რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) გადაწყვეტილებით, 7-კაცა რაგბის მსოფლიო თასის მომავალი გათამაშება 2018 წელს გაიმართება.
მსოფლიო თასი 1993 წლიდან მოყოლებული ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, მაგრამ ახლა შუალედი 5 წელი იქნება. ასეთ გადაწყვეტილებამდე IRB იმის გამო მივიდა, რომ 7-კაცა რაგბი ზაფხულის ოლიმპიადის ერთ-ერთი სახეობა გახდა და ის დასწრების თვალსაზრისით მეორე ადგილზე მყოფ მსოფლიო ღონისძიებაზე პირველად 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში გამოჩნდება.
სამომავლოდ ტურნირი კვლავ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება და ამრიგად, 7-კაცა რაგბის გულშემატკივრებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ექნება დიდი ტურნირის ყურების შესაძლებლობა - ოლიმპიადის და მსოფლიო თასის.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები 2001 წლიდან მსოფლიო თასის უცვლელი მონაწილეა და წლეულს, 28-30 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას 7-კაცა რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაში.
2018 წლის მსოფლიო თასს მასპინძლობის მსურველი უკვე გამოუჩნდა - ამერიკის შეერთებული შტატები.
“ჩვენი დელეგაცია მოსკოვს ეწვევა, რათა ადგილზე ნახოს, თუ რა არის საჭირო 7-კაცა რაგბში მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის. ამერიკაში მსოფლიო თასის გამართვა ჩვენს ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მოუთმენლად ველით სატენდერო ვადის ამოწურვას და ვიმედოვნებთ, რომ 2018 წელს მასპინძლობის უფლება ჩვენ გვერგება”, - განაცხადა აშშ-ის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა უილ ჩანგმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია