ამბები

10:40 | 16.06.2013 | ნანახია 1632 - ჯერ

სეუ ბეჭდაუდებელია

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მორაგბეთა 7-კაცა გუნდმა, ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვიდიდან შვიდი თამაში მოიგო და პლეი ოფებს ფავორიტის რანგში ხვდება.

საქართველოს საუნივერსიტეტო გუნდი წელს პირველად მონაწილეობს ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში. დებულების თანახმად, გუნდებს სხვა უნივერსიტეტების მოთამაშეებით გაძლიერება შეუძლიათ და შეიძლება ითქვას, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საქართველოს უნივერსიტეტების ნაკრები გაემგზავრა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა ევროპირველობის მოგებასთან ერთად, ივლისში ყაზანში გასამართ მსოფლიო უნივერსიადისთვისაც არჩევს შესაფერის კანდიდატურებს.

ბიჭებმა პირველ დღეს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გუნდი 34:7 დაამარცხეს, მერე ასევე პორტუგალიის, ოღონდ ამჯერად კოიმბრას უნივერსიტეტის გუნდს 17:5 სძლიეს, მესამე მატჩში მოსკოვის საავიაციო უნივერსიტეტის გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში 19:15 იმარჯვა, ხოლო დღის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელი ბულგარეთის, კერძოდ სპორტის აკადემიის გუნდს 29:5 აჯობეს.

მეორე დღის პირველ მატჩში სეუ-მ ბულგარეთის კიდევ ერთი გუნდი, შუმენის უნივერსიტეტი გაანადგურა 40:0. მომდევნო შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ პო-ს გუნდთან გაიმართა. ბიჭებმა ძლიერ მეტოქესთან განსაკუთრებით მოინდომეს, ორი ლელო გაიტანეს და 12:0 იმარჯვეს, დასკვნით თამაშში კი, უნგრეთის გუნდს ლექცია წაუკითხეს - 47:0. ამრიგად, ეს ქართველმა მორაგბეებმა ისე დაასრულეს, რომ სამ თამაშში ერთი ლელოც არ გაუშვიათ.

მთლიანობაში, 7 თამაშში სეუ-მ ყველაზე მეტი - 198 ქულა აიღო და ყველაზე ნაკლები, მხოლოდ 32 მიიღო. ქართველი მორაგბეები ლიდერობენ გატანილი ლელოებითაც - 32 და გაშვებული აქვთ ყველაზე ცოტა, მხოლოდ 6.  

ბულგარეთში სეუ ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ბაჩანა კოლელიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, საბა ნიკოლავა, გოდერძი ჯოგლიძე, ჯიმი ღამბაშიძე, ბახვა კობახიძე, ლუკა კვარაცხელია, ალექსანდრე ხუციშვილი, გიორგი ბებიაშვილი, საბა შუბითიძე, ივანე დავითაშვილი, გიორგი ჭყოიძე (კაპიტანი).

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080209