ამბები

14:48 | 21.05.2013 | ნანახია 1197 - ჯერ

უმაღლესლიგელები ხვალ გამოვლინდებიან

ვინ ითამაშებს 2013/2014 წლების საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ხვალ უნდა გაირკვეს. პლეი ოფის პირველი მატჩების შედეგების მიხედვით, მოწინავე ათეული მომავალ გათამაშებაშიც ისეთი უნდა დარჩეს, როგორიც წელს იყო, მაგრამ სხვაობები უსაშველო არაა და პირველლიგელებს დაწინაურების შანსი ჯერ კიდევ შერჩათ.

ორივე თამაში “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზეა დანიშნული და იქ მისული მაყურებელიც დაახლოებით ოთხსაათიანი დაძაბული ბრძოლების მომსწრე გახდება. პირველი თამაში 17 საათზე იწყება, მეორე კი, მისი დასრულებისთანავე - 19 საათზე.

შეგახსენებთ, რეგლამენტის თანახმად, უმაღლეს ლიგაში მეცხრე-მეათე ადგილზე გასული გუნდები, პირველი ლიგის პირველ-მეორეადგილოსნებთან ორრაუნდიან ბრძოლას მართავენ და ჯამში გამარჯვებულები უძლიერეს ათეულში თამაშის უფლებას იღებენ. პირველი თამაშები 11 დღის წინ გაიმართა და უმაღლესლიგელებმა 10 და 13 ქულიანი უპირატესობები მოიპოვეს.

პირველად მოედანზე თბილისის “აკადემია” და ქუთაისის “ბაგრატი” გავლენ. 11 მაისს თბილისელები ქუთაისს ეწვივნენ და 18:8 იმარჯვეს. თამაში დაძაბული გამოდგა, მატჩის მიწურულს უმაღლესი ლიგის მეცხრეადგილოსანმა საჯარიმო ლელო მიითვალა, გარდასახვაც გამოიყენა და განმეორებითი მატჩის წინ სამის ნაცვლად 10-ქულიანი უპირატესობა მიიღო. ახლა “აკადემიას” ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებს, ხოლო “ბაგრატს” პირველივე წუთებიდან შეტევაზე მოუწევს ფიქრი.

მეორე თამაში 19 საათზე იწყება და აქ სტუმარ-მასპინძელი პირობითი ცნებაა, რადგან ერთმანეთს თბილისური გუნდები ეთამაშებიან. “ყოჩებმა” პირველი ლიგის მომგებ “თიბისისთან” პირველ მატჩში 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 19:6 და ახლა მის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. “თიბისიმ” პირველ ლიგაში წარმატებით ითამაშა და პირველობა მოიპოვა, მაგრამ უკვე ზედიზედ ორი თამაში წააგო. თუ პირველი ლიგის დასკვნითი ეტაპის ბოლო ტურში “ბაგრატთან” განცდილი მარცხი არაფერს ცვლიდა, პლეი ოფში მარცხი მას შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. ახლა მას “ყოჩების” დამარცხება ორი ლელოთი და ორი გარდასახვით მართებს, რაც იოლად მისაღწევი მიზანი ნამდვილად არაა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080993