რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის “ქართულმა კლუბმა” “სპარტაკმა”, რომელიც წინასასეზონო შეკრება თბილისში გაიარა და ორი ამხანაგური მატჩიც გამართა, ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი “სლავასთან” გამართა და 9:33 დამარცხდა.
მოსკოველების მარცხი მათივე შეცდომებმა განაპირობა, რის შედეგადაც მეტოქე სწრაფ კონტრშეტევებს ანხორციელებდა და ლელოები გაჰქონდა. მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ კვანთიძე, ერისთავი, ხეჩიკოვი, მინაძე, კვერნაძე, ცირეკიძე, თავბერიძე, თუთბერიძე და ფრუიძე, ხოლო შეცვლაზე გიგაშვილი, გოგია, ხელიძე, ადანაია და მახარობლიძე შევიდნენ. “სპარტაკი” მორიგ მატჩს 3 ივნისს “ფილისთან” გამართავს.
სანამ “სპარტაკი” თბილისში იყო, რუსულმა კლუბებმა რამდენიმე თამაშის გამართვა მოასწრეს და გათამაშებას კვლავ ქვეყნის ჩემპიონი, ვალერი ცნობილაძისა და რატი ურუშაძის “ენისეი სტმი” ლიდერობს. კრასნოიარსკელებმა სამი თამაში გამართეს და სამივე მოიგეს, თანაც ორჯერ პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. პირველ მატჩში “ენისეიმ” “ბულავა” გაანადგურა 59:3. ამ მატჩში ურუშაძემ სრულად მიიღო მონაწილეობა და გუნდის კაპიტანიც იყო, ხოლო ცნობილაძემ პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა.
მეორე მატჩში კრასნოიარსკელებმა “ყუბანი” 31:22 დაამარცხეს და პრემიალური ქულაც აქაც აიღეს. ცნობილაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ურუშაძე თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. 27 მაისს კრასნოიარსკული დერბი შედგა და ტურის ცენტრალურ მატჩში “ენისეიმ” გრიგოლ ცნობილაძეს “კრასნი იარს” 16:11 მოუგო. ძმებმა ცნობილაძეებმა ერთმანეთის პირისპირ სრულად ითამაშეს, ხოლო ურუშაძე შეცვლაზე დასკვნით 5 წუთში შევიდა. “კრასნი იარი” 10 წუთის შემდეგ 8:0 იგებდა, მაგრამ საათის შემდეგ 8:16 აგებდა და პრემიალური ქულის მომტანი ჯარიმა ბოლოსღა გაიტანა.
მანამდე “კრასნი იარმა” კარლო მაღლაკელიძის “სტრელა-აგრო” 36:19 დაამარცხა და გრიგოლ ცნობილაძე იქაც ძირითად შემადგენლობაში იყო. მერე “სტრელა-აგრომ” “სლავას” 24:3 მოუგო და სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა მაღლაკელიძემ, იმ მატჩში 35-ე წუთზე ლელო გაიტანა. მისი გუნდი 26 მაისს “ვვა-პოდმოკსოვიესთან” 6:25 დამარცხდა. მაღლაკელიძემ მოედანზე 63 წუთი გაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია