ამბები

13:26 | 10.06.2013 | ნანახია 2132 - ჯერ

იტალია ელიტაში დაბრუნდა

 

იტალიის 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩილეში გამართული მსოფლიო თასის “ალაფა” მოიგო და გაისად კვლავ უძლიერესთა შორის ითამაშებს.

ახალგაზრდა იტალიელების წარმატება კარგია ქართველი გულშემატკივრებისთვის, რადგან შემოდგომაზე გასამართ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, 2014 წლის “ალაფის” საგზურს არა მხოლოდ გამარჯვებული, არამედ ფინალისტი გუნდიც მიიღებს, რადგან იტალიელთა 12 საუკეთესოში აღზევებით ევროპისთვის მომდევნო რვა გუნდს შორის მეორე ადგილი გამოთავისუფლდა.

შეგახსენებთ, იტალიელები უძლიერესთა რიგებიდან შარშან დაქვეითდნენ და მათი ადგილი აშშ-მ დაიკავა, რომელმაც სოლტ ლეიკ სიტიში 2012 წლის “ალაფა” მოიგო. შედეგად, ევროპის კუთვნილი ორი ადგილიდან ერთი სწორედ იტალიელებმა დაიკავეს, პორტუგალიაში შარშან გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე “ბორჯღალოსნები” ფინალში მასპინძლებთან დამარცხდნენ და ჩილეს საგზურიც მათ დაუტოვეს. ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე “ალაფაზე” მოსახვედრად უკვე ფინალში გასვლაც საკმარისი იქნება.

იტალიამ ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგო. ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში შეძლო 4 და მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულის აღება. მეორე ჯგუფში უფრო დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ კანადელებმა ტონგას, იაპონიის და ურუგვაის წინააღმდეგობის დაძლევა მოახერხეს. მაგრამ ფინალში ევროპელებმა ჩრდილოამერიკელებს უპირობოდ აჯობეს - 45:23 იმარჯვეს. მესამე ადგილი მასპინძლებს ერგოთ, რომელთაც იაპონია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. პორტუგალია VI ადგილს დასჯერდა, დასკვნით შეხვედრაში მას ტონგამ აჯობა, ხოლო ბოლოსწინა ადგილისთვის ურუგვაიმ ნამიბიას სძლია.

20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასი 12 საუკეთესო გუნდის მონაწილეობით, რომელიც საფრანგეთში მიმდინარეობს, 23 ივნისს დასრულდება და სწორედ მაშინ გაირკვევა იმ ერთი გუნდის ვინაობა, რომელიც გაისად “ალაფაზე” ქართველთა ერთ-ერთი შესაძლო მეტოქე იქნება.

 

2013 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20 წლამდე მორაგბეებს შორის

ტემუკო (ჩილე). 28 მაისი-9 ივნისი

A ჯგუფი

იტალია - ნამიბია 33:7

ჩილე - პორტუგალია 18:6

პორტუგალია - ნამიბია 26:17

ჩილე - იტალია 6:50

იტალია - პორტუგალია 59:13

ჩილე - ნამიბია 23:21

 

  1. იტალია                  3       3       0       0       142-26 15
  2. ჩილე                       3       2       0       1       47-77  8
  3. პორტუგალია        3       1       0       2       45-94  4
  4. ნამიბია                   3       0       0       3       45-82  1

 

B ჯგუფი

იაპონია - ურუგვაი 40:20

ტონგა - კანადა 6:24

იაპონია - კანადა 15:39

ტონგა - ურუგვაი 35:20

იაპონია - ტონგა 43:22

კანადა - ურუგვაი 36:15

 

  1. კანადა         3       3       0       0       99:36  14
  2. იაპონია       3       2       0       1       98-81  10
  3. ტონგა          3       1       0       2       63-87   6
  4. ურუგვაი     3       0       0       3       55-111  0

 

VII ადგილისთვის

ნამიბია - ურუგვაი 29:40

V ადგილისთვის

პორტუგალია - ტონგა 7:27

III ადგილისთვის

ჩილე - იაპონია 38:35

ფინალი

იტალია - კანადა 45:23


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102014