საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სახელით მოთამაშე მორაგბეთა 7-კაცა გუნდმა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მორაგბეებითაა გაძლიერებული, ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის პირველ დღეს ოთხი მატჩი გამართა და ოთხი გამარჯვება მოიპოვა.
პირველ მატჩში ქართველი მორაგბეები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ და 34:7 დაამარცხეს. მეორე მატჩში სეუ კვლავ პორტუგალიის, ოღონდ ამჯერად კოიმბრას უნივერსიტეტის გუნდს ეთამაშა. მეტოქე გაუძალიანდა, მაგრამ ზაზა ლეჟავას შეგირდებმა მეტოქეს ერთის საპასუხოდ სამი ლელო გაუტანეს და 17:5 იმარჯვეს.
მესამე თამაში ყველაზე დაძაბული გამოდგა. მოსკოვის საავიაციო უნივერსიტეტის გუნდმა ქართველებს სამი ლელო გაუტანა, მაგრამ გარდასახვები ვერ გამოიყენა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. სეუ-მ სამ ლელოს ორი ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და 19:15 იმარჯვა. დღის დასკვნით მატჩში ქართველი მორაგბეები მასპინძელი ბულგარეთის, კერძოდ შუმენის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 29:5 დაამარცხეს.
საქართველოს საუნივერსიტეტო გუნდი წელს პირველად მონაწილეობს ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში. დებულების თანახმად, გუნდებს სხვა უნივერსიტეტების მოთამაშეებით გაძლიერება შეუძლიათ და შეიძლება ითქვას, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საქართველოს უნივერსიტეტების ნაკრები გაემგზავრა. ივლისში ამ გუნდს მსოფლიო უნივერსიადა ელის ყაზანში და ბულგარეთის ტურნირი უკეთ მოსამზადებლადაც გამოადგება, თუმცა, ასეთი სტარტიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ზაზა ლეჟავამ ბიჭებს მიზნად ტურნირის მოგება დაუსახა.
ბულგარეთში სეუ ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ბაჩანა კოლელიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, საბა ნიკოლავა, გოდერძი ჯოგლიძე, ჯიმი ღამბაშიძე, ბახვა კობახიძე, ლუკა კვარაცხელია, ალექსანდრე ხუციშვილი, გიორგი ბებიაშვილი, საბა შუბითიძე, ივანე დავითაშვილი, გიორგი ჭყოიძე (კაპიტანი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია