კელტების ლიგა

16:54 | 22.02.2016 | ნანახია 1284 - ჯერ

„გლაზგომ“ გამარჯვების გემო გაიხსენა

შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსმა“ „გინეს პრო 12“-ში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ირლანდიური „მანსტერი“ დაძაბულ ბრძოლაში 27:24 დაამარცხა.

ბოლო შეხვედრებში შოტლანდიელებს ძალიან ცუდი შედეგი ჰქონდათ და სამი მარცხის წილ ერთადერთ ფრეს გამორჩნენ, რის გამოც საპლეიოფო ოთხეულს ძლიერ დაშორდნენ. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „გლაზგოს“ ორი გადადებული თამაში აქვს და მათი მოგებით ოთხეულთან მაქსიმალურად მიახლოვების შანსი ექნება.

სამწუხაროდ, მამუკაშვილი „მანსტერთან“ მატჩის განაცხადში არ იყო. 7 200 მაყურებლის გასახარად, გლაზგოელებმა შეხვედრა ერთგვარი აფეთქებით დაიწყეს, 7 წუთში ტონგელმა სილა პუაფისიმ დუბლი მიითვალა, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და მასპინძლებმა 14-ქულიანი ფორა მიიღეს. მაგრამ სტუმრები დანებებას სულაც არ აპირებდნენ და ირლანდიის ნაკრების ბურჯმა დეივ კილკოინმა, რომელმაც 2014 წელს ლელო საქართველოს ნაკრებსაც გაუტანა, თავისი წილი დუბლი მიითვალა, იან კეიტლიმ ორივე გარდასახვის გარდა ერთი ჯარიმაც გაიტანა და „მანსტერი“ 23-ე წუთზე 17:14 დაწინაურდა.

„გლაზგომ“ მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო, ამჯერად ლელო დანკან ვეირიმ გაიტანა და მასპინძლებს უპირატესობა დაუბრუნა. მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა 62-ე წუთზე ვეირიმ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ თამაში რომ განახლდა მაიკლ შერიმ ლელოთი წონასწორობა აღადგინა და გარდასახვის შემდეგ „მანსტერი“ კვლავ წინ გაიჭრა - 24:22. „მებრძოლები“ ამას არ შეეგუენ, 70-ე წუთზე გლენ ბრისმა მასპინძელთა მეოთხე ლელო გაიტანა, რითაც „გლაზგოს“ პრემიალური ქულა მოუტანა და რადგან დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, „უორიორსმა“ 27:24 იმარჯვა.

სახალისო გამოდგა იტალიაში გამართული მატჩი, რომელშიც „ძებრემ“ ლიდერს, ირლანდიურ „კონახტს“ უმასპინძლა. 1850-მა მაყურებელმა ჯამში 10 ლელო იხილა, რომელთაგან 6 სტუმრებმა და 4 მასპინძლებმა გაიტანეს. „კონახტი“ მუდამ წინ იყო, მაგრამ „ძებრე“ ყოველთვის ახერხებდა ჩამორჩენის შემცირებას, თუმცა, მეორე ტაიმის შუაში მეტოქე გაექცა და მას ვეღარ დაეწია. იტალიელებმა 69-ე წუთზე გატანილი მე-4 ლელოთი პრემიალური ქულა ჩაიწერეს.

კიდევ ერთმა იტალიურმა გუნდმა „ბენეტონ ტრევიზომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე გუნდს ყველა თამაში წაგებული ჰქონდა (პრო 12-შიც და ჩემპიონთა თასზეც), ახლა კი, ხასიათი გამოიკეთა და ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევის შანსი გაუჩნდა. იტალიელებმა პირველ ტაიმში 2 ლელო გაიტანეს და 14:10 დაწინაურდნენ, თამაშის განახლებიდან 5 წუთში კი, მესამელელო მიითვალეს. „ნიუპორტმა“ საათის თავზე შეძლო ლელო-გარდასახვის 2 ქულამდე დაყვანა, მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში 19:17 დასრულდა.

დიდი ბრძოლა გაიმართა კარდიფში, სადაც მასპინძლები ირლანდიურ „ლენსტერთან“ მცირედით, 13:14 დამარცხდნენ. პირველი ტაიმი სტუმრებმა 6:3 მოიგეს, მეორეს დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 57-ე წუთზე ნაკევამ ლელო გაიტანა და „ლენსტერი“ 14:6 დაწინაურდა. 5 300 გულშემატკივარს მოგების იმედი 75-ე წუთზე ჩაესახა, როდესაც ლელო-გარადასხვით სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და „კარდიფი“ ბონუს-ქულას დასჯერდა, ხოლო „ლენსტერი“ ლიდერის უახლოეს მდევრად რჩება.

ერთმა ქულამ გადაწყვიტა ირლანდიურ-უელსური კიდევ ერთი დაპირისპირება, ოღონდ, ამჯერად მასპინძელი „ოლსტერი“ იყო და სტუმარმა „სკარლეტსმა“ 21:20 იმარჯვა. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ „სკარლეტს“ ერთი გარდასახვა გაუცუდდა და „ოლსტერი“ 17:15 დაწინაურდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში 2 ჯარიმით მოიპოვეს უპირატესობა, 63-ე წუთზე ერთი სამქულიანი დარტყმა თავადაც გაუშვეს, მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ტურის ცენტრალური მატჩი „სკარლეტსმა“ მოიგო.

ტურის კიდევ ერთ მატჩში „ედინბურგი“ „ოსპრეიზს“ პირველ ტაიმში მაგრად ებრძოლა (13:13), მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა იმძლავრეს და 27:13 იმარჯვეს.

„გინეს პრო 12“ (კელტების ლიგა). XV ტური

ბენეტონი (იტალია) - ნიუპორტი (უელსი) 19:17

ოსპრეიზი (უელსი) - ედინბურგი (შოტლანდია) 27:13

გლაზგო (შოტლანდია) - მანსტერი (ირლანდია) 27:24

კარდიფი (უელსი) - ლენსტერი (ირლანდია) 13:14

ძებრე (იტალია) - კონახტი (ირლანდია) 34:51

ოლსტერი (ირლანდია) - სკარლეტსი (უელსი) 20:21

1.

კონახტი

15

10

0

5

362:294

50

10

2.

სკარლეტსი

15

11

0

4

324:278

48

4

3.

ლენსტერი

14

11

0

3

298:160

48

4

4.

ოლსტერი

15

9

0

6

285:198

46

10

5.

ოსპრეიზი

15

8

1

6

297:278

38

4

6.

მანსტერი

14

8

0

6

257:277

38

6

7.

ედინბურგი

15

8

0

7

254:222

38

6

8.

გლაზგო

13

6

1

6

269:258

35

9

9.

კარდიფი

14

5

0

9

302:298

29

9

10.

ნიუპორტი

15

4

0

11

248:297

23

7

11.

ძებრე

14

4

0

10

210:401

19

3

12.

ტრევიზო

15

2

0

13

217:362

15

7

VXI ტური. 25, 27, 28 თებერვალი

ნიუპორტი - გლაზგო, კონახტი - ოსპრეიზი, ბენეტონი - მანსტერი, ედინბურგი - სკარლეტსი, კარდიფი - ოლსტერი. ძებრე - ლენსტერი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102191