ამბები

16:31 | 10.06.2013 | ნანახია 5095 - ჯერ

საქართველომ ამერიკა უკან მოიტოვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში აშშ უკან მოიტოვა და მე-16 ადგილზე აღზევდა.

დაწინაურების მიზეზი “ბორჯღალოსანთა” წარმატება არ ყოფილა. თბილისის თასის ახალდაარსებული ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები მზარდ ირლანდიასთან 15:20 დამარცხდა, მაგრამ ამას რეიტინგზე არ უმოქმედია და ჩვენს გუნდს კვლავ 67,66 ქულა დარჩა. სამაგიეროდ, აშშ-ს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან გამართული მატჩი 12:15 რომ დათმო, “არწივებმა” 0,29 სარეიტინგო ქულა დაკარგეს და 0,02 ქულით ჩამოგვრჩნენ.

ირლანდიელები ჰიუსტონში დროებითი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ და ის მორაგბეებიც მოისაკლისეს, რომლებიც ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში ავსტრალიურ ტურნეზე იმყოფებიან. საწყის 20 წუთში იან მადიგანმა სტუმრები 6:0 დააწინაურა, მერე მასპინძლები მეტოქის ჩათვლის მოედანს მიეძალნენ, მაგრამ ხაზის გადაკვეთა ვერ შეძლეს და საბოლოოდ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს. ამერიკელები ამის შემდეგაც ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ამით სათანადოდ ვერ ისარგებლეს და მხოლოდ 3 ქულას დასჯერდნენ, ირლანდიელებმა კი, პრაქტიკულად არაფრისგან კიდევ 6 ქულა აიღეს და ტაიმი 12:6 მოიგეს.

მეორე ტაიმში მადიგანმა თავისი მეხუთე ჯარიმა გაიტანა, რაზეც კრის უოლისმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში აღარაფერი შეიცვალა და ირლანდიამ 15:12 იმარჯვა. მიუხედავად მარცხისა, ამერიკელები შედეგით მაინც კმაყოფილნი უნდა იყვნენ. მომავალ შაბათს “არწივები” წყნარი ოკეანის თასის მორიგ მატჩში ლოს ანჯელესში ტონგას უმასპინძლებენ, ხოლო ირლანდია იმავე დღეს ტორონტოს ეწვევა და მასპინძელ კანადას ეთამაშება.

ირლანდია რეიტინგშიც დაწინაურდა და ახლა მე-8 ადგილზეა, მაგრამ ეს არა მათმა გამარჯვებამ, არამედ არგენტინელთა მარცხმა განაპირობა. ინგლისმა მასპინძლებს, რომელთაც ძირითადი შემადგენლობის 21 მორაგბე აკლდათ, საქმე საწყის ნახევარ საათში მოუმთავრეს - 3 ლელო, ორ-ორი ჯარიმა და გარდასახვა და 25:0. მასპინძლებმა ჯარიმით შესვენების წინ შეამცირეს ჩამორჩენა და მეორე ნახევარშიც მაგრად უტიეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, მატჩის ბოლოს ერთი ლელოც გაუშვეს და 3:32 დამარცხდნენ. ამან პუმებს 1,2 სარეიტინგო ქულა დააკარგვინა და ირლანდიასაც ამის გამო ჩამორჩნენ. ამდენივე ქულა მიიღო ინგლისმა, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდებში რეიტინგლიდერად რჩება, მაგრამ საერთო ჯამში მე-4 ადგილი უკავია. არგენტინა და ინგლისი მომდევნო მატჩს კვლავ ერთმანეთში, 15 ივნისს გამართავენ. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს არგენტინის ნაკრებს საქართველო ეთამაშება.

რეიტინგლიდერმა ახალმა ზელანდიამ საფრანგეთი 23:13 დაამარცხა და პირველ ადგილზე რჩება, მაგრამ სარეიტინგო ქულები ვერ მიიღო. ეს იმიტომ, რომ საფრანგეთი მას ქულებით ბევრად ჩამორჩება. მაგრამ ეს არ ითქმის თამაშზე. როგორც წესი, ფრანგები “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ განსაკუთრებით კარგად თამაშობენ და ასე იყო ახლაც, არადა, ექვსი ერის ჩაგდების შემდეგ, ბევრი მათ განადგურებას ელოდა. 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ, ეს გუნდები პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს და თამაში ახლაც იმ სტადიონზე გაიმართა, სადაც ორი წლის წინ გადამწყვეტი შეხვედრა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ მაყურებელმა უფრო სანახაობრივი თამაში იხილა, ვიდრე ორი წლის წინ. ფრანგები ლელოთი მე-10 წუთზე დაწინაურდნენ და გარდასახვაც გამოიყენეს. მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, მერე ლელო გარდასახვით წინ გავიდნენ, მაგრამ სტუმრებმა 36-ე წუთზე ჯარიმით აღადგინეს წონასწორობა. ზელანდიამ ორიოდე წუთში შეძლო მეორე ლელოს გატანა და ტაიმი 17:10 მოიგო. მეორე ტაიმში ფრანგებმა ჯარიმით შეძლეს ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ მერე ორი თავად გაუშვეს და 13:23 დამარცხდნენ. ასეთ შედეგს არცერთი გუნდის რეიტინგზე არ უმოქმედია და ორივე მათგანმა შეინარჩუნა ადგილი და სარეიტინგო ქულები. ისინი ერთმანეთს 15 ივნისს კიდევ ეთამაშებიან.

