ამბები

16:11 | 2.06.2013 | ნანახია 2999 - ჯერ

ფეიქრიშვილი საფრანგეთის ჩემპიონია

 

ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება მე-4 საფეხურზე დაასრულა, პლეი ოფში შესანიშნავად ითამაშა, გადამწყვეტ მატჩში “ჰაინეკენის თასის” მფლობელს, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” 19:14 აჯობა 1993 წლის შემდეგ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სულ კი, თასი მეოთხედ შემართა.

ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო, თუმცა, მწვრთნელმა ის სათამაშოდ არ შეუშვა. განაცხადში არ ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკუთარი გუნდის ჩემპიონობაში დიდი წილი დაიდო ანტონ ფეიქრიშვილმა. 25 წლის პირველხაზელმა გასულ სეზონში Top 14-ის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ჯამში კი, მოედანზე 504 წუთი გაატარა. გარდა ამისა, მან “ჰაინეკენის თასის” ოთხ თამაშშიც მიიღო მონაწილეობა და სამჯერ მოედანზე პირველი წუთებიდან გავიდა (ჯამში 214 წუთი).

“სტად ფრანსეზე” გამართულ ფინალურ შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე ტულონელთა ინგლისელმა ლიდერმა ჯონ უილკინსონმა ჯარიმით გახსნა. რორი კოკოტმა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, წონასწორობა ჯარიმითვე მე-14 წუთზე აღადგინა, ხოლო ზედ შესვენების წინ ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა - 10:3. აღსანიშნავია, რომ 3:3-ზე უილკინსონს არეკნი და ჯარიმა გაუფუჭდა, არადა, მისი გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა და დაწინაურებასაც იმსახურებდა.

უილკინსონმა თავისი მეორე ჯარიმა 46-ე წუთზე გაიტანა, მერე გუნდებს თითო-თითო დარტყმა გაუცუდდათ, 66-ე წუთზე კი, ინგლისელმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. სწორედ აქ ითამაშა გადამწყვეტი როლი რემი ტალეს ოსტატობამ, რომელმაც ორი არეკნით “კასტრის” უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, ხოლო თამაშის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე კოკოტმა ჯარიმიდან საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა. “ტულონმა” დამატებულ წუთებზე შეძლო საპასუხო ლელოს გატანა, ფლანგზე დელონ ერმიტეიჯი გაიქცა, მაგრამ ეს აღარაფერს წყვეტდა და “კასტრმა” 19:14 იმარჯვა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078706