ამბები

20:00 | 8.06.2013 | ნანახია 4405 - ჯერ

ჰეიგის აზრით, სწორი მიმართულებით მივდივართ

ავჭალაში საქართველოს ეროვნული ნაკრების და მზარდი ირლანდიის მატჩი ავღანეთში დაღუპული 7 ქართველის გამო წუთიერი დუმილით დაიწყო. ამის გამო სტადიონზე დროშა დაუშვეს და რიგი საზეიმო ღონისძიებებისა გადაიდო.

თავად მატჩი მეტწილად თანაბრად წარიმართა, ირლანდიელთა გამარჯვება კი თამაშის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრების უდისციპლინო თამაშმა განაპირობა. მხოლოდ მე-2 ტაიმში ჯარიმების შეფარდება 9:3 იყო სტუმართა სასარგებლოდ.

აქედან ორი ირლანდიელთა ათმა ნომერმა იენ ქითლიმ 78-ე და 79-ე წუთებზე შეაგდო, არადა მაშინ მასპინძლები 15:14-ს იგებდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ქითლიმ სულ 5 ჯარიმა გაიტანა, სტუმართა ერთადერთი ლელო კი 15-მა ნომერმა დევიდ ქარნიმ დადო და ალენ კლარკის შეგირდთა გამარჯვებაც დააფიქსირა – 15:20.

არადა, რიგ მომენტებში საქართველოს ნაკრები საკმაოდ ორგანიზებულ თამაშს აჩვენებდა და ლელოებიც კარგი გამოვიდა. პირველი ტაიმის მიწურულს ბურთი გიორგი ჩხაიძემ დაამიწა და შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლებმა 10:6 მოიგეს, მეორეში კი თავი თამაზ მჭედლიძემ გამოიჩინა და ქართველთა მრავალფაზიანი შეტევა ლოგიკურად დაასრულა.

თითო გარდასახვა და ჯარიმა ბექა წიკლაურმა გაიტანა, თუმცა, მანვე რამდენჯერმე ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, თორემ იქნებ შედეგი სხვაგვარიც ყოფილიყო.

როგორც თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, ის ბიჭების გარჯით მაინც კმაყოფილი დარჩა და გუნდის შედგომი განვითარების იმედიც აქვს.

თუ რა შეუძლია “ბორჯღალოსანთა” ამ ფორმაციის ნაკრებს, მომდევნო მატჩებში გამოჩნდება, რომელთაგან უახლოესი 11 ივნისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის შედეგი უკვე რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგზეც აისახება, ამდენად, ქართველ მორაგბეებს მაქსიმალური კონცენტრაცია მართებთ.

მატჩის შემდეგ:

ალენ კლარკი (მზარდი ირლანდიის მთავარი მწვრთნელი): “დღევანდელმა მატჩმა დაგვანახვა, რომ თბილისის ტურნირისთვის კარგად ვართ მომზადებულნი. ქართველებმა ძალიან თავდადებულად და ფიზიკურად მძლავრად ითამაშეს და გვაჩვენეს, რომ გაცილებით გაშლილი რაგბის თამაში შეუძლიათ და არა მოედნის ერთ კონკრეტულ ადგილას კონცენტრირება. ეს ჩვენი ბიჭებისთვის დიდი გამოცდა იყო და მათ აღნიშნულს თავი ჩინებულად გაართვეს. გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და გამარჯვება დაიმსახურეს”.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. უკეთეს რაგბს ვთამაშობთ და ამგვარი მატჩები განვითარებისთვის ძალიან კარგია. დღეს საღამოს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმ თამაშისკენ, რომლისკენაც ჩვენ ვისწრავფით”.

 

თბილისის თასი. 2013 წელი. “ავჭალა”. 2000 მაყურებელი

7 ივნისი. პარასკევი. I რაუნდი

საქართველო - მზარდი ირლანდია 15:20 (10:6)

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე (22. თედო ზიბზიბაძე 74), 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ირაკლი მირცხულავა (ჩილაჩავა 79), 2. რევაზ ბელქანია (17. სიმონ მაისურაძე 68), 3. ლევან ჩილაჩავა (16. გიორგი თეთრაშვილი 60), 4. ვახტანგ მაისურაძე (18. გიორგი ნემსაძე 68), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. გივი ბერიშვილი 75), 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.

არ შესულან: 20. ვაჟა ხუციშვილი, 21. სანდრო თოდუა.

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

2 ლელო: ჩხაიძე, მჭედლიძე

1 გარდასახვა: წიკლაური

1 ჯარიმა: წიკლაური

1 სინბინი: ნემსაძე

მზარდი ირლანდია: 15. დევიდ ქარნი, 14. ნაიალ მორისი, 13. ეოინ გრიფინი (22. ბრენდან მექინი 67), 12. მაიქლ ალენი (21. ნოელ რიდი 49), 11. თირნან ო’ჰალორანი, 10. იენ ქითლი, 9. მაიქლ ჰინი (20. ჯონ ლუნი 53); 1. ჯეკ მაკ’გრასი, 2. რობ ჰერინგი (16. ნაიალ ენეთი 72), 3. მაიქლ ბენტი (17. რიჩარდ ლუთონი 80), 4. ლუის სტივენსონი (18. იენ ნეგლი 41), 5. დევიდ ფოლი, 6. რის რადოკი (კაპ.), 7. დომინიკ რაიანი (19. ჯორდი მერფი 67), 8. რობი დიაქი.

1 ლელო: ქარნი

5 ჯარიმა: ქითლი

მწვრთნელი: ალენ ქლარქი

რეფერი: ნიკ ბრაიანტი (ახალი ზელანდია)

კიდეებზე: უჩა ნარიმანიძე, გია ამირხანაშვილი

 

ურუგვაი - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV 9:37


1 აფრიკა 1 1 0 0 37-9
5
2 ირლანდია 1 1 0 0 20-15 4
3 საქართველო
1 0 0 1 15-20 1
4 ურუგვაი 1 0 0 1 9-37 0

 

11 ივნისი. სამშაბათი. II რაუნდი

მზარდი ირლანდია - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (17:00)

საქართველო - ურუგვაი (19:00)

16 ივნისი. კვირა. III რაუნდი

საქართველო - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (14:00)

ურუგვაი - მზარდი ირლანდია (16:00)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09016