სამხრეთ აფრიკამ იტალიას ერთის საპასუხოდ 5 ლელო გაუტანა და 44:10 დაამარცხა, მაგრამ ეს შედეგი გუნდების სარეიტინგო ქულებზე არ ასახულა. აფრიკელები კვლავაც მეორე ადგილზე რჩებიან, იტალიამ კი, მარცხის მიუხედავად ორი საფეხურით წინ წაიწია. ეს იმიტომ, რომ შოტლანდიამ და ტონგამ მარცხები განიცადეს.

შოტლანდიელები სამოას ეთამაშნენ და ერთის წილ 3 ლელო მიიღეს. კუნძულელებმა ორი ლელო საწყის 11 წუთში მიითვალეს. შოტლანდიამ ჯარიმებით ამცირა ჩამორჩენა და 49-ე წუთზე გატანილი ლელოთი 17:14 დაწინაურდა, მაგრამ სამოამ მალევე უპასუხა ჯარიმით, მერე ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა და 27:17 იმარჯვა. სამოა მე-7 ადგილს ინარჩუნებს და მდევრებს დაშორდა, შოტლანდია კი, მე-11 ადგილამდე დაქვეითდა.

ტონგა წყნარი ოკეანის თასზე კანადამ 36:27 დაამარცხა. მანამდე კანადელებმა ფიჯის 20:18 ძლიეს და მე-13 ადგილამდე დაწინაურდნენ. გასულ კვირაში იაპონიამ უელსს უმასპინძლა და ტაიმი 11:6 მოიგო. მერე ევროპელები დაწინაურდნენ, აზიელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს და მატჩის გადარჩენის იმედიც გაუჩნდათ, მაგრამ ბოლოს ჯარიმა ისევ თავად გაუშვეს და 18:22 დამარცხდნენ. ბუქარესტის ერთა თასზე რუმინეთმა რუსეთი 30:20 დაამარცხა და სარეიტინგო ქულებიც მიიღო, მაგრამ გუნდები ძველ პოზიციაზე რჩებიან.

ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისის თასის მეორე ტურში ურუგვაის ეთამაშება და რაც არ უნდა დიდი სხვაობით მოიგოს, სარეიტინგო ქულებს ვერ აიღებს. სამაგიეროდ, ფრის, ან მარცხის შემთხვევაში 1, 2, ან 3 ქულას დაკარგავს და იმედია ასე არ მოხდება.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 10 ივნისისთვის

1      (1). ახალი ზელანდია       90,08

2      (2). სამხრეთ აფრიკა       86,94

3      (3). ავსტრალია      86,87

4      (4). ინგლისი 84,92

5      (5). უელსი    83,36

6      (6). საფრანგეთი     81,59

7      (7). სამოა    79,52

8      (9). ირლანდია       78,33

9      (8). არგენტინა       77,51

10    (12). იტალია 76,06

11    (10). შოტლანდია    76,05

12    (11). ტონგა   75,67

13    (14). კანადა  73,65

14    (13). ფიჯი     71,29

15    (15). იაპონია 68,91

16  (17). საქართველო      67,66

17    (16). აშშ      67,64

18    (18). რუმინეთი       66,18

19    (19). რუსეთი 61,99

20   (20). ესპანეთი       60,44

21    (21). ურუგვაი        59,87

22   (22). პორტუგალია  58,82

23   (23). ნამიბია 58,45

24   (24). კორეა  58,10

25   (25). ბელგია 57,52

26   (26). ჩილე    56,85

27   (27). გერმანია       55,96

28   (28). პოლონეთი     54,95

29   (29). ჰონკონგი      54,56

30   (30). მოლდოვა      53,77

31    (31). ზიმბაბვე                52,57

32   ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08078