ამბები

22:28 | 16.06.2013 | ნანახია 3361 - ჯერ

სეუ 7-კაცაში ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მორაგბეთა 7-კაცა გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ზაზა ლეჟავას შეგირდებმა ტურნირი დაუმარცხებლად განვლეს და გამარჯვებულებიც დამსახურებულად გახდნენ.

საქართველოს საუნივერსიტეტო გუნდი წელს პირველად მონაწილეობს ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში. დებულების თანახმად, გუნდებს სხვა უნივერსიტეტების მოთამაშეებით გაძლიერება შეუძლიათ და შეიძლება ითქვას, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საქართველოს უნივერსიტეტების ნაკრები გაემგზავრა.

ბიჭებმა პირველ დღეს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გუნდი 34:7 დაამარცხეს, მერე ასევე პორტუგალიის, ოღონდ ამჯერად კოიმბრას უნივერსიტეტის გუნდს 17:5 სძლიეს, მესამე მატჩში მოსკოვის საავიაციო უნივერსიტეტის გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში 19:15 იმარჯვეს, ხოლო დღის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელი ბულგარეთის, კერძოდ სპორტის აკადემიის გუნდს 29:5 აჯობეს.

მეორე დღის პირველ მატჩში სეუ-მ ბულგარეთის კიდევ ერთი გუნდი, შუმენის უნივერსიტეტი გაანადგურა 40:0. მომდევნო შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ პო-ს გუნდთან გაიმართა. ქართველებმა ძლიერ მეტოქესთან განსაკუთრებით მოინდომეს, ორი ლელო გაიტანეს და 12:0 იმარჯვეს, დასკვნით თამაშში კი, უნგრეთის გუნდს ლექცია წაუკითხეს - 47:0.

დასკვნით, გადამწყვეტ დღეს პლეი-ოფების ჯერი დადგა და მეოთხედფინალში ქართველმა სტუდენტებმა როტერდანიუს გუნდი უშანსოდ დატოვეს - 40:0. ნახევარფინალში სეუ-ს მოსკოვის უნივერსიტეტმა წინააღმდეგობაც ვეღარ გაუწია და ლეჟავას შეგირდებმა 33:0 იმარჯვეს, ხოლო ფინალში, საფრანგეთის ქალაქ პოსთან გამართულ მატჩში, მათ კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინეს, თითქმის წაგებული თამაში მოატრიალეს და 28:17 იმარჯვეს, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს და სასწავლებელი ასახელეს.

ბულგარეთში სეუ ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ბაჩანა კოლელიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, საბა ნიკოლავა, გოდერძი ჯოგლიძე, ჯიმი ღამბაშიძე, ბახვა კობახიძე, ლუკა კვარაცხელია, ალექსანდრე ხუციშვილი, გიორგი ბებიაშვილი, საბა შუბითიძე, ივანე დავითაშვილი, გიორგი ჭყოიძე (კაპიტანი).

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080647