48 საათზე ნაკლები რჩება რაგბიში თბილისის თასის პირველი გათამაშების დაწყებამდე. მზარდი ირლანდია (23-წლამდელთა ნაკრები), სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV და ურუგვაის ნაკრები უკვე თბილისში არიან, თასიც ადგილზეა და დღეს მომავალი ჯახების არენაზე - “ავჭალაზე” ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა.
გაირკვა, რომ აფრიკელები მთლად იმ დონის გუნდით ვერ ჩამოვიდნენ, როგორსაც ველოდით. იქაური ხუთი მოწინავე გუნდი ზე-15-ში თამაშობს, სადაც აფრიკა, ზელანდია და ავსტრალია 5-5 გუნდითაა წარმოდგენილი. სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან, თბილისში არცერთი მორაგბე არ წამოსულა და საქართველოს ადგილობრივი პირველობის მეორე დონის გუნდების მორაგბეებით დაკომპლექტებული ნაკრები გვეწვია. ამ ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებენ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
ირლანდიელი მორაგბეები რამდენიმე ნაწილად არიან დაყოფილნი: ზოგი ბრიტაბელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში იმყოფება ტურნეზე, ეროვნული ნაკრები ასევე სამხრეთ ნახევარსფეროშია ტურნეზე და თბილისს იმ ახალგაზრდების კრებული გვეწვია, რომლებმაც ქვეყნის ღირსება 2015 წლის თუ არა, 2019 წლის მსოფლიო თასზე მაინც უნდა დაიცვან. ურუგვაის ეროვნული ნაკრები დაახლოებით ჩვენს დღეშია - ტრავმებმა თუ გადატვირთულმა კალენდარმა, მწვრთნელს ყველა უძლიერესი მორაგბის შეკრების საშუალება არ მისცა.
თბილისის თასი ტრადიციული ტურნირი გახდება და ყოველი წლის ივნისში გაიმართება. გაისად ირლანდიელებისა და აფრიკელების ნაცვლად, ჩვენს ქვეყანას არგენტინის და იტალიის “ა” ნაკრებები ეწვევიან, რომელთაც კიდერ ერთი ქვეყნის ეროვნული გუნდი დაემატება. წელს თამაშები 7, 11 და 16 ივნისს გაიმართება. პირველ ორ დღეს თამაშები 5 და 7 საათზე დაიწყება - საქართველოს ნაკრები მოედანზე 7 საათზე გავა, დასკვნით დღეს კი, “ბორჯღალოსნები” 2 საათზე ითამაშებენ, ხოლო მეორე შეხვედრა 4 საათზე დაიწყება. ეს იმიტომ, რომ ნამატჩევს საქართველოს ნაკრებს გრძელი გზა აქვს გასავლელი - ის არგენტინაში მიემგზავრება ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან ტესტ-მატჩის გასამართად.
გია ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “უკვე რამდენიმე წელია, რაც მსგავსი ტურნირის ჩატარებაზე ვმუშაობთ. ლას ვეგასში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მეორე დონის ქვეყნებისთვის ტესტ-მატჩების და ტურნირების რაოდენობა გაიზრდებოდა და წელს პირველად ჩატარდება თბილისის თასი. “ჩერჩილის თასის” გაუქმების შემდეგ, რუმინეთის ტურნირი ორ ნაწილად გაიყო და საქართველოში ოთხთა ტურნირი პირველად ჩატარდება.
ამ ტურნირებში ირლანდიის, იტალიის, სამხრეთ აფრიკის და არგენტინის მეორე ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას და ისინი როტაციის პრინციპით ივლიან საქართველოსა და რუმინეთში. წელს თუ სამხრეთ აფრიკის და ირლანდიის ნაკრებები გვწვივნენ, გაისად არგენტინის და იტალიის გუნდები ჩამოვლენ. მართალია წელს აფრიკა იმ გუნდით არ ჩამოსულა, რასაც ველოდით, მაგრამ მაინც საინტერესო თამაშები გველის. ერთი რამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ტურნირი ტრადიციული გახდება და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაიმართება.
თბილისის თასი რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, ჩვენი ნაკრებისთვის მოსამზადებელი პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. უწინარესი მიზანია, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე პირველი ადგილით გავიდეთ და მერე იქაც ღირსეულად ვითამაშოთ. სწორედ ამ უმთავრესი მიზნის მიღწევაში უნდა დაგვეხმაროს ეს ტურნირი. ამასთან, კონკრეტულად ამ ტურნირზე პირველი ადგილის დაკავებას ვგეგმავთ, თუმცა, ამის მიღწევა იოლი არ იქნება.
ჩვენი გუნდი გამოცდილი მორაგბეების და ახალგაზრდების ნაზავს წარმოადგენს. სქართველოს ნაკრები ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა და მაყურებელიც ლამაზ სანახაობას იხილავს. სამწუხაროდ, წელს ტურნირის ჩატარება “ავჭალაზე” გვიწევს და სტადიონზე ყველა მსურველი ვერ მოხვდება. იმედია, გაისად უფრო დიდ სტადიონზე მოგვეცემა თამაშის საშუალება და ტრიბუნაზეც მეტი გულშემატკივარი გვეყოლება.
რადგან სხვაგვარად ვერ მოხერხდა, დასკვნით დღეს, 16 ივნისს, საქართველოს ნაკრები თავის მატჩს 14 საათზე გამართავს. ამის შემდეგ ბიჭებს დასვენების დროც არ ექნებათ და ეგრევე გაემგზავრებიან აეროპორტში, საიდანაც არგენტინაში გავფრინდებით და არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ტესტ-მატჩს გავმართავთ.
სამწუხაროდ, თბილისის თასისთვის მრავლად დაგვაკლდებიან მორაგბეები და ამის უმთავრესი მიზეზი ტრავმები სიმრავლეა. თბილისში არა, მაგრამ არგენტინასთან ითამაშებენ კაკოვინი და ბრეგვაძე. განსაკუთრებით მინდა შევეხო გორგოძის საკითხს. მაღიზიანებს იმ გულშემატკივართა გამონათქვამები, რომლებიც მის არჩამოსვლაზე საუბრობენ. ამ ბიჭმა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში სტატისტიკურად ყველაზე მეტი წუთი ითამაშა. მას ტრავმები აწუხებს, რესურსი აღარ აქვს, თორემ გორგოძეს არასდროს უღალატია საქართველოსთვის! ის იმსახურებს იმას, რომ მშვიდად დაისვენოს და ტრავმები მოიშუშოს”.
მთავარი მწვრთნელები
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრები): “შემადგენლობაში ისეთი მორაგბეებიც გვყავს, რომლებსაც ნაკრების მაისურით არასდროს უთამაშიათ, მაგრამ ახალგაზრდა მორაგბეების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანია მათ ასეთ მატჩებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცეთ. ყველამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეროვნული ნაკრების მაისურის ტარების ღირსია”.
ალენ ქლარქ (ირლანდიის ნაკრები): “ირლანდიელ მოთამაშეთა ნაწილი “ლომების” შემადგენლობაშია გამოძახებული, ნაწილი კი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად სამხრეთ ნახევარსფეროაშია. აქ ის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეები წამოვიყვანეთ, რომელთა ნაწილიც 2015 წლის მსოფლიო თასზე მოხვდება, უფრო დიდი ნაწილი კი, 2019 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდის ბირთვი იქნება. ტურნირის ფავორიტის დასახელება გამიჭირდება. ამ შემადგენლობით ძალიან ცოტა ხანია რაც შევიკრიბეთ და არც მეტოქეებზე გვაქვს ინფორმაცია. კარგი იქნებოდა, ფავორიტი მცოდნოდა, ამ შემთხვევაში კონცენტრაციას მასზე მოვახდენდით, ახლა კი, ყველა თამაშისთვის თანაბრად ვემზადებით და უახლოს მატჩზე, საქართველოზე ვფიქრობთ”.
ფაბიო მანიო (ურუგვაის ნაკრები): “სამწუხაროდ, საქართველოში უძლიერესი გუნდის ჩამოყვანაში ხელი ტრავმებმა შეგვიშალა, თუმცა, მაინც კარგი გუნდით ვართ ჩამოსულები. ამ ტურნირზე მთავარ აქცენტს მოთამაშეთა განვითარებაზე ვაკეთებთ და შესაძლოა, ეს შედარებით ახალბედებისთვის უკეთესიც იყოს. აქცენტი პერსპექტიულ მოთამაშეებზე გავაკეთებთ და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ”.
ჯიმი სტოუნჰაუსი (სამხრეთ აფრიკა): “სამხრეთ აფრიკაში 40 რაგბის რეგიონალური კავშირია. ჩვენ ვერავის წამოყვანა ვერ შევძელით პირველი დონის ჩემპიონატიდან და ეს გუნდი სამხრეთ აფრიკის “ბ” დივიზიონის ნაკრებს წარმოადგენს. ეს მათ მოტივაციას ზრდის, რადგან უნდა დაამტკიცონ, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშის ღირსნი არიან”.
კაპიტნები
ირაკლი მაჩხანელი (საქართველოს ნაკრები): “წინ უდავოდ უმნიშვნელოვანესი ტურნირი გველის. საქართველო პირველად მასპინძლობს ასეთი დონის შეჯიბრს და ამიტომ, ორმაგად დაძაბულები ვართ. როდესაც მორაგბე თავისი ქვეყნის რომელიმე ნაკრებში ხვდება, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეროვნულ გუნდში დაწინაურდეს. ამიტომ, ყველა ეცდება საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებას. ვფიქრობ, სანახაობრივი თამაშები გველის. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ მეც დასამტკიცებელი მაქვს, რომ ეროვნული ნაკრების მაისურის ტარების ღირსი ვარ და წარმატების მისაღწევად ბოლომდე დავიხარჯებით”.
ბრენდონ სნეიმანი (სამხრეთ აფრიკა): “ცვენთვის დიდი პატივია საქართველოში სტუმრება. ვერ ვიტყვი, რომ აქ ვინმე საქართველოზე ნაკლები წნეხის ქვეშაა. იმედები გვაქვს გასამართლებელი და ამისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ვფიქრობ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდები ერთ სტილში თამაშობენ. მზად ვართ ძალისმიერ ბრძოლებში ჩავერთოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ უფრო დაბალანსირებული გუნდი გვეყოლება და წარმატებას ამის ხარჯზე მივაღწევთ”.
არტურო ავალო (ურუგვაი): “მეტოქეებთან შედარებით, ურუგვაი პატარა გუნდია და მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს და რაგბის საერთაშორისო სანჭოს, ასეთი თამაშების ჩატარების საშუალება რომ მოგვეცა. მეტოქეები ჩვენზე ფიზიკურად ძლიერები არიან. რადგან ტანით პატარები ვართ, შეჯგუფება მოგვიწევს, რათა წინააღმდეგობა გავწიოთ და საკუთარი შანსი დაბალანსირებული თამაშით ვეძიოთ. საფრანგეთის ჩემპიონატს თვალს ვადევნებთ და ვიცით, რომ იქ არაერთი ქართველი ლეგიონერი თამაშობს. ეს იმის დასტურია, რომ ძლიერი გუნდი გეყოლებათ”.
რის რუდოქი (ირლანდია): “ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე ირლანდიას ასეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ. საქართველოს პროგრესზე ბევრი გვსმენია და ეს მონდომებას გვიათმაგებს. ჩვენი, ახალგაზრდული გუნდისთვის, ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. ამ წუთას მხოლოდ პირველ მატჩზე ვფიქრობთ. ვეცდებით, საქართველოს ჯანში არ ჩამოვუვარდეთ, დანარჩენში კი, ვფიქრობ, უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება”.
საქართველოს ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა:
შერკინება: სიმონ მაისურაძე (ბანიერი), რევაზ ბელქანია (ლელო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), გიორგი თეთრაშვილი (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ბექა ბიწაძე (არმია), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), შალვა სუთიაშვილი (მასი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), გიორგი ჩხაიძე (ტარბი);
უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ-დე-მარსანი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ-ჟუნიანი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
თბილისის თასი. 2013 წელი. “ავჭალა”
7 ივნისი. პარასკევი. I რაუნდი
ურუგვაი - სამხ. აფრ. საპრეზიდნეტო XV (17:00 საათი)
საქართველო - მზარდი ირლანდია (19:00)
11 ივნისი. სამშაბათი. II რაუნდი
მზარდი ირლანდია - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (17:00)
საქართველო - ურუგვაი (19:00)
16 ივნისი. კვირა. III რაუნდი
საქართველო - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (14:00)
ურუგვაი - მზარდი ირლანდია (16:00)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია