თბილისის თასის მეორე სათამაშო დღის მეორე მატჩში, “ბორჯღალოსნებმა” ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს და დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეს (27:3), მაგრამ მთავარი მიზანი - პრემიალური ქულის აღება - მიუღწეველი დარჩა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის რიგი ეპიზოდები კარგად ჩაატარა და ერთგულ მაყურებელს ლამაზი, გაშლილი რაგბი აჩვენა. რამდენიმე შეტევაში გამოჩნდა ის, თუ რა თამაშის ათვისებაზე მუშაობს საქართველოს ნაკრები. კარგი იყო მეორე ტაიმის დასაწყისიც, მაგრამ დასკვნითმა ნახევარმა საათმა ძალიან ცუდად ჩაიარა და მეოთხე, პრემიის მომტანი ლელოს გატანაც ამის გამო ვერ მოხერხდა.
ამგარიში მატჩის დასაწყისშივე გაიხსნა, როდესაც ურუგვაი რაქში ჩავარდნისთვის დაჯარიმდა და ბექა წიკლაურმა დაახლოებით 42 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა. მალე ჩვენ დავჯარიმდით რაქში და ხერონიმო ეჩევერის 48 მეტრიდან წონასწორობის აღდგენის შანსი მიეცა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. აქვე ვთქვათ, რომ პირველი მატჩისა არ იყოს, ქართველები ურუგვაისთანაც ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ - 15 ჯარიმა 6-ის წინააღმდეგ და თუკი ურუგვაიმ ამისთვის ვერ დაგვსაჯა, უფრო მაღალი დონის გუნდი, თუნდაც იმავე “მზარდი ირლანდიის” მსგავსად, კარგად ჩატარებულ თამაშს აუცილებლად ჩაგვამწარებს.
ნელ-ნელა თამაში გახურდა და საქართველოს ნაკრებმა ორჯერ სცადა ხელდახელ შეტევით უპირატესობის მოპოვება. პირველ ჯერზე მარცხნიდან-მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშებული ბურთი, ალექსანდრე თოდუამ ვერ დაიჭირა, მეორე შემთხვევაში მარცხენა ფლანგზე ბურთს თედო ზიბზიბაძე ვერ მიწვდა. სამაგიეროდ, მე-10 წუთზე ყველაფერი კარგად გამოვიდა. ვახტანგ მაისურაძის დარტყმის შემდეგ, გიორგი ბეგაძემ რაქიდან სწრაფად გაიტანა ბურთი, ლაშა ხმალაძემ მერაბ შარიქაძეს უპასა, მან წამის მეასედებში ბურთი ტრიალში ზიბზიბაძეს გააყოლა და მარჯვენა ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობა შეგვექმნა. თედომ უფრო მარჯვნივ თოდუა მოძებნა, რომელმაც ბოლო მცველი სისწრაფეში ჩვეულ სტილში ჩამოიცილა და ურუგვაელთა ჩათვლის მოედანში შეფრინდა. წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 10:0.
ამასობაში წვიმაც წამოვიდა და ურუგვაელებმა ქართველთა შეცდომის იმედად ჩვენი 22-ის ფეხით დამობვა დაიწყეს, მაგრამ ხმალაძე და წიკლაური ფეხითვე უბრუნებდნენ ბურთს და მეტოქეს არაფერი გამოუვიდა. სამაგიეროდ, ჩვენდა გასაოცრად, ურუგვაიმ შერკინებაში გვჯობდა, ჯარიმებიც მოიპოვა, მაგრამ მე-20 წუთამდე ხერმან ალბანელის და ეჩევერის კიდევ თითო დარტყმა გაუცუდდათ. ურუგვაელებს არ უვარგოდათ დერეფანიც, რის გამოც მათ რამდენჯერმე საკუთარ მოწოდებაში დაკარგეს ბურთი და მეტი ყურადღებით რომ გვეთამაშა, მათი გამოყენებაც შეიძლებოდა.
გარკვეული პერიოდით ქაოტური თამაში გაჩაღდა. “ბორჯღალოსნებს” მარტივ სიტუაციაში ხშირად უვარდებოდათ ბურთი წინ, ეს გაუთავებელი ფეხით თამაშიც მოსაწყენი გახდა და მაყურებელი 30-ე წუთსეღა გამოცოცხლდა. ხელით მორიგ გათამაშებას მარჯვენა ფლანგზე კვლავ უპირატესობის მოპოვება მოყვა, შალვა სუთიაშვილმა ერთი მეტოქე ჩამოიშორა, მაგრამ სისწრაფე ვერ აკრიფა და მეორემ ჩათვლის მოედნიდან 7-8 მეტრში შეაჩერა. ამას შეცვლაზე შესული გიორგი ნემსაძის კარგი გარღვევა მოყვა, მაგრამ ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში ის ერთდროულად ორმა მცველმა შეაჩერა.
34-ე წუთზე შარიქაძემ გაიბრწყინა. მან ბრწყინვალე რეიდი განახორციელა, გზად ექვსი ურუგვაელი ჩამოიცილა, ერთბაშად სამ-სამ მეტოქესთან ჭიდილში ფეხზე დარჩა და ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში ზიბზიბაძეს “ბრილიანტის” პასი გაუკეთა, რომელმაც ლელო გაიტანა და წიკლაურსაც გარდასახვა აღარ გაჭირვებია. უნდა ითქვას, რომ მერაბს თოდუაც კარგად დაეხმარა, რომელიც მას საჭირო მომენტებში ფეხზე წამოდგომებში და წინსვლის გაგრძელებებში დაეხმარა, მაგრამ ეს ლელო მაინც შარიქაძესი იყო!
ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი ლელო უნდა გასულიყო. დასარტყმელი ჯარიმის აუტში გატანის შემდეგ კარგი მოლი დადგა, მერე იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა და ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ზიბზიბაძემ ბურთის შემაგრება ვერ მოახერხა და ტაიმი 17:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოედანზე ვაჟა ხუციშვილი გავიდა და ქართველთა თამაშს მეტი სიხალისე შემატა. ის სწრაფად და უშიშრად მიდიოდა რაქებში და თავისზე ფიზიკურად გაცილებით გაბარიტიან მოწინააღმდეგეებთან ორთაბრძოლებში შესვლას არ ერიდებოდა. ფაქტია, რომ ბოლო დროს ეს ბიჭი აშკარად გაიზარდა და თუ ასეთი ტემპებით გააგრძელა, ეგებ ცოტა ხანში 9 ნომრის პოზიციაზე არსებული პრობლემა მნიშვნელოვნად გამოსწორდეს.
თამაშის განახლებიდან ორიოდე წუთში ურუგვაი დაჯარიმდა და წიკლაურმა ხელსაყრელი პოზიციიდან ქულათა მარაგი 20-მდე დაამრგვალა. ურუგვაიმ არეკნით სცადა პასუხი გაცემა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, 48-ე წუთზე კი, საქართველოს ნაკრებს ოთხი ლელოს გატანა და პრემიალური ქულით მოგება რომ ჭირდებოდა, დასარტყმელი ჯარიმიდან ბურთი უკვე აუტში გადავიტანეთ. იქიდან “ბორჯღალოსნებმა” ნაცადი მოლით შეუტიეს, მეტოქეს უკან დაახევინეს და ნემსაძემ ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვა გამოიყენა - 27:0.
თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათი რჩებოდა და პრემიალური ქულის ასაღებად ერთი ლელოს გატანაღა გვჭირდებოდა, მაგრამ აქ ქართველთა თამაში მოიშალა. ურუგვაიმ 55-ე წუთზე ჯარიმით “დაასველა” ანგარიში და მერე ლელოზე ითამაშა. დაახლოებით 10 წუთი მოედანზე ერთიდაიგივე ხდებოდა. ურუგვაი 5-მეტრა დერეფნიდან მოლით და მოკლე დარტყმებით ცდილობდა ჩათვლის მოედანში შეღწევას, ქართველები თავგანწირვით იცავდნენ თავს, მსაჯი კი, როგორც კი ბურთს მოვიგდებდით, მყისვე გვაჯარიმებდა. ამასობაშო დრო გადიოდა და მხოლოდ დასკვნით 10 წუთში მოახერხეს ქართველებმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა, მაგრამ შეცდომებმა მეოთხე ლელოს გატანის საშუალება არ მოგვცა და მატჩიც 27:3 დასრულდა.
ახლა დასკვნით ტურში ქართველ მორაგბეებს სამხრეთ აფრიკელების დიდი სხვაობით დამარცხება მართებთ. თუ “ბორჯღალოსნებმა” გამარჯვებასთან ერთად პრემიალური ქულაც აიღეს, მაშინ თბილისის თასი აქვე დარჩება, მაგრამ ამ მეტოქისთვის ოთხი ლელოს გატანა ურთულესი ამოცანა იქნება.
საქართველოსა და ურუგვაის მატჩის საუკეთესო მორაგბედ სპეციალურმა კომისიამ ვიტო კოლელიშვილი დაასახელა. ის მართლაც გამორჩეული იყო მოედანზე, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, მაგრამ მერაბ შარიქაძე მაინც განსაკუთრებით გამოირჩეოდა და ვფიქრობ, საუკეთესოდ აღიარებას სწორედ ის იმსახურებდა.
პრესკონფერენცია
პაბლო ლემოინე (ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვფიქრობ, წინა მატჩზე უარესად არ გვითამაშია, უბრალოდ, დღეს რამდენიმე მორაგბემ კონცენტრაცია ვერ მოახერხა და ეს სხვებსაც გადაედოთ. საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელმაც განსაკუთრებით ძლიერად პირველი ტაიმი ჩაატარა. მომეწონა თქვენი 10 ნომერი (ხმალაძე) - მოედანზე ფეხით საუცხოოდ მუშაობდა”.
ნიკოლას კლაპენხავი (ურუგვაის ეროვნული ნაკრების კაპიტანი): “შერკინებაში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ დერეფანში თამაში არ წაგვივიდა. არადა, ამ კომპონენტზე ბევრი ვივარჯიშეთ და თითქოს ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა. როდესაც ამდენ შეცდომას დაუშვებ, ძლიერი მეტოქისგან აუცილებლად დაისჯება და სწორედ ასე მოხდა. დღეს ჩვენ შეტევაში არაფერი გამოგვდიოდა”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ ტაიმში ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. კარგ მომენტებს ვქმნიდით და მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო 20 წუთი საშინლად ჩავატარეთ. ჩვენი მიზანი ბონუს-ქულის აღება იყო, რადგან თავდაპირველი მიზნის მისაღწევად კარგ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავით. ვფიქრობ, რიგი მორაგბეებისა ფიზიკურ კონდინციებში მოიკოჭლებდა და კონცენტრაციის დაკარგვაც ამან განაპირობა. ახლა უნდა ვნახოთ, რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ. ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან დათუნაშვილი არგენტინაში ჩვენზე ადრე მიემგზავრებიან და სწორედ ტრავმებთან დაკავშირებული სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გადავწყვეტთ, კიდევ რომელი მორაგბეები გაყვებიან მათ სამხრეთ ამერიკაში ამ ტურნირის დასრულებამდე”.
ირაკლი მაჩხანელი (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): “როდესაც პირველი თამაშის ჩანაწერს ვუყურეთ, ვნახეთ, რომ იქ არ უნდა დავმარცხებულიყავით. ჩვენ რამდენჯერმე გავჭერით ხაზი და შევქმენით სალელოვე სიტუაცია, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ირლანდიელებს ლელოს გატანის ასეთი შანსები არ ქონიათ. ამას ფსიქოლოგიურად ვერ შევეგუებოდით და ურუგვაისთან მატჩში განსაკუთრებით მოტივირებულები გამოვედით. ადვილი თამაში არ გვქონია , მაგრამ შერკინებამ და უკანა ხაზმა დაბალანსირებული რაგბი აჩვენა და სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. მატჩის მსვლელობისას ორჯერ შევცვალეთ ტაქტიკა და ეს ორივეჯერ კარგად მოვახერხეთ”.
თბილისის თასი. 2013 წელი. “ავჭალა”
11 ივნისი. სამშაბათი. II რაუნდი
მზარდი ირლანდია - სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო XV 8:19 (3:10)
საქართველო - ურუგვაი 27:3 (17:0)
საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. თედო ზიბზიბაძე (22. დავით კაჭარავა 60), 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე (21. ლაშა მალაღურაძე 77), 9. გიორგი ბეგაძე (20. ვაჟა ხუციშვილი 41); 1. ირაკლი მირცხულავა (17. ლევან ჩილაჩავა 48), 2. რევაზ ბელქანია (16. სიმონ მაისურაძე 54), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. გიორგი ჩხაიძე (19. გივი ბერიშვილი 71), 6. შალვა სუთიაშვილი (18. გიორგი ნემსაძე 30), 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
3 ლელო: თოდუა, ზიბზიბაძე, ნემსაძე
3 გარდასახვა: წიკლაური
2 ჯარიმა: წიკლაური
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
ურუგვაი: 15. ხერენიმო ეჩევერი, 14. მასიმილიანო გონსალესი (22. გასტონ ხიბერნაუ 50), 13. ხოაკინ პრადა, 12. ალვერტო რომანი, 11. ლეანდრო ლეივასი, 10. ალეხო დურანი (21. აგუსტინ დელ’კასტიჯო 41; 20. ხუან ტასისტრო 54), 9. ხერმან ალბანელი; 1. ალეხო კორალი (17. ფრანსისკო ხიმენესი 52), 2. ნიკოლას კლაპენხავი (კაპ.) (16. არტურო ავალო 52), 3. მარიო საგარიო (18. როდოლფო დე’მულა 70), 4. როდრიგო ესპიგა, 5. ფრანკო ლამანა, 6. სებასტიან საგარიო (19. ხუან დე’ფრეიტასი 41), 7. ფერნანდო ბასკუ, 8. ხუან გამინარა.
1 ჯარიმა: ალბანელი
მწვრთნელი: პავლო ლემოინე
რეფერი: ვლად იორდანესკუ (რუმინეთი)
კიდეებზე: უჩა ნარიმანიძე, გია ამირხანაშვილი
- სამხ. აფრიკა 2 2 0 0 56-17 9
- საქართველო 2 1 0 1 42-23 5
- ირლანდია 2 1 0 1 28-34 4
- ურუგვაი 2 0 0 2 12-64 0
16 ივნისი. კვირა. III რაუნდი
საქართველო - სამხ. აფრ. საპრეზიდენტო XV (14:00)
ურუგვაი - მზარდი ირლანდია (16:00)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია