საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი შაბათს, თბილისში, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 18:30 საათზე დაიწყება.
ფინალში ერთმანეთის პირისპირ დედქალაქური კლუბები წარსდგებიან - “ლელო” და “არმია”. სწორედ ამ გუნდებმა დაასრულეს რეგულარული გათამაშება პირველ-მეორე საფეხურზე და ლოგიკურია, რომ თასისთვისაც ისინი იბრძოლებენ. სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი “არმიამ” დაიკავა 75 ქულით და 5 ქულით აჯობა “ლელოს”, მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობა აღარ აქვს იმ სამი ურთიერთშეხვედრების შედეგებს, რომლებიც ამ გუნდებმა მიმდინარე სეზონში გამართეს, მაგრამ მათი გახსენება მაინც საინტერესოა.
I წრეში ამ გუნდებმა 22 სექტემბერს, “ავჭალის” სტადიონზე ითამაშეს და დაძაბული ბრძოლა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, “არმიას” გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ბედი დასკვნით 10 წუთში გადაწყდა, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კი, ლამაზი, დაძაბული ბრძოლით ისიამოვნა. “ლელოს” ჯარიმას არმიელებმა ირაკლი ჩხიკვაძის ლელოთი და ბახვა კობახიძის გარდასახვით უპასუხეს. კობახიძემ კიდე ორი ჯარიმა მიითვალა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა, მაგრამ მერე “ლელომ” იფეთქა, რევაზ ბელქანიამ და ლექსო გუგავამ ლელოები მიითვალეს, ყიასაშვილმა გარდასახვები ზუსტად შეასრულა და გუნდს ტაიმი 17:13 მოაგებინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ყიასაშვილმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მერე მან და კობახიძემ ჯარიმები გაცვალეს, დასკვნით 10 წუთში კი, “არმიამ” შტურმი მოაწყო, “ლელომ” წინააღმდეგობა ვერ გაუწია და გოგა კაკოვინმა ლელო მიითვალა, ხოლო კობახიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. მალე ყიასაშვლს ჯარიმა გაუცუდდა, მერე ალექსანდრე ტუჩაშვილის გარღვევა კობახიძემ ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და “არმიას” 30:23 მოაგებინა.
მეორე წრეში, იმავე “ავჭალაზე”, “ლელომ” რევანშის აღება მოახერხა, მაგრამ მატჩის გამარჯვებული აქაც ბოლო წუთებზე გამოვლინდა. “არმია” კობახიძის ორი ჯარიმით დაწინაურდა და ტაიმი 6:0 დასრულდა. ყიასაშვილმა საპასუხო ჯარიმები მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო საფინალო სასტვენამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, ცენტრიდან გატანილი ჯარიმით “ლელო” დააწინაურა - 9:6. მალე ცერცვაძემ ლელო გაიტანა და ყიასაშვილმა გარდასახვა გამოიყენა, მაგრამ “არმიამ” თხილაიშვილის ლელოთი და კობახიძის გარდასახვით იქვე უპასუხა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და “ლელომ” 3 ქულით იმარჯვა.
მესამედ ეს გუნდები პლეი ოფის მეორე ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვებული გუნდი ფინალში თამაშს იბევებდა და თამაში კვლავ საინტერესო საყურებელი გამოდგა. მისი ბედი დასკვნით 20 წუთში გადაწყდა. წვიმიან ამინდში თავიდან უპირატესობას “არმია” დაუფლა და მამუკა ნინიძემ ირაკლი ჩხიკვაძის გადაცემის შემდეგ ლელო გაიტანა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. “ლელომ” ყიასაშვილის ორი ჯარიმით უპასუხა, მაგრამ შესვენებამდე ორი ჯარიმა თავადაც გაუშვა და ტაიმი “არმიამ” 13:6 მოიგო.
მეორე ტაიმის საწყისში 20 წუთში ყიასაშვილმა და კობახიძემ ჯარიმები გაცვალეს, მერე კი, “ლელოს” უპირატესობა გამოიკვეთა. პირველი ლელო კარგად აგორებულ მოლს მოყვა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში რევაზ ბელქანიამ დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მალე ყიასაშვილმა ჯარიმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. 75-ე წუთზე ულამაზესი ლელო გავიდა: ხმალაძემ ფეხით მოკლეზე გადაიკიდა, მას თორნიკე ცერცვაძე დაუფლა და სანამ მცველები გონს მოეგებოდნენ იერიში სწრაფად გაიშალა მარჯვენა ფლანგზე, სადაც სიჩქარე ირაკლი გეგენავამ აკრიფა და მას ვეღარავინ დაეწია, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 24:16.
“ლელო” ფინალში გავიდა და 20 აპრილის შემდეგ აღარ უთამაშია, “არმიამ” კი, მცირე ფინალში ქუთაისის “აია” დაიბრიყვა, მეტოქეს საქმე პირველსავე ტაიმში მოუმთავრა, 21:3 დაწინაურდა და საბოლოოდ 31:17 იმარჯვა, რითაც ფინალში თამაშის უფლება მიიღო იქ კვლავ “ლელოს” დაუპირისპირდება.
“ლელოსთვის” ეს საქართველოს ჩემპიონატში რიგით მე-6 ფინალია. აქამდე ლევან მაისაშვილის შეგირდებმა გადამწყვეტ მატჩში ორჯერ იმარჯვეს - 2004 და 2009 წლებში, ბოლოჯერ კი, იქ 2010 წელს ითამაშეს და “ლოკომოტივთან” 11:16 დამარცხდნენ. “არმია” ორი წელია რაც შეიქმნა და ამ პერიოდში ყველაფრის მოგება მოახერხა. 2011 წელს ის პირველივე ცდაზე გავიდა ფინალში და იქ “აია” 29:22 დაამარცხა, მერე ქვეყნის თასიც მოიგო, ხოლო 2012 წელს საგაზაფხულო გარდამავალი ტურნირი, რომლის ფინალშიც “ლოკომოტივს” 13:12 აჯობა. შეძლებენ თუ არა არმიელები ტიტულის შენარჩუნებას, შაბათს “შევარდენზე” გაირკვევა. დასწრება უფასოა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
ფინალი. 25 მაისი. თბილისი. “შევარდენი”. 18:30 საათი
ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია