ამბები

12:00 | 3.06.2013 | ნანახია 1521 - ჯერ

7-ქალა ჩეხეთში მიდის

საქართველოს გოგონათა 7-კაცა ნაკრები, შაბათ-კვირას (8-9 ივნისს) ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის მატჩებს გამართავს და FIRA-AER-ის გრან-პრის საგზურის მოპოვებას ეცდება.

ქართველი გოგონები ამ დონის ოფიციალურ ტურნირში პირველად ითამაშებენ და პროგრამა მინიმუმად დივიზიონში ადგილის შენარჩუნება აქვთ დასახული, თუმცა, მათი გეგმები საკმაოდ ამბიციურია და პირველ-მეორე ადგილის დაკავებით, გაისად ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას გეგმავენ. მიუღწეველი არაფერია და ეგებ ისეც მოხდეს, რომ საქართველოს ნაკრები ელიტაში დაწინაურდეს, მაგრამ გამოუცდელობის კვალობაზე, ამ გუნდისგან წელს უფრო ამ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას უნდა ველოდეთ.

7-ქალა A დივიზიონში შარშან დაწინაურდა, მანამდე კი, რაბგით მესამე, ყველაზე დაბალ B დივიზიონში უწევდა თამაში. შარშანწინ საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი თამაში სათმო, მაგრამ ნახევარფინალში და რადგან მე-3 ადგილს ვერ გასცდა, შარშან კვლავ ამ დონეზე მოუწია ბრძოლა. რადგან ბელგიაში გამართული ტურნირი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიც იყო, B დივიზიონში შოტლანდიის და ირლანდიის ნაკრებებმაც ითამაშეს. აღიარებულ ლიდერებთან მარცხის შემდეგ, ქართველი გოგონები მე-3 ადგილისთვის მატჩში ბელგიასთან 7:12 დამარცხდა და მე-4 ადგილს დასჯერდა, მაგრამ დივიზიონში დაწინაურების თვალსაზრისით, ირლანდია და შოტლანდია უკონკურენციოდ თამაშობდნენ და საქართველოს ნაკრებიც წელს პირველად ითამაშებს A დივიზიონში.

ჩეხეთში ჩასული 12 ნაკრები ორ 6-6 გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები “ა” ჯგუფში შვედეთის, ხორვატიის, რუმინეთის, ავსტრიისა და პოლონეთის ნაკრებებთან ითამაშებს. “ბ” ჯგუფში შვეიცარიის, მოლდოვას, ბელგიის, უნგრეთის, ჩეხეთის და დანიის ნაკრებები მოხვდნენ. ქართველი გოგონების პირველი მეტოქე ხორვატია იქნება. პირველ სათამაშო დღეს, 8 ივნისს, ისინი ჯგუფური ეტაპის კიდევ სამ თამაშს გამართავენ - პოლონეთთან, შვედეთთან და ავსტრიასთან. ჯგუფის ბოლო თამაში ჩვენს 7-ქალას 9 ივნისს რუმინეთთან უწევს და დაკავებული ადგილის მიხედვით, იმავე დღეს პლეი ოფებში ჩაებმება.

რეგლამენტის თანახმად, ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება. ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები გრან-პრის საგზურისთვის ნახევარფინალებში გააგრძელებენ ბრძოლას; მესამე-მეოთხეადგილოსნები V-VIII ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები ეცდებიან, რომ XI-XII ადგილებს და შესაბამისად, გაისად B დივიზიონში დაქვეითებას თავი დააღწიონ.

2013 წლის თებერვლიდან, საქართველოს ქალთა ნაკრებს უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ყოჩების” მორაგბე ჯაბა მალაღურაძე წვრთნის, რომლიც ცნობილი მოშვიდკაცეა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ორ მოსამზადებელ ტურნირში მიიღო მონაწილეობა - ოდესის და ამსტერდამის საერთაშორისო ტურნირებში. ოდესის ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა უკრაინული და ყაზახური კლუბები იღებდნენ მონაწილეობას და საქართველოს ნაკრებმა 6 გუნდს შორის მე-3 ადგილი დაიკავა.

ამსტერდამის ტრადიციული ტურნირი 18-19 მაისს გაიმართა, სადაც IRB-ს ქალთა რაგბი 7-ის მსოფლიო სერიის მატჩების პარალერულად, საერთაშორისო საკლუბო-სანაკრებო, შერეული შეჯიბრი შედგა და საქართველოს ნაკრები 16 გუნდს შორის მე-5 ადგილზე გავიდა.

ჯაბა მალაღურაძე: “სპორტული თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ შეკრული გუნდი გვყავს. გოგონები ჩამოყალიბებული, პროფესიონალი ათლეტები არიან. არ ვუჩივით დისციპლინას და ისინი სპორტული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, რაც არა მარტო ვარჯიშებისადმი მიდგომაში, არამედ სწორ კვებასა და რეჟიმის ზედმიწევნით დაცვაშიც გამოიხეტება. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მეგობრული გუნდი გვყავს და მეოდანსა თუ მის გარეთ, გოგონები სულ ერთმანეთის გვერდით დგანან. მიმაჩნია, რომ მათთან მუშაობა ნებისმიერი მწვრთნელისათვის დიდი პატივია.

იგრძნობა ის კოლოსალური მუშაობა, რომელიც ნაკრების წინა მწვრთნელმა, პალიკო ჯიმშელაძემ გასწია, რისთვისაც მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მე კარგად მომზადებული, პროფესიონალ მორაგბეთა გუნდი დამხვდა.

რა თქმა უნდა, არის რიგი სათამაშო ასპექტები, რაზეც ბევრი სამუშაო გვაქვს. მაგალითისათვის რაქში სწრაფი და უჯარიმო მუშაობა. ოდესის და ამსტერდამის ტურნირებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ აქ შემექმნა საბოლოო წარმოდგენა ნაკრების წევრებზე”.

ანა პოღოსიანი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “წინ დიდი გამოცდა გველის. პრაღაში იოლი მეტოქეები არ გველის, მაგრამ მე მაინც რუმინეთისა და შვეიცარიის ქალთა ნაკრებებს გამოვყოფდი. ტურნრიზე პროგრამა მინიმუმი A დივიზიონში დარჩენა წარმოადგენს, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი პირველი, ან მეორე ადგილის დაკავება და გრან-პრის სერიაში გადასვლა იქნება.

მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით მომავალი ტურნირისათვის და დიდი იმედებით მივემგზავრებით პრაღაში. თითოეული ჩვენთაგანისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქარველოს ნაკრების კაპიტანი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. გარდა ამისა, მე ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ მორაგბე ვარ. მიმაჩნია, რომ მორაგბეობა თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა”.

 

ევროპის ჩემპიონატი 7-ქალა რაგბიში

8-9 ივნისი. ჩეხეთი. პრაღა. A დივიზიონი

A ჯგუფი

შვედეთი

ხორვატია

რუმინეთი

საქართველო

ავსტრია

პოლონეთი

 

B ჯგუფი

შვეიცარია

მოლდოვა

ბელგია

უნგრეთი

ჩეხეთი

დანია

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137606