ამბები

15:55 | 26.05.2013 | ნანახია 2094 - ჯერ

“ჰაინეკენის თასის” ფინალი Top 14-ში არ გამეორდა

წინასწარმეტყველება იმისა, რომ საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალში “ჰაინეკენის თასზე” ერთი კვირის უკან გამართული ფინალი გამეორდებოდა, არ გამართლდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მომგები “ტულონი” ფინალში კი გავიდა, მაგრამ “კლერმონი” “ჰაინეკენის თასის” ფინალში განცდილი მარცხის შოკიდან ვერ გამოვიდა და ნახევარფინალში “კასტრთან” დამარცხდა.

დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზას” 36 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე დაუხვდა და ლიდერობა მე-2 წუთზევე მოიპოვა. ფრედერიკ მიშალაკმა მეტოქის 22-ში მოზომილად ჩაკიდა ფეხით ბურთი, მას სამხრეთაფრიკელი დენ როსოუ ისე დაეუფლა, რომ ბურთს მიწაზე დავარდნის უფლება არ მისცა და მეტოქის ჩათვლის მოედანში შესრიალდა. ჯონი უილკინსონს გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ ლუკ მაკალისტერის მიერ მე-6 წუთზე გატანილ ჯარიმას ოთხ წუთში ჯარიმითვე უპასუხა.

პირველი ტაიმის შუაში “ტულუზამ” ფლანგზე უპირატესობა მოიპოვა და ლელოც გავიდა, მაგრამ ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბოლო პასი წინ გაკეთდა და შერკინება დაინიშნა. სამაგიეროდ, სტუმრებმა 30-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს.

ტაიმის ბოლოს უილკინსონს 50 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა და “ტულონი” შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავიდა, მატჩის განახლებიდან სამ წუთში კი, მაკალისტერმა ჯარიმით “ტულუზა” დააწინაურა. უილკინსონმა საკუთარ გუნდს ლიდერობა 54-ე წუთზე დაუბრუნა, როდესაც ჯარიმა გაიტანა, ხოლო 10 წუთში დაახლოებით 40 მეტრიდან არეკნი უზადოდ შეასრულა. მანვე 50 მეტრიდან გატანილი ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა 70-ე წუთზე კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო ორიოდე წუთში დელონ ერმიტაიჯმა თავისი ნახევრიდან შეუტია, მეტოქის მთელ დაცვას გასცდა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. უილკინსონმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და “ტულონმა” 24:9 იმარჯვა.

ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა ქუბრიაშვილმა, მერე კი, ის ჩილაჩავამ შეცვალა. ქუბრიაშვილის პირისპირ შერკინებებში 37 წუთი იდგა კაკოვინი, რომელიც 37-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო ბრეგვაძე.

1 ივნისს, პარიზში, “სტად ფრანსეზე” “ტულონის” მეტოქე ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” იქნება, რომელმაც დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” ნანტში 25:9 დაამარცხა. თამაშს 35446 მაყურებელი დაესწრო და ანგარიში მე-9 წუთზე “კასტრმა” ჯარიმით გახსნა. “კლერმონი” შერკინებაში დაჯარიმდა და რორი კოკოტმა ლამის ცენტრიდან ზუსტად დაჰკრა. აღსანიშნავია, რომ “კლერმონი” იმ დღეს საკუთარ აჩრდილს ჰგავდა, განსაკუთრებით შერკინებაში, სადაც “კასტრის” უპირატესობა თვალნათლივ ჩანდა. “კლერმონი” მეორედაც შერკინებაში დაჯარიმდა და კოკოტმა ამჯერად 40 მეტრიდან გაიტანა.

მიკ დელანიმ ერთი საპასუხო ჯარიმის გატანა 28-ე წუთზე მოახერხა, მაგრამ შესვენებამდე “კასტრმა” ორჯერ მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება (ერთხელ მეტოქის შერკინებისას) და ტაიმი 12:3 მოიგო.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს. “კასტრმა” ორივე შემთხვევაში გაზარდა უპირატესობა და მეტოქემ მერე უპასუხა.

თამაშის ბედი 63-ე წუთზე გადაწყდა, რომან კაბანესმა საკუთარ 22-თან ჩაჭრა მეტოქის გადაცემა და ლელომდე მარტომ ირბინა, ხოლო ზუსტმა გარდასახვამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 25:9.

ქართველი ლეგიონერებიდან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ზირაქაშვილმა მიიღო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. “კასტრი” 1993 წლის შემდეგ პირველად გავიდა Top 14-ის ფინალში და იქ “ტულონის” დამარცხებას ეცდება.

თეგებიTop 14

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.136499