საქართველოს ნაკრების კვაჭი იური ნატრიაშვილი წელს ტოპ 14-ში მეორე სეზონს ატარებს და გუშინ „ტულონის“ მაისურით „ოიონაქსს“ ლელო გაუტანა.ეს მისთვის მეორე ელიტური ლელოა.
32 წლის მორაგბემ კარიერის დიდი ნაწილი რუმინეთში გაატარა, მერე სამშობლოში დაბრუნდა და 2011 წელს რთული არჩევანის წინაშე დადგა. მისით ტოპ 14-ის „ბრივი“ დაინტერესდა, ოღონდ იმ პირობით, თუ ქართველი მსოფლიო თასზე არ გაემგზავრებოდა და კლუბს პირველივე დღიდან შეუერთდებოდა. ნატრიაშვილმა საქართველოს რაგბის კავშირთან კონსულტაციის შემდეგ არჩევანი კლუბზე შეაჩერა, კარგი სეზონი ჰქონდა „სტად ფრანსეს“ ლელოც გაუტანა, ოღონდ სტატისტიკოსებმა შეცდომა დაუშვეს და ის ვასილ კაკოვინის ანგარიშზე ჩაწერეს.
იმ სეზონში „ბრივი“ პრო დ2-ში დაქვეითდა და ნატრიაშვილმა სამი ლელო გაიტანა, მაგრამ სეზონის მიწურულს დაშავდა და უმძიმესმა ტრავმამ ერთი წლით უსაქმოდ დატოვა. შედეგად, შარშან იურის ფედერალ ერთის „ტულეში“ მოუწია თამაში, მაგრამ ფრანგულმა გრანდებმა მალევე შენიშნეს და სეზონის სტარტზე „კლერმონმა“ „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით დაიმატა. ნოემბერში შეთანხმებას ვადა გაუვიდა, მაგრამ ნატრიაშვილი დდხანს უსაქმოდ არ დარჩენილა და ახლა სეზონის ბოლომდე „ტულონში“ ითამაშებს, რომლის მაისურითაც მეორე შეხვედრა ჩაატარა და პირველი ლელო გაიტანა.
- მიმდინარე სეზონი ტოპ 14-ის ერთ-ერთ გრანდში, „კლერმონში“ დაიწყეთ „ჯოკერის“ სტატუსით და ახლა კიდევ ერთ ფრანგულ გრანდში, „ტულონში“ ხართ ასევე „ჯოკერის“ სტატუსით. როგორ მოხდა თქვენი „ტულონთან“ დაკავშირება?
- „კლერმონთან“ კონტრაქტი 7 ნოემბერს დამიმთავრდა და დაახლოებით ერთ კვირაში ჩემი აგენტი დამიკავშირდა. მან მითხრა, რომ „ტულონი“ ჰუკერს ეძებდა და შეიძლებოდა არჩევანი ჩემზე გაეკეთებინათ. ტულონელებს ჟან-შარლი ორიოლი დაემტვრათ და მის შემცვლელად სამედიცინო „ჯოკერს“ ეძებდნენ. ასე აღმოვჩნდი „ტულონში“ ნოემბრის ბოლოს და მას შემდეგ აქ ვარ.
- ნოემბრის ბოლოდან 14 თებერვლამდე დიდი დროა. „ტულონში“ კი, თქვენი დებიუტი სწორედ 14 თებერვალს შედგა. რატომ დაგვიანდა 2,5 თვით თქვენი მოედანზე გასვლა?
- 2,5 თვე ნამდვილად დიდი დროა, მაგრამ ტულონში რომ ჩამოვედი ჩემპიონთა თასის თამაშების დრო იყო და გასაგები მიზეზების გამო, მასში მონაწილეობას ვერ მივიღებდი. სამაგიეროდ, ვარჯიშების შემდეგ გუნდის მენეჯერმა და მწვრთნელებმა მითხრეს, რომ ვჭირდებოდით, შანსსაც აუცილებლად მივიღებდი და სიტყვაც შეასრულეს. ბოლო ორ ტურია შეცვლაზე ვთამაშობ და გუშინ ლელოც გავიტანე.
- როდემდე გაქვთ „ტულონთან“ კონტრაქტი გაფორმებული?
- პირველ კონტრაქტს, რომელიც ორიოლის შემცვლელად გამიფორმეს ვადა გაუვიდა, მაგრამ ახლა ახალი კონტრაქტი მაქვს. ირლანდიელი პოლ ოკონელი დაშავდა და ტრავმის გამო თამაშს თავი დაანება. სწორედ მის „ჯოკრად“ გამოფორმეს ახალი კონტრაქტი.
- თქვენ მეექვსე კვაჭი ხართ, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ტულონის“ შემადგენლობაში ითამაშა. რამ გამოიწვია ასეთ საკვანძო პოზიციაზე ამდენი ცვლილება?
- ბევრმა ტრავმებმა. ფაქტობრივად, გადაბმულად 14 თამაში მხოლოდ ორმა კვაჭმა ჩაატარა, ეს კი, ამ პოზიციისთვის ძალიან ბევრია. იქიდან გამომდინარე, რომ გირადოს საფრანგეთის ნაკრებში მოუწევს თამაში და სხვა ჰუკერები ჯანმრთელობას უჩივიან, კლუბში ჩემი დატოვება გადაწყვიტეს.
- „კლერმონი“, „ტულონი“ - ფრანგული და მსოფლიო რაგბის გრანდები არიან. აქამდე ტოპ 14-ში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარეთ და მაშინ თქვენი „ბრივი“ პრო დ2-ში დაქვეითდა. შეიძლება ითქვას, რომ წელს საუკეთესო სეზონს ატარებთ?
- ასე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, რომელ სეზონშიც მეტი თამაში ჩავატარე საუკეთესოც სწორედ ის იყო. „ბრივის“ შემადგენლობაში 24 თამაში ჩავატარე და აქედან 11 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი, რაც საფრანგეთში ახალი ჩასული მოთამაშისთვის, რომელსაც ენის ბარიერი აქვს, ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. ულაპარაკოა, „კლერმონი“ და „ტულონი“ ჩემი კარიერის უდიდეს მოგონებებად დარჩებიან. დღეს მე იმ ვარსკვლავების მხარდამხარ ვვარჯიშობ და ვთამაშობ, რომელთაც აქამდე მხოლოდ ტელევიზით თუ ვნახავდი.
- გუშინდელი თამაშის შემდეგ ყველა ქართველი ამაყი იყო. მელელოვეთა გრაფაში ბასტაროს, პელისეს, ჰაბანასა და ნონუს გვერდით, ნატრიაშვილის გვარი ეწერა...
- ეს ჩემი მეორე ლელო იყო ტოპ 14-ში. პირველი ლელო „ბრივის“ შემადგენლობაში „სტად ფრანსესთან“ დავდე, მაგრამ მაშინ შეცდომით მის ავტორად სხვა დასახელდა.
- „კლერმონი“ და „ტულონი“ ვარსკვლავური გუნდებია. ძნელია მათთან ურთიერთობა და რა ადგილი უკავიათ ამ ვარსკვლავურ გუნდებში ქართველ ლეგიონერებს?
- გარდა თამაშისა, ვერავის შეატყობ რომ ვარსკვლავია. ესენი არიან თავმდაბალი და უშუალო ადამიანები. აი რაც შეეხება ქართველებს, „კლერმონით“ დავიწყებ და იქ ქართველ მორაგბეებს იმაზე დიდ პატივს სცემენ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. რატომ, მემგონი ამას ახსნა არ ჭირდება. ყველამ კარგად იცის, თუ რა აქვს გაკეთებული დავით ზირაქაშვილს ამ გუნდისთვის და ვიტო კოლელიშვილი, ძალიან მალე, ტოპ 14-ის ერთ-ერთი საუკეთესო მღლეტელი გახდება. ამას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვიძახი.
რაც შეეხება „ტულონს“, აქ საუბარს მამუკა გორგოძით დავიწყებ, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ როგორც მწვრთნელები, ასევე მოთამაშეები. ზირაქაშვილის სიტუაციის მსგავსად, ჩემგან ზედმეტია რაიმეს თქმა მამუკასთან დაკავშირებით. ყველამ კარგად იცის რა აქვს მას გაკეთებული და კიდევ რეებს გაკეთებს, ამას ყველა ერთად დავინახავთ. მას მაქსიმუმისთვის ჯერაც არ მიუღწევია. კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას სიტუაციას კოლელიშვილისას შევადარებ. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები იქნებიან თავ-თავიანთ პოზიციაზე მთელს ტოპ 14-ში. „კლერმონშიც“ და „ტულონშიც“ ძალიან აფასებენ ქართველების უნარს და დამოკიდებულებას შრომისმოყვარეობის მიმართ. ისინი ხედავენ როგორ იხარჯებიან ქართველები ფიზიკურად, ამბობენ, რკინის კაცები ხართო. ახლახანს მამუკამ ფიზმომზადების მწვრთნელს თხოვა, დამატებითი სეანსები გავაკეთოთო და იმანაც, რომ იცის მისი შესაძლებლობები, ფაქტობრივად სხვებისთვის შეუსრულებელი პროგრამა ჩამოუწერა.
- „ტულონში“ თქვენს პოზიციაზე ახალგაზრდა ქართველი, ბადრი ალხაზაშვილი თამაშობს, რომელსაც ახლახანს ჰქონდა დებიუტი პირველ გუნდში. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივები აქვს ბადრის ამ გუნდში?
- პერსპექტივაც და შესაძლებლობაც ძალიან დიდი აქვს. ის უდიდესი პოტენციალის მქონე მორაგბე და რაც უმთსვრესია, უზომოდ შრომისმოყვარე სპორტსმენია. მართალია მან „შარქსთან“ მოედანზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა, მაგრამ ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა. ლევანიმ და კოტემ მასსავით დაიწყეს თავისი კარიერა და ახლა ყველა ხედავს რა დონეზე არიან.
- სულ მალე საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ორი პრინციპული თამაში ელის რუსეთთან და რუმინეთთან. თუ ითამაშებს ნატრიაშვილი ეროვნულ გუნდში?
- ვერ გეტყვით, რადგან ნაკრებიდან ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია. მე რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს ნაკრებში თამაშისა და გამოძახების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნაში ვარ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები