თბილისის თასის მეორე რაუნდის პირველ მატჩში, სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV-მა მზარდი ირლანდია 19:8 დაამარცხა და თასისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ეს სწორედ ის შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებს აწყობდა, მაგრამ ორი საათის შემდეგ ქართველებმა ურუგვაელებთან პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხეს და თასის მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტებად აფრიკელები რჩებიან.
თამაშის დაწყებამდე მოსულმა წვიმამ მაყურებელთა ნაწილი დააფრთხო და ტრიბუნები მხოლოდ მეორე ტაიმის მსვლელობისას შეივსო, მაგრამ ვინც პირველივე წუთებიდან მივიდა სტადიონზე, მან სასიამოვნოდ საყურებელი ტაიმი იხილა. ორივე გუნდის უკანახაზელებმა რამდენჯერმე ლამაზად გაკვეთეს ხაზი და გულშემატკივრებს ოვაციები მოსწყვიტეს. ირლანდიელთა შორის შუამარბი ნოელ რიდი გამოირჩეოდა, აფრიკელთა შორის კი, შეუდარებელი იყო გარემარბი როსკო სპეკმანი, რომელიც დაცვაშიც თავდაუზოგავად ირჯებოდა და შეტევებშიც საოცრებებს სჩადიოდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, სპეციალურმა ჟიურიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აფრიკელთა 9 ნომერი კებე ლაქი ნტანდა დაასახელა, მაგრამ პრიზის მიღების შემდეგ, ის და მთელი აფრიკელთა შემადგენლობა სწორედ სპეკმანთან მივიდა და ისე ჩანდა, გუნდმა საუკეთესოდ სწორედ ის აღიარა.
პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ აფრიკელები ამ თამაშზე უფრო მოტივირებული და ორგანიზებული გამოვიდნენ. სწორედ მათი დაცვაში თავდადებული თამაში გახდა იმის წინაპირობა, რომ გამარჯვება აფრიკელებს დარჩათ, თორემ მზარდი ირლანდია გუნდური თამაშით მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდა და სალელოვე შანსებიც ჰქონდა, მაგრამ დაცვის ზღუდის ერთჯერ მეტად გადალახვა ვერ მოახერხა.
აფრიკელები წინა მატჩისგან განსხვავებით შერკინებაში მაგრად დადგნენ, მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს და ამით ისე აღფრთოვანდნენ, რომ ემოციები ვერ დამალეს და კარლ ბეზეიდენჰაუტმა ანგარიში გახსნა. მალე სპეკმანმა პირველად გაიბრწყინა, მისი იერიში კუნრად ფან ვეიკმა გააგრძელა, რომელმაც მცველი გაიყოლა და ბურთის ირლანდიელთა ჩათვლის მოედანში ელშონ ბოკს შეაყოლა. აფრიკელებს შესვენებამდე კიდევ ერთხელ შეეძლოთ ლელოს გატანა, მაგრამ კარგი იერიში ვერ გამოიყენეს. თავის მხრივ, ირლანდიამაც ორჯერ შეძლო მეტოქის დაცვის ხაზის სუფთად გაჭრა და შეტევისთვის კარგი პლაცდარმი შეიქმნა, მაგრამ ამას ლოგიკური გაგრძელება არ მოყვა. მეტოქის 10 ქულას ირლანდიამ შესვენებამდე მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხა, მეორე დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და ტაიმი 10:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთი კვლავ აფრიკელების იყო, რომლებმაც ორჯერ მიიღეს ჯარიმის შესრულების შანსი, ბესუიდენჰუტმა ორივეჯერ ზუსტად დაჰკრა და ანგარიში 16:3 გახადა. ამის შემდეგ ირლანდიელებმა ძალიან მოინდომეს და უდიდეს სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ. ისინი მეტოქეს შერკინებაში ძლიერ ჯაბნიდნენ, თითქოს სწორადაც უტევდნენ, მაგრამ სპეკმანისა და სხვათა თავდადებას ვერაფერი დაუპირისპირეს. ამას ხელი წვიმამაც შეუწყო, რომელმაც მორაგბეებს გაშლილი თამაშის საშუალება არ მისცა და მოედანზე დასკვნით 30 წუთში ძალისმიერი ბრძოლა გაიმართა.
ირლანდიამ ერთი ლელო 58-ე წუთზე გაიტანა. კუნძულელებმა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში მეტოქის შერკინება ზედიზედ ოთხჯერ დაჯაბნეს, მეორე ჯერზე რეფერიმ ივან ესპახი გაასინბინა, ბოლოს კი, რობი დაიაქიმ მაიქლ ჰინს უპასა, მან უფრო ლამაზად - სიჩქარეაკრეფილ მაიქლ ალენს და ლელოც გავიდა. ევროპელთა სამწუხაროდ, გარდასახვა არაზუსტი იყო და ჩამორჩენა მხოლოდ 8 ქულამდე შემცირდა. ირლანდიელებმა მეტობის გამოყენება სცადეს და კიდევ ერთხელ იყვნენ ახლოს ლელოს გატანასთან, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილების გამო ეს შანსი გაანიავეს.
აფრიკელებს კონტრშეტევებზე მიეცათ ლელოს გატანის შესაძლებლობა, ეს ვერ შეძლეს, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორი-სამი წუთით ადრე ბესუიდენჰუტმა დაახლოებით 48 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
პრესკონფერენცია
ჯიმი სთოუნჰაუსი (სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV-ის მთავარი მწვრთნელი): “პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და სამი-ოთხი სალელოვე შესაძლებლობა გვქონდა. სამწუხაროდ, მათი გამოყენებება ვერ შევძელით და მეორე ტაიმი მძიმე გამოდგა. ირლანდიელები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ ჩემი ბიჭების დაცვაში გარჯით კმაყოფილი დავრჩი”.
ალენ ქლარქი (მზარდი ირლანდიის მთავარი მწვრთნელი): “კმაყოფილი ვარ ჩემი შეგირდების მიერ გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ეს დასაფასებელია. სამწუხაროდ, სიზუსტემ დაგვაღალატა. ახლა სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ბოლო თამაშში მხოლოდ წარმატებისთვის ვიბრძოლოთ”.
თბილისის თასი. 2013 წელი. “ავჭალა”
11 ივნისი. სამშაბათი. II რაუნდი
მზარდი ირლანდია - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV 8:19 (3:10)
მზარდი ირლანდია: 15. დევიდ ქერნი, 14. ნაიალ მორისი, 13. ბრენდან მაქენი (21. ეოინ გრიფინი 76), 12. ნოელ რიდი, 11. თირნან ო’ჰალორანი (22. მაიქლ ალენი 48), 10. იენ ქითლი, 9. ჯონ ლუნი (20. მაიქლ ჰინი 55); 1. ჯეკ მაკ’გრასი (17. რიჩარდ ლუთონი 48), 2. ნაიალ ენეთი (16. რობ ჰერინგი 48), 3. მაიქლ ბენტი (მაკგრასი 71), 4. იენ ნეგლე (19. ეიონ მაკქიონი 79), 5. დევიდ ფოლი (18. დევიდ ოკალაჰენი 55), 6. რის რადოკი (კაპ.), 7. ჯორდი მერფი, 8. რობი დაიაქი.
1 ლელო: ალენი
1 ჯარიმა: ქითლი
მწვრთნელი: ალენ ქლარქი
სამხ. აფრ. საპრეზიდნეტო XV: 15. კუნრად ფან ვეიკი, 14. ელშონ ბოკი (22. იერომ პრეტორიუსი 55), 13. ვილმორე ლოუ, 12. ადრიან ენგელბრეხტი (21. სტეფან ვატერმეიერი 75), 11. როსკო სპეკმანი, 10. კარლ ბესუიდენჰუტი, 9. კებე ლაქი ნტანდა (20. სინოვუიო ნიოკა 66); 1. ვინსენტ კოხი, 2. ფრანკ ჰერნი, 3. ივან ესპახი (17. მარტინ დრეიერი 65), 4. ედუან ფან დერ ვალტი, 5. ბრენდან სნეიმანი (კაპ.) (18. ლუბაბალო მიტანდა 76), 6. ბრაიან შაბანგუ, 7. უზეირ კასიმი, 8. სანდრე იორდანი (19. იაკო ბოუველი 56).
1 ლელო: ბოკი
1 გარდასახვა: ბესუიდენჰუტი
4 ჯარიმა: ბესუიდენჰუტი
1 სინბინი: ესპახი
მწვრთნელი: ჯიმი სთოუნჰაუსი
რეფერი: ნიკ ბრაიანტი (ახალი ზელანდია)
კიდეებზე: ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია