ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა, 2013 წლის ტურნეს ფარგლებში “ნადირობის სეზონი” ჰონკონგში გახსნეს და “ბარბაროსები” 59:8 გაანადგურეს.
ერთი კვირის წინ ინგლისის პრაქტიკულად მეორე ნაკრებთან დიდი სხვაობით მარცხის შემდეგ, მსოფლიო ნაკრებად წოდებული “ბარბაროსებისგან” განსაკუთრებულ თამაშს არავინ ელოდა. “ლომებმა” მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს და ტრიბუნაზე შეკრებილი მაყურებელი ასიამოვნეს.
ეს გუნდები 1977 წლის შემდეგ პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ანგარიში მე-3 წუთზე ოუენ ფარელიმ ჯარიმით გახსნა. მალე “ბარბაროსები” ყვითელი ბარათით დაისაჯნენ, მაგრამ ფარელიმ უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა. “ლომებს” შეუთამაშებლობა ეტყობოდათ და ელიოტ დეილმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მერე “ლომებმა” აიშვეს. მე-20 წუთზე ფარელიმ ოთხი ქვეყნის გაერთიანებული ნაკრები ჯარიმით დააწინაურა. 28-ე წუთზე პოლ ოკონელმა ჩათვლის მოედნის ხაზზე წარმოქმნილი რაქიდან ბურთი “ბარბაროსების” ჩათვლის მოედანში გადადო, ხოლო კიდევ 5 წუთში მაიკ ფილიპსმა ხაზი გაჭრა და მცველის მცდელობის მიუხედავად მეორე ლელო გაიტანა. ფარელიმ ორ გარდასახვას ზედ შესვენების წინ ერთი ჯარიმაც დაუმატა და ტაიმი 23:3 დასრულდა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ფილიპსმა კიდევ ერთხელ დაიჭირა მცველები ცრუმოძრაობაზე, ხაზი გაჭრა და დუბლი მიითვალა. 57-ე წუთზე “ბარბაროსებმა” საკუთარი ნახევრიდან კარგი შეტევა წამოიწყეს და ზელანდიელი ჯო როკოკოკოს საუცხოო ფლანგური გარღვევის შემდეგ, იერიში კან ფოტუალიიმ ლელოთი დაასრულა. ამის შემდეგ “ლომებმა” მეტოქეს შედეგიანი შეტევის განხორციელების საშუალება აღარ მისცა, თავად კი, მატჩის განახლებისთანავე კიდევ 5 ქულა აიღო, როდესაც ჯეიმი რობერტმა მეტოქეს უყურადღებობა არ აპატია და ლელო ჯონათამ დევისს გაატანინა.
დასკვნით მეოთხედში “ლომებმა” კიდევ ოთხი ლელო მიითვალეს. თავი ორჯერ ალექს კატბერტმა გამოიჩინა, ხოლო დასკვნით ხუთ წუთში ჩათვლის მოედანი ლიდიეტმა და ჯონსმა გადაკვეთეს, ხოლო შეცვლაზე შესულმა ჯონათან სექსტონმა გარდასახვებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაიკ ფილიპსი აღიარეს. ახლა “ლომები” ავსტრალიაში გადაინაცვლებენ და 5 ივნისს “ვესტერნ ფორსს” ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია