ამბები

13:46 | 20.05.2013 | ნანახია 1308 - ჯერ

“ბრივი” Top 14-ში დაბრუნდა

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტურულ დივიზიონ Top 14-ის საგზური დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივმა” მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში მამუკა მაგრაქველიძის “პო” 30:10 დაამარცხა.

“ბრივი” პირველ ელიტურ დივიზიონს შარშან დაემშვიდობა, ახალი სეზონიც არცთუ კარგად დაიწყო, მაგრამ სეზონის ბოლოს გუნდმა სტაბილურობა შეიძინა, რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფიც წარმატებით დაძლია. ნახევარფინალში “ორიაკის” 30:14 ძლევის შემდეგ, ბრიველებმა ფინალში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

საწყის 20 წუთში ქართველთა სამეულის გუნდმა მეტოქეს ორი ლელო გაუტანა, ორივე გარდასახვა გამოიყენა, მანამდე ანგარიში ჯარიმით გახსნა და 17:0 დაწინაურდა. “პომ” შესვენებამდე ერთადერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და ტაიმი 17:3 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში “ბრივმა” ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ 54-ე წუთზე ლელო მიიღო, გარდასახვაც ზუსტი იყო და სხვაობა 10 ქულამდე დავიდა. მაგრამ მოწინააღმდეგემ ვეღარაფერი შეძლო, “ბრივმა” ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ხინჩაგიშვილი, რომელიც ახალ სეზონს დიდი ალბათობით “რასინგ მეტროში” დაიწყებს, განაცხადში არ იყო, ისევე, როგორც მაგრაქველიძე. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს შველიძე, ხოლო ნატრიაშვილი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. მომავალი სეზონიდან “ბრივში” კარლენ ასეიშვილი უნდა გადავიდეს და Top 14-ს კიდევ ერთი ქართველი დააგემოვნებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.129346