯა იყო დამაჯერებელი და მართალია ნჩაკაზას ბევრი არაფერი გაუგია, მაგრამ მისი მისამართით არაერთი “ტკბილი ნააზრევი” გაჟღერდა.
საწყის წუთებში თანაბარი ბრძოლა გაიმართა და მე-7 წუთზე “ხარებს” ანგარიშის გახსნის კარგი შანსი მიეცათ, თუმცა, გიორგი ბასილაიას კარის წინ დაახლოებით 25 მეტრიდან ასპროცენტიანი ჯარიმა გაუცუდდა. მერე 15 ნომრად მოთამაშე თემურ სოხაძემ ორჯერ არეკნით სცადა “ყოჩების” დაწინაურება, მაგრამ დაახლოებით 45 მეტრიდან ორივეჯერ მიზანმა უმტყუნა. ამ დროისთვის ბოლნისელთა უპირატესობა გამოიკვეთა, რომელიც გაშლილ რაგბის მეტოქეზე უკეთ თამაშობდა, შავლეგ მახარაშვილი ცრუმოძრაობის შემდეგ დაცვას დაუსხლტა, იერიშში პირველხაზელი თეიმურაზ ჯინჭარაძე ჩაერთო, შეტევა კვლავ მახარაშვილმა გააგრძელა, მან მარჯვნივ მიხეილ არჩუაშვილს უპასა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრი ირბინა და მბოჭავის მცდელობის მიუხედავად, ჩათვლის მოედანს მაინც მისწვდა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა გაიტანა.
24-ე წუთზე სოხაძეს წინ ერთბაშად სამი მცველი რომ აიტუზა, ფეხით მოკლეზე შეიცურა ბურთი და რამდენიმე რიკოშეტის შემდეგ მას თავადვე დაეუფლა, მარცხნიდან ჩართულ ლევან გოგოლაშვილს დროულად მიაწოდა, ისიც მაღალ სიჩქარეზე ბოლო მცველთან კონტაქტში შევიდა, თავად ფეხზე დარჩა და მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 0:12.
“ხარები” გამოცოცხლდა და მძლავრად შეუტია, დაახლოებით 5 წუთი 22-ში მოკლე დარტყმებმა შედეგი ვერ მოიტანა, მერე ბოლნისელებმა ბურთი მოიხელთეს, არჩუაშვილს სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, ბოჭვაზე წასულ მეტოქეს თავზე გადაახტა, გოგოლაშვილმა და ირაკლი გეგენავამ კიდევ უფრო წინ წაიწიეს, ჯინჭარაძე ორმა მორაგბემ რომ შებოჭა, ნიკო აფციაურს ოფლოუდი მაინც გაუხერხა და მანამც ძელებსშუამდე ირბინა. სოხაძეს გარდასახვა არ გაჭირვებია – 0:19.
“ყოჩებმა” ტემპს კიდევ უფრო უმატა და ძალისმიერ რაგბის მოყვარულ “ხარებთან” ერთადერთი სწორი გამოსავალი ნახა - თამაში გაშალა. სისწრაფემ შედეგი მალევე გამოიღო, სოხაძემ ხაზი ისევ გაჭრა და გოგოლაშვილი დაგეზა, ის ჩათვლის მოედნიდან ათიოდე მეტრში შებოჭეს, მარცხნივ გადაცემა ჯინჭარაძეს მიუვიდა, გზა ბრძოლით გაიკვლია და ალამთან ლელო გაიტანა. სოხაძემ გარდასახვა შეასრულა - 0:26. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა მოკლე დარტყმებით და შერკინებით უტიეს, ერთხელ ხაზიც გადაკვეთეს, მაგრამ აფრიკელმა რეფერიმ ბურთი ვერ დააფიქსირა. საბოლოოდ სტუმრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს და შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში სოხაძემ ჯარიმით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ მერე “ყოჩებს” დაღლა დაეტყო და თავის მხრივ “ხარებმაც” იძალა. შერკინებაში უპირატესობა უფრო თვალნათელი რომ გახდა, რუსთაველებმა პირველი კარგი იერიშიც განახორციელეს და ლელოც აუცილებლად გავიდოდა, ბურთის გაშლის შემდეგ შემტევს მისი შემაგრება რომ მოეხერხებინა. ბოლნისელებმა ჯარიმებს მოუხშირეს, მაგრამ მათ კარში დარტყმას აზრი აღარ ჰქონდა და მასპინძლებიც მოლით და მოკლე დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. ორჯერ რეფერიმ კვლავ ვერ დაინახა ბურთი და შერკინებები დანიშნა, რამაც რუსთაველი გულშემატკივარი გააღიზიანა, თუმცა, კლუბის წარმომადგენლებმა ტრიბუნების დამშვიდება მოახერხეს.
ამდენ ხანს მეტოქის 22-ში თამაშმა შედეგი 59-ე წუთზე მოიტანა. “ხარებმა” “ყოჩების” შერკინება დაძრა და ლექსო მელიქიშვილის ლელოს გიორგი ნათელაშვილის გარდასახვა მოყვა. დაახლოებით 5 წუთი თამაში კვლავ ბოლნისელთა ჩათვლის ხაზის სიახლოვეს გაგრძელდა და მეორე ლელო რომ გაეტანა, მინიმალური შანსი გაუჩნდებოდა, მაგრამ “ყოჩებმა” თავი დაიცვა და მართალია კონტრშეტევისას ლელოს გატანა ვერ შეძლო, მაგრამ თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა. იქ სტუმრებმა ჯარიმის უფლება მიიღეს, სოხაძემ ბურთი აუტში გაგზავნა, მერე კი, არეკნით სცადა 3 ქულის აღება და მიზანმა უმტყუნა.
ცხადი გახდა, რომ “ხარები” ვეღარაფერს შეცვლიდა და თამაშიც დასასრულამდე მშვიდად მივიდა. “ყოჩებმა” 29:7 მოგებით და მეტოქეზე სამით მეტო ლელოს გატანისთვის 5 ქულა მიიღო, უახლოეს მდევრებს უკვე 12 ქულით გაუსწრო და შეუძლია თავი მშვიდად იგრძნოს, რუსთაველებს კი, მეორე ადგილის შესანარჩუნებლად უკვე დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს. მას ქულებით “ლელო სარასენსი” გაუტოლდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში “არმია” 22:19 დაამარცხა. დღის კიდევ ერთ მატჩში “არმაზთან” ქუთაისის “აიამ” 26:12 იმარჯვა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
IX ტური
16 ნოემბერი
რუსთავი. ახალი. 1000 მაყურებელი
ხარები (რუსთავი) - ყოჩები (ბოლნისი) 7:29 (0:26)
ხარები: 15. დავით გულიტაშვილი, 14. ბექა ბებიაშვილი, 13. ნიკა ბერძული, 12. რატი ღამბაშიძე, 11. ლექსო მელიქიშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. კობა ბუჯიაშვილი (გიორგი ნათელაშვილი); 1. ზვიად ესართია (შოთა მაჭარაშვილი), 2. უჩა აღაშვილი (ვაჟა თაგაური), 3. მიხეილ წიკლაური (გიორგი მელიქიძე), 4. გენო ხელია, 5. მამუკა ცხადაძე (სოლომონ ქარუხნიშვილი), 6. გიგა ქვლივიძე, 7. ზვიად ღამბარაშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.
1 ლელო: მელიქიშვილი
1 გარდასახვა: ნათელაშვილი
ყოჩები: 15. თეიმურაზ სოხაძე, 14. ირაკლი გეგენავა, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა (მალხაზ ქუშაშვილი), 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გიგი გაბუნია (გიორგი მელაძე), 9. შავლეგ მახარაშვილი; 1. ბაჩანა გოგიშვილი (ალექსანდრე ესაკია), 2. დავით ხიდეშელი (ირაკლი სვანიძე), 3. თეიმურაზ ჯინჭარაძე (შოთა მაღრაძე), 4. მიხეილ არჩუაშვილი (ნიკა გაფრინდაშვილი), 5. რატი ურუშაძე, 6. ნიკო აფციაური (გიორგი ტყეშელიაძე), 7. ჯაბა კიკვიძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე (გაგა მაისურაძე).
4 ლელო: არჩუაშვილი, გოგოლაშვილი, აფციაური, ჯინჭარაძე
3 გარდასახვა: სოხაძე
1 ჯარიმა: სოხაძე
თბილისი. “ავჭალა”.
არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 12:26
თბილისი. “ვისოლი”.
ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი) 22:19
1. | ყოჩები | 9 | 8 | 1 | 0 | 217-116 | 36 |
2. | ხარები | 9 | 5 | 1 | 3 | 168-138 | 24 |
3. | ლელო სარ. | 9 | 5 | 2 | 2 | 150-138 | 24 |
4. | ჯიქები | 8 | 4 | 1 | 3 | 118-110 | 20 |
5. | აია | 8 | 4 | 0 | 4 | 131-127 | 19 |
6. | არმია | 9 | 4 | 0 | 5 | 129-161 | 19 |
7. | ბათუმი | 8 | 3 | 1 | 4 | 163-160 | 17 |
8. | ლოკომოტივი | 8 | 3 | 0 | 5 | 117-131 | 16 |
9. | არმაზი | 7 | 3 | 0 | 4 | 120-126 | 14 |
10. | თიბიეს უნივ. | 9 | 0 | 0 | 9 | 125-231 | 3 |
22 ნოემბერი. გადადებული
ბათუმი - აია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია