წყნარი ოკეანის 2013 წლის გათამაშების პირველ ტურში დაფიქსირებულმა ორმა შედეგმა, მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში ცვლილებები გამოიწვია. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული, 67,66 ქულით კვლავ მე-17 საფეხურზე რჩება, მაგრამ მასსა აშშ-ს ნაკრებს შორის სხვაობა 0,3 ქულაც აღარაა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) გადაწყვეტილებით, წელს წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ამერიკისა და კანადის ნაკრებები ჩაერთვნენ. მიზეზი მარტივია, ეს ქვეყნები წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობენ, მათი ნაკრებების სათამაშო დონე ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზარდა და მეტი პროგრესისთვის უფრო ძლიერ მეტოქეებთან და უფრო ძლიერ ტურნირში თამაშის საშუალება მიეცათ. სამაგიეროდ, თასისთვის აღარ იბრძოლებს სამოა და ამ ორ ჩრდილოამერიკულ ქვეყანას კონკურენციას იაპონია, ფიჯი და ტონგა გაუწევენ.
პირველ ტურში ერთმანეთის პირისპირ ძველი ნაცნობები და მეზობლები, კანადა და აშშ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კანადა მასპინძელი იყო, მეტოქე 16:9 დაამარცხა და ახალი ტურნირის სადებიუტო მატჩში გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრას 3500 მაყურებელი დაესწრო და მათ ერთადერთი ლელო იხილეს. კანადელებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი მე-17 წუთზე შეიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს. მასპინძლებს მანამდე ჯარიმაც ჰქონდათ გატანილი, ერთი ჯარიმა თავადაც გაუშვეს და ტაიმი 10:3 დასრულდა. მე-60 წუთამდე აშშ-მ ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ დასკვნით წუთებში ჯარიმები მასპინძლებმა მიითვალეს და გამარჯვება იზეიმეს.
ამ მოგებამ კანადას 0,4 სარეიტინგო ქულა შემატა, მაგრამ ეს წინსვლისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მათ ფიჯის გადაასწრეს, რომელიც ამ დღეს ისვენებდა და მე-13 ადგილამდე დაწინაურდნენ. მომავალ თამაშს კანადა სწორედ ფიჯისთან, 5 ივნისს სტუმრად გამართავს. აშშ საქართველოს ცოტათიღა უსწრებს და 14 ივნისს ტონგას მასპინძლობს.
2013 წლის წყნარი ოკეანის თასის გახსნით მატჩი იოკოჰამაში გაიმართა, იაპონიამ ტონგას უმასპინძლა და 17:27 დამარცხდა. მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს, რაზეც სტუმრებმა 4 ლელოთი უპასუხეს, ორი გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ერთხელ ჯარიმაც გაიტანეს. ამ მარცხმა იაპონიას 0,7 სარეიტინგო ქულა დააკარგვინა, მაგრამ მე-15 ადგილზე რჩება. წინსვლისთვის ქულები არ ეყო ტონგასაც, რომელიც მე-11 პოზიციაზეა, მაგრამ ახლა მას შოტლანდია სულ მცირედითღა უსწრებს (0,06).
1 ივნისს იაპონია ფიჯის სტუმრად ეთამაშება, ხოლო ტონგა კანადას 8 ივნისს ეწვევა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისის ტურნირზე ურუგვაის ნაკრების დამარცხებით სარეიტინგო ქულას ვერ მიიღებს და მისი წინსვლა მხოლოდ აშშ-სა და იაპონიის მარცხებზე იქნება დამოკიდებული.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 27 მაისისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 90,08
2 (2). სამხრეთ აფრიკა 86,94
3 (3). ავსტრალია 86,87
4 (4). ინგლისი 83,72
5 (5). უელსი 83,36
6 (6). საფრანგეთი 81,59
7 (7). სამოა 78,71
8 (8). არგენტინა 78,71
9 (9). ირლანდია 78,05
10 (10). შოტლანდია 76,86
11 (11). ტონგა 76,80
12 (12). იტალია 76,06
13 (14). კანადა 71,80
14 (13). ფიჯი 71,52
15 (15). იაპონია 69,39
16 (16). აშშ 67,93
17 (17). საქართველო 67,66
18 (18). რუმინეთი 65,82
19 (19). რუსეთი 62,34
20 (20). ესპანეთი 60,44
21 (21). ურუგვაი 59,87
22 (22). პორტუგალია 58,82
23 (23). ნამიბია 58,45
24 (24). კორეა 58,10
25 (25). ბელგია 57,52
26 (26). ჩილე 56,85
27 (27). პოლონეთი 56,13
28 (28). გერმანია 55,96
29 (29). ჰონკონგი 54,56
30 (30). მოლდოვა 53,77
31 (31). ზიმბაბვე 52,57
32 (32). მაროკო 52,35
33 (33). ბრაზილია 51,86
34 ...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია