ამბები

11:11 | 26.05.2013 | ნანახია 3645 - ჯერ

“ლელო” საქართველოს ჩემპიონია

გუშინ “შევარდენზე” ხალხმრავლობა იყო. საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის ფინალურმა მატჩმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ტრიბუნებმა მისული მაყურებელი ვერ დაიტია. თამაშმა სრულად გაამართლა მოლოდინი და გულშემატკივარი კარგი სანახაობა იხილა, რომლის გამარჯვებულიც თბილისის “ლელო” გახდა და მან “არმიას” ჩემპიონის “ბზის თასი” ჩამოართვა.

მატჩის დასაწყისში ორივე გუნდმა ფეხით თამაშზე გააკეთა აქცენტი და მეტოქის შეცდომის იმედად იყო. “ლელოდან” ირაკლი ყიასაშვილი და ლაშა ხმალაძე სეტყვავდნენ მოწინააღმდეგის ზურგს, ხოლო “არმიადან” ბახვა კობახიძე და გიორგი ელიზბარაშვილი. 10 წუთიც არ იყო გასული, საქმეში ნერვები რომ ჩაერთო და მოედანზე ჩხუბი ატყდა. ამ დროს “ლელოს” ჯარიმის უპირატესობა, რეფერიმ გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ დარტყმის ადგილი კიდევ 10 მეტრით გადაწია და ყიასაშვილმა კარის გასწვრივ დაახლოებით 30 მეტრიდან ანგარიში გახსნა.

საწყის წუთებში “ლელო” უფრო ორგანიზებულად ირჯებოდა, “არმია” ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაჯარიმდა, ყიასაშვილმა საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან კარში დარტყმა გადაწყვიტა და არც შემცდარა - 6:0. ეს ისეთი დარტყმა იყო, რომ თავი ვერც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შეიკავა და აღფრთოვანებისგან ტაში შემოკრა. “არმია” გამოცოცხლდა და ალექსანდრე ტუჩაშვილმა ხაზი გაჭრა, მაგრამ მეტოქის 22-ში ბურთი დაიკარგა და სიტუაცია განიმუხტა. 25-ე წუთიდან წვიმა წამოვიდა, რომელმაც თამაშის მსვლელობას საკუთარი კვალი დაატყო, მაგრამ პირველ ტაიმში ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და “ლელო” შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში “არმია” უფრო მობილიზებული გავიდა მოედანზე, 50-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ბახვა კობახიძემ ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა. ყიასაშვილს ორიოდე წუთში შეეძლო სტატუსქვოს აღდგენა, მაგრამ გასატანი პოზიციიდან მიზანმა უმტყუბა. 55-ე წუთზე უკვე კობახიძეს მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ 38-ე წუთიდან დარტყმა გაუცუდდა, ხოლო სამიოდე წუთში ყიასაშვილმა მიზანი გაისწორა და ანგარიში 9:3 გახდა.

მე-60 წუთზე კიდევ ერთხელ ატყდა ჩხუბი და ანჯერად რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბე გაასინბინა, ხოლო სამიოდე წუთში “არმიამ” საკუთარი დერეფანი მოიგო, კარგი მოლი დააყენა, იქიდან გამოსული ბურთი გოშა შკინინს მიუვიდა, რომელმაც სისწრაფეში ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძემ გარდასახვით საკუთარი გუნდი დააწინაურა - 10:9. ეს გარდამტეხი მომენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ “ლელომ” მალევე მოახერხა პასუხის გაცემა და უპირატესობის აღდგენა. ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, “ლელომ” მარცხენა ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა, ყიასაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და მისი გუნდის მიერ მოგროვილი 16-ივე ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. “არმიამ” გაიბრძოლა და ბოლოს ჩათვლის ხაზამდეც მიაღწია, მაგრამ მისი გადალახვა ვეღარ შეძლო და “ლელომ” მოქმედი ჩემპიონის დამარცხებით “ბზის თასი” მესამედ ჩაიბარა.   

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი

ფინალი. 25 მაისი. თბილისი. “შევარდენი”. 2000 მაყურებელი

ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი) 16:10 (6:0)

ლელო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა, 13. ლექსო გუგავა (ნონო ანდღულაძე), 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. ალექსანდრე ნიჟარაძე (ზურაბ ზაალიშვილი), 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. რევაზ ბელქანია (დავით ხიდეშელი), 3. ნიკა პატარაია (გიორგი სანიკიძე), 4. ბექა ნიკოლაიშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ლევან დარასელია, 8. გიორგი ჭყოიძე.

1 ლელო: ყიასაშვილი

1 გარდასახვა: ყიასაშვილი

3 ჯარიმა: ყიასაშვილი

სინბინი: ქოიავა

არმია: 15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. გიორგი ჯიმშელაძე (გიგა გაგოშვილი), 12. ირაკლი ჩხიკვაძე, 11. გოშა შკინინი, 10. გიორგი ელიზბარაშვილი (მამუკა ნინიძე), 9. რამაზ ჯინაშვილი; 1. გიორგი ზაქაშვილი (გოგა კაკოვინი), 2. შალბა მამუკაშვილი, 3. დავით გურგენიძე, 4. ილია სურგულაძე (მამუკა ცხადაძე), 5. ლაშა აზალაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ბექა ბიწაძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

1 ლელო: შკინინი

1 გარდასახვა: კობახიძე

1 ჯარიმა: კობახიძე

სინბინი: აზალაძე

რეფერი: დევიდ ვილკინსონი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.476